ალექსანდრე ცაგარელი
        
  ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი და ისტორიკოსი ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო გიმნაზიაში. კლასიკური გიმნაზიის დამთავრებისთანავე ალექსანდრე ცაგარელი, დავით სარაჯიშვილთან ერთად, პეტერბურგში გაემგზავრა უმაღლესი განათლების მისაღებად. აქ ის ჩაირიცხა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში, მაგრამ მალე უნივერსიტეტში ისტორია – ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა სასწავლებლად.
  1867 წელს ალექსანდრე, კვლავ დავით სარაჯიშვილთან ერთად, გერმანიაში გაემგზავრა და მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტი გახდა.
   1868 წლის შემოდგომიდან ალექსანდრე ცაგარელი უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია. 1869 წელს კი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. აქვე შეადგინა სომხურ-ინგლისური, ინგლისურ-არაბული, თურქულ-რუსული მოკლე ლექსიკონები, შეაგროვა ცნობები ძველი ინდოეთისა და სპარსეთის შესახებ, გაარჩია ვახტანგ მეექვსის, ბექასა და აღბუღას სამართლის ზოგიერთი მუხლი. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდგომ, ალექსანდრე ცაგარელი დაბრუნდა პეტერბურგში და უნივერსიტეტში, ქართულ - სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მალე მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა", რომლის შემდგომ ალექსანდრე ცაგარელი დაამტკიცეს ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად და     ლექციების წაკითხვის უფლება მისცეს.
   ალექსანდრე ცაგარელმა მთელი თავისი ენერგია პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული სიტყვიერების კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია. ის იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც   სპეციალურად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს, მოინახულა ბევრი სავანე ( ათონი, ჯვარი, საბაწმინდა), სარდაფებსა თუ სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ. სამჯერ იმოგზაურა იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში მიაგნო XII საუკუნის ქართულ ხელნაწერ    ძეგლს.
   ალექსანდრე ცაგარელს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე. მან თავისი მოღვაწეობით დამსახურებული ავტორიტეტი მოუპოვა ქართველოლოგიას რუსეთსა და ევროპაში. საგანგებოდ შეისწავლა ევროპის წიგნთსაცავები და აღმოსავლეთის ქვეყნების ქართული კულტურის კერები, რათა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გაეხადა ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურული წარსული. ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად მისი მოხსენებები საერთაშორისო კონგრესებსა და ყრილობებზე. ქართველი ერის წინაშე ალექსანდრე ცაგარლის დამსახურებას ასე აფასებს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი: ,,პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი უნდა დარჩეს ჩვენს ხსოვნაში, როგორც ერთი საუკეთესო, უანგარო მამულიშვილი, რომელიც მთელი თავის ხანგრძლივ სიცოცხლეში მოქმედებდა მხოლოდ თავის სამშობლოს კეთილდღეობისათვის და რომელმაც მოგვცა მეცნიერების დარგში, საქართველოს შესწავლაში თვალსაჩინო შრომანი.. მადლობით მოვიხსენიოთ მისი ღვაწლი, საუკუნოდ ვყოთ ხსენება მისი’’.
   1920 წლის მაისიდან ალექსანდრე ცაგარელი დაბრუნდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად და ქართველ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
   ქართული მეცნიერებისა და უნივერსიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო პროფესორთა საბჭომ დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭა.