Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში

გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოქალაქეთა დაცვა უხარისხო, ჯანმრთელობისა და, ზოგიერთ შემთხვევაში _ სიცოცხლისათვის საშიში სასურსათო პროდუქტებისაგან. არასაიმედო, ფალსიფიცირებული, გენეტიკურად მოდიფიცირებული და სხვა საკვები პროდუქტის მზარდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სურსათის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012 წელს ჩატარდა კვლევა “სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში“, რომელიც 2007-2012 წლების მონაცემებს ეყრდნობა. კვლევის მიზანი იყო სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი არსის წარმოჩენა, მისი როლის განმარტება ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში. Kკვლევისას ასევე შეფასდა და გაანალიზდა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და სიღარიბის ინდიკატორები, სურსათით უზრუნველყოფისა და უვნებლობის სფეროში არსებული ხარვეზები.

როგორც კვლევის ავტორები, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მარინა ჩავლეიშვილი, გულნაზ ერქომაიშვილი და რუსუდან სეთურიძე აღნიშნავენ: "საქართველოში დაბალია მოსახლეობის ადგილობრივი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი. მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოხატავს სურსათზე არასტაბილური, მაღალი ფასისა და პროდუქტთა უვნებლობის გამო. პრობლემის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სოფლის მეურნეობამ. არადა, ამ დარგის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9,3%-ია".

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქვეყანაში სურსათის დეფიციტის შევსება ძირითადად იმპორტირებული პროდუქტების ხარჯზე ხდება. 2012 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა იმპორტმა 7842,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის სურსათის იმპორტი 1050,0 მილიონ აშშ დოლარია, ე.ი. სურსათის წილი მთლიან იმპორტში დაახლოებით 13,4%-ია. ანალოგიური მაჩვენებლები 2007 წელს შემდეგია: მთლიანი იმპორტი 5212,2 მილიონი აშშ დოლარი, მათ შორის სურსათის იმპორტია 13,65%. 2012 წელს 2007 წელთან შედარებით იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 33,5%-ით, თუმცა მასში სურსათის წილობრივი ზრდა უმნიშვნელოა (0,2%).

ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების მიღწეული მასშტაბებით, სასურსათო ბაზარი ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული პურითა და პურ-პროდუქტებით, ღვინით, ლუდით, ბოსტნეულით, კარტოფილით, ხილით. სამამულო ნაწარმის სასურსათო ბაზრებზე რეალიზებული მაჩვენებელი ასეთია: ხილის - დაახლოებით 45-48%, ყურძნის - 40-45%, ბოსტნეულის - 75-80%, საქონლის ხორცის - 25-27%, რძისა და რძის პროდუქტების - 38-42%.

ავტორებმა გააანალიზეს საქართველოს აგრარულ სფეროში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაში მეცხოველეობისა და მემცენარეობის წარმოების ხვედრითი წონა გათანაბარდა და 48-48%-ია. მემცენარეობის პროდუქციის 95% საოჯახო მეურნეობებში იწარმოება. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, წარმოების მაჩვენებლები გაუარესებულია.

კვლევის ავტორების განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადება, საჭიროა მოხდეს სასურსათო უსაფრთხოების, ფიტოსანიტარულ და სანიტარულ სფეროებში მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. მათ შორის, აუცილებელია ფიტოსანიტარულ და სანიტარულ სისტემებთან და ამ სფეროში პოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა.

`საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციონალური სტრუქტურის სრულყოფა,“ - ამბობენ მეცნიერები.

სურსათის სფეროში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითადი აქტი, რომელიც უზრუნველყოფს სასურსათო პროდუქტების მაქსიმალურ უვნებლობას, არის 2002 წელს მიღებული EC 178/2002 რეგულაცია: “სურსათის შესახებ კანონის ზოგადი საფუძვლები და მოთხოვნები“. ამ რეგულეციის 49-ე მუხლის შესაბამისად, ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, რომელიც აღიარებს ევროპულ კანონმდებლობას და თანამშრომლობის ხელშეკრულებაში მონაწილეობას, უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში.

ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, 2005 წელს საქართველოს მთავრობამ სურსათის უვნებლობის სფეროში აღებული ვალდებულების განხორციელების მიზნით, მიიღო კანონი “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ~, რაშიც განისაზღვრა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც შესაბამისობაში არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

მეცნიერთა განმარტებით, ამ ნორმის მიხედვით, უნდა გაზრდილიყო სურსათის ბიზნესში ჩართული პირების, სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოების - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის პასუხისმგებლობები. თუმცა, 2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობისა და 2007 წლის 29 ივნისს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ზოგიერთი მუხლების (მაგალითად, მე-14 მუხლი: სურსათის მწარმოებელ საწარმოთა რეგისტრირება; 22-ე და 23-ე მუხლების: სასურსათო ბიზნესის მონაწილეთა სახელმწიფო ინსპექტირება) მოქმედება 2010 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა. სახელმწიფომ მხოლოდ მონიტორინგის ფუნქცია დაიტოვა.

2010 წლიდან მართლაც დაიწყო შეჩერებული მუხლების ამოქმედება. პირველ ეტაპზე, 2010 წლის ივლისიდან, ინსპექტირების განხორციელება სავალდებულო გახდა ევროკავშირში ექსპორტიორი ბიზნეს ოპერატორებისათვის, ხოლო მეორე ეტაპზე - 2011 წლიდან, ინსპექტირებასა და მოკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები სავალდებულო გახდა ყველა ბიზნეს ოპერატორისათვის. 2010 წლის 28 დეკემბრის # 1756 განკარგულებით კი საქართველოს მთავრობამ მიიღო ყოვლისმომცველი სტრატეგია სურსათის უვნებლობის სფეროში.

`მართალია, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების რეგულირებას გააჩნია ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, მაგრამ 2007 წელს კანონში შეტანილმა ცვლილებებმა იგი დააშორა ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მისი სრულყოფა და სახელმწიფოს მხრიდან რეალურად ქმედითუნარიანობისა და მონიტორინგის ამაღლება~, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

მათივე თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადება ითვალისწინებს გაუმჯობესდეს სასურსათო უსაფრთხოების და ფიტოსანიტარულ და სანიტარულ სფეროში პოლიტიკისა და კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. ამ მიზნით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან ტექნიკური პოტენციალის გაზრდაზე მიმართულ დახმარებას უწევდა და დღესაც უწევს სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით.

კერძოდ, 2012 წლის განმავლობაში, ქვეყანის სურსათის ეროვნული სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდებოდა `ყოვლისმომცველი ინსტიტუციური მშენებლობის პროგრამა” (ევროკავშირის დაფინანსება €2.7 მლნ). ამჟამადაც გრძელდება “დაძმობილების” (TWINING) პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 მლნ ევროა და იგი დახმარებას უწევს შემოსავლების სამსახურს საზღვრებზე სასურსათო უსაფრთხოების დაცვაში. სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის საშუალებით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ცხოველთა დაავადების “თურქულის” კონტროლში. ასევე ქვეყნებში ხორციელდება „ტაიექსის“ და ტექნიკური დახმარების სხვადასხვა პროექტები, რომლებიც საქართველოს ეხმარება სასურსათო უსაფრთხოების მექანიზმის გაუმჯობესებაში.

ევროკავშირის მიერ 1,8 მილიონი ევროთი დაფინანსებულმა პროექტმა უნიკალური შესაძლებლობა მისცა საქართველოს შემოსავლების სამსახურს და დანიის, იტალიისა და ესტონეთის საბაჟო და ვეტერინარული კონტროლის ადმინისტრაციებს ერთად ემუშავათ საქართველოში სასაზღვრო კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად. პროექტი ორიენტირებული იყო საზღვრებზე სურსათის უვნებლობისა, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლზე. ეს პროექტი გააძლიერებს იმპორტირებული სურსათის უვნებლობის კონტროლს საქართველოში. მეცნიერების აზრით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო 2013 წლის აპრილში წარმოდგენილი “საბაჟო და სანიტარიული-ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის სისტემის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგებიც.

მიუხედავად ამისა, კვლევის ავტორთა აზრით, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათით უზრუნველყოფის მიმართულებით კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაა. სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში” კვლევამ მეცნიერებს მისცა შემდეგი დასკვნის საფუძველი: ბაზარზე დეფიციტურია სამამულო სასურსათო პროდუქტები; არასრულყოფილად არის გამოყენებული ადგილობრივი საწარმოო რესურსები, რაც განაპირობებს აგროსასურსათო წარმოების დაბალ დონეს; დაბალია წარმოების ტექნოლოგიის, კვალიფიცირებული კადრებისა და თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების დონე; სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების რეგულირებას არ გააჩნია სრულყოფილი ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა; დაბალია სასურსათო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობა; ქვეყანაში მაღალია სიღარიბის დონე; მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში განსაკუთრებით მაღალია სურსათზე გაწეული დანახარჯები; ნელი ტემპით მიმდინარეობს მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობის ფორმირება და ხელშეწყობა; არასრულყოფილია სურსათის უვნებლობის სისტემა.

დასკვნის საფუძველზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა მარინა ჩავლეიშვილმა, გულნაზ ერქომაიშვილმა და რუსუდან სეთურიძემ შემდეგი რეკომენდაციები მისცეს ქვეყნის ხელისუფლებას და ყველა დაინტერესებულ პირს:

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა ეფუძნებოდეს აგრარული სფეროს განვითარებას. კერძოდ:

  • აგრარული სფერო უნდა გახდეს პრიორიტეტული და უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა;
  • კონკურენტუნარიანობის გაზრდა უნდა მოხდეს არა იმპორტზე ბარიერების დაწესებით, არამედ ადგილობრივი წარმოების პროდუქტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებით;
  • უნდა შემუშავდეს ეროვნული სტრატეგია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ;
  • საქართველოს სასურსათო წარმოება და, შესაბამისად, სასურსათო უსაფრთხოება ევროკავშირის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს;

სამომავლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა გახდეს ბიოწარმოება, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.