გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე (1887-1987) 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1909 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1911 წელს, ივანე ჯავახიშვილის მიერ, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაარსებული ,,ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის’’ გამგეობის თავმჯდომარე გახდა. სამეცნიერო წრის მთავარი მიზანი იყო ქართული ბიბლიოგრაფიის შედგენა და სამეცნიერო კვლევა-ძიება. სხდომები მიმდინარეობდა ქართულად. 1915 წელს სამეცნიერო წრემ ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით თბილისში გამოსცა სამეცნიერო კრებული, სადაც დაიბეჭდა აკაკი შანიძის გამოკვლევაც - ,,ქართული კილოები მთაში.’’
     1922 წელს აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძესთან ერთად, მიავლინეს მოსკოვსა და პეტროგრადში ქართული ხელნაწერების და სიძველეების დასაბრუნებლად. 1923 წელს დაარსდა ,,ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება’’, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს გიორგი ახვლედიანი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ - აკაკი შანიძე. საზოგადოებამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს საენათმეცნიერო აზროვნების განვითარების საქმეში.
    აკაკი შანიძე 1933-1936 წლებში განაგებდა ქართული ენის სექტორს უნივერსიტეტთან არსებულ რუსთველის ინსტიტუტში, 1936-1941 წლებში მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნიკო მარის სახელობის ენის, ისტორიისა და ენების სექტორის გამგედ. უნივერსიტეტის გარდა, 1935-1936 წლებში ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და 1933-1935 წლებში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე თბილისში.
    1937 წელს აკაკი შანიძე აირჩიეს პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტად, 1938 წელს - ისტორიისა და ლიტერატურის ინსტიტუტის საბჭოს წევრად ერევანში. 1941 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1946 წლიდან ამავე აკადემიაში განაგებდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა გაყოფილებას ხოლო 1948-1950 წლებში იყო აკადემიის ვიცე პრეზიდენტი. 1943 წელს მიანიჭეს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
       აკაკი შანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც - ივანე ჯავახიშვილის მეწინავეობით უდიდესი ამაგი დასდო საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის დაარსებასა და ორგანიზაციას, მის მერმინდელ განვითარება-წინსვლას. იგი შედიოდა პირველ პროფესორთა კოლეგიაში. 1919-1922 წლებში გიორგი ახვლედიანის შემდეგ, იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გამგე. 1918-1920 წლებში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის, ხოლო 1919-1921 წლებში პროფესორთა საბჭოს მდივანი. 1919 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართული ენის კათედრას. უნივერსიტეტის გახნის დღიდან ლექციებს კითხულობდა არაბულ და სომხურ ენებში, 1919 წლიდან - ქართულ ენაში. აკაკი შანიძე სხვადასხვა დროს კითხულობდა შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: ქართულ დიალექტოლოგიას, ქართველურ ენათა შედარებით გრამატიკას, რუსთველის ენას, სვანურს და ა.შ.
       აკაკი შანიძემ ერთ-ერთმა პირველმა წამოიწყო და მეცნიერულ სიმაღლეზე აიყვანა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური გამოცემები. დაარსა სხვადასხვა გამოცემათა სერიები, გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ლექსიკონებითა და განმარტებებით მდიდარი ძველი ქართული ტექსტები. განსაკუთრებული როლი შეასრულა ძველი ქართული ენის უძველესი წერილობითი წყაროების ე. წ. ხანმეტი და ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენისა და გამოქვეყნების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით გამოცემულია ქართული ბიბლიური ტექსტები, ქართული სახარების რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა.
      აკაკი შანიძე მუშაობდა ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაზე. დიდია მისი წვლილი შოთა რუსთაველის ენის თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევაში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ნაშრომებს დიალექტოლოგიაში, ქართულ ფოლკლორისტიკაში, რაც, ფაქტობრივად, მისი დაფუძნებულია.    დიდი ხნის მანძილზე აკაკი შანიძე იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიისა.