პეტრე მელიქიშვილი

   ცნობილი ქართველი ქიმიკოსი და საზოგადო მოღვაწე პეტრე მელიქიშვილი (1850-1927) დაიბადა 1850 წლის 29 ივნისს. 1868 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1872 წლიდან სწავლობდა ოდესაში ნოვოროსიის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ნოვოროსიის უნივერსიტეტში, 1885 წელს დოქტორი.
   პეტრე მელიქიშვილი იკვლევდა ორგანული მჟავების სინთეზსა და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს. მისმა შრომამ აკრილმჟავაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. 1881 წელს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1884 წელს იგი აირჩიეს აგრონომიული კათედრის დოცენტად. ერთი წლის შემდეგ კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და თეორიული ქიმიის კათედრის პროფესორად დაამტკიცეს. 1893 წლიდან ძირითადად მუშაობდა არაორგანულ ქიმიაში, ზეჟანგურ ნაერთებზე. 1899 წელს მიენიჭა ლომონოსოვის სახელობის პრემია. პეტრე მელიქიშვილმა ვასილ პეტრიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქიმიურ სკოლას. მან შეისწავლა ორგანულ მჟავათა ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი წარმოებულების სინთეზის საკითხები, ფიზიკურ–ქიმიური თვისებები. ამ საკითხებზე დაწერილმა მისმა შრომებმა დიდად შეუწყო ხელი ნივთიერებათა აღნაგობის თეორიის განვითარებას, მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთა კლასი, რომლებსაც გლიციდ მჟავები უწოდა. მისი გამოკვლევების მეორე დიდი ციკლი არაორგანული ქიმიის საკითხებს მოიცავს. ამ შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგიერთი ელემენტის ზემჟავების სინთეზი, რომლებიც პეტრემ შექმნა თავის მოწაფე პისაჟევსკისთან ერთად. მან პირველმა მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბონატი. 1899 წელს ცალკე მონოგრაფიად რუსულად გამოიცა მისი გამოკვლევები, რომელიც ეხებოდა ზემჟავებს და ზეჟანგებს.
   1918 წელს პეტრე მელიქიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ივანე ჯავახიშვილის მოწვევას, საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის უნივერსიტეტის გახსნის საორგანიზაციო საკითხებშიც მიიღო მონაწილეობა. 1918 წლის 13 იანვარს ქართული გიმნაზიის შენობაში (ახლანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი) შედგა მომავალი უნივერსიტეტის პროფესორთა კოლეგიის პირველი ოფიციალური სხდომა, სადაც უნივერსიტეტის რექტორის საპატიო პოსტზე მისი კანდიდატურა ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა წამოაყენა და თავისი წინადადება შემდეგი სიტყვებით დაასაბუთა: „ვისაც სურს გამარჯვება საქართველოს უნივერსიტეტისა, ვისაც სურს, რომ დაინტერესდეს ფართო საზოგადოება არამარტო ჩვენში, არამედ რუსეთში, ვისაც სურს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სახელი შარავანდედით იყოს მოსილი, ის აუცილებლად უნდა მიემხროს ისეთი კაცის რექტორობას, როგორიც არის პეტრე მელიქიშვილი“.
   პეტრე მელიქიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი და მისი პირველი რექტორი 1918–1919 წლებში. დიდია და მრავალმხრივი პეტრე მელიქიშვილის მოღვაწეობა უნივერსიტეტში. გარდა რექტორის მოვალეობის შესრულებისა, იგი კითხულობდა ლექციებს, აწყობდა ლაბორატორიებს ახლად დაარსებულ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. დიდი ამაგი დასდო ქართული ტერმინოლოგიის საქმეს, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა სამ ქიმიურ ლაბორატორიას, შეიქმნა არაორგანული, ორგანული და აგროქიმიის კათედრები. ვასილ პეტრიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქიმიურ სკოლას. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო საზოგადოებების დაარსებაში, გამოდიოდა მოხსენებებით სხვადასხვა ყრილობებსა და კონფერენციებზე.