Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგია საქართველოში

ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შეფასება, კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზაზე არსებული წინაღობების იდენტიფიცირება ეკონომიკის მკვლევართა ერთ-ერთი მნიშნელოვანი მიზანია. რადგან ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსი განსაზღვრავს მისადმი ინვესტორების დამოკიდებულებას და, ზოგადად რეალურ ეკონომიკურ პერსპექტივას. სწორედ ამიტომ საქართველოში ეროვნული კონკურენტუნარიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკისათვის საჭირო ინსტრუმენტებისა და საშუალებების საკითხის კვლევა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გულნაზ ერქომაიშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის კათედრაზე 2009 წლიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს.

 „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) 2015 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო კონკურენტუნარიანობის რეიტინგით 140 ქვეყნიდან 66-ე ადგილზეა (2014 წ. – 69-ე ადგილი, 2012-2013 – 77-ე ადგილი, 2011-2012წწ – 88-ე ადგილი, 2009-2010წწ – 90-ე ადგილი). უკვე მეხუთე წელია საქართველოს დადებითი ტენდენცია აქვს აღნიშნულ ინდექსში. იგი წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო (70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე ადგილი).

მსგავსი რეიტინგები ინვესტორების განწყობაზე ახდენენ გავლენას. ინვესტორის ქვეყნისადმი დადებითი განწყობა ხელს უწყობს საინვესტიციო ნაკადების ზრდას, რაც ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს საკითხი მწვავედ დგას საქართველოში. უმუშევრობა და სიღარიბე ქვეყანაში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემებია“. – აცხადებს კვლევის ავტორი.

გულნაზ ერქომაიშვილის კვლევის მიზანია: საქართველოს კონკურენტული უპირატესობების წარმოდგენა, კონკურენტუნარიანობის როლის შეფასება ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაში, ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და განვითარების პერსპექტივების დასახვა.

„კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფორმირებისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს აქტიური სამეწარმეო, საწარმოო სტრუქტურების დინამიურად გარდაქმნაზე ორიენტირებული პოლიტიკა, განსაკუთრებით ექსპორტზე ორიენტირებული სექტორების განვითარების მიმართულებით (საინვესტიციო და საექსპორტო სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები, რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში დახმარებები და ა.შ.). ექსპორტზე ორიენტირებული სტრატეგია გახდა მრავალი, მათ შორის ისეთ ქვეყნების ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, როგორიცაა: სინგაპური, ჰონკონგი, სამხრეთ კორეა, ტაივანი.

ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან ეტაპს სავაჭრო საქმიანობის სფეროში ინტეგრაცია წარმოადგენს. ეკონომიკური გლობალიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო რესურსების ეფექტიან განაწილებას და გამოყენებას, ქვეყნების ოპტიმალურ სპეციალიზაციას და საბოლოოდ, მსოფლიო ეკონომიკის წარმოების მოცულობის ზრდას. საქართველოში ექსპორტის ბოლო პერიოდის სტრუქტურა გარკვეულწილად ასახავს ქვეყანაში ფარდობითი უპირატესობის მქონე სფეროებს. 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში ასეთი იყო: სპილენძის მადნები – 11%, ფეროშენადნობები – 9%, მსუბუქი ავტომობილები – 9%, რომელიც მკვეთრად შემცირდა 2012 წელთან შედარებით (24,7%), თხილი 8%, სამკურნალო საშუალებები – 6%, დანარჩენი -57%.

უცხოელი ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების აზრით, საქართველო სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საექსპორტო პროდუქციის წარმოების მხრივ უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“. – აღნიშნავს გულნაზ ერქომაიშვილი.

მეცნიერის განმარტებით, საქართველოს წლებია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, იმპორტი ექსპორტს 3,4-ჯერ ჭარბობდა, თუმცა 2007 წელთან შედარებით ეს უკეთესი მაჩვენებელია (აღნიშნულ წელს და წინა წლებში იმპორტი 4-ჯერ აღემატებოდა ექსპორტს). ექსპორტის წილის გაზრდის გარეშე ქვეყნის სტაბილური განვითარება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება შეუძლებელი იქნება. საქართველოს ექსპორტის წილის გაზრდა ქვეყნაში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

2015 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (12%), ბულგარეთი (10%), თურქეთი (9%), სომხეთი (8%), რუსეთი (7%). იგივე პერიოდში საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი (17%), ჩინეთი (8%), რუსეთი (7%), აზერბაიჯანი (7%), უკრაინა (6%). ( www.geostat.ge.)

მკვლევრის შეფასებით, ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მეტი შანსი ხუთ სექტორს აქვს: სოფლის მეურნეობას და დამამუშავებელ მრეწველობას, ჰიდროენერგეტიკას, ტრანსპორტს, ტურიზმს და ფინანსურ ინსტიტუტებს. შრომის საერთაშორისო დანაწილებაში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა შეუძლია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და კვების მრეწველობის ტრადიციული სექტორების განვითარების ხარჯზე. ქვეყნის ტრადიციული დარგებიდან საერთაშორისო ბაზარზე უფრო მეტად ისეთი პროდუქცია გადის, სადაც ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად უცხოელებიც თანამშრომლობენ.

კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისათვის ასევე საინტერესო ფორმაა ფრანჩაიზინგის სისტემა, რომელის გამოყენება საქართველოს კვების მრეწველობაში განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ჩაის და საკონსერვო მრეწველობაში.

„მტკნარი და მინერალური წყლების წარმოება უპირველეს პოზიციას იკავებს საქართველოს ეკონომიკაში ისეთი უპირატესობების გამო როგორიცაა: ნედლეულის ბუნებრიობა, სიუხვე, სიიაფე, სტაბილურობა, განახლებადობა, არასეზონურობა, მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია დაბანდებული კაპიტალის უკუგების მოკლე პერიოდი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის მქონე ქვეყნების შუაგულში მდებარეობს და წყალზე მოთხოვნილება განუხრელად იზრდება. სასმელი წყლის რესურსებით საქართველო 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიოს, 2,4-ჯერ ევროპის და 1,7-ჯერ აზიის საშუალო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე. ამასთანავე საქართველოს წყლის რესურსების 30% უმაღლესი ხარისხის მიწისქვეშა სასმელ წყალს წარმოადგენს.

რაც შეეხება მინერალურ წყლებს: „ბორჯომი“, „საირმე“, „ლუგელა“. „უწერა“ და სხვა თავიანთი იონური შემადგენლობით მსოფლიოში უნიკალური არიან. საქართველოს ყველაზე დიდი შემოსავალი წყლის ბიზნესით შეუძლია მიიღოს. თუმცა, ამ სფეროში აუცილებელია სარეკლამო საქმიანობის და ელექტრონული ვაჭრობის ფართოდ ორგანიზება“. -აღნიშნავს კვლევის ავტორი.

გარდა ამისა, ეკონომისტ ერქომაიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში მცენარეული წარმოშობის პრეპარატებისადმი, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, იმატა მოთხოვნამ სამკურნალო მცენარეებზე. ნატურალური პრეპარატები სამკურნალო საშუალებებით ვაჭრობის საერთო მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. საქართველოს, რომლის ფლორაც ოდითგანვე მდიდარია სამკურნალო მცენარეებით, შეუძლია ღირსეული ადგილი დაიკავოს მათი წარმოება-რეალიზაციის საერთაშორისო ბაზარზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატების წარმოებას და დაინტერესებული უცხოელი ინვესტორების მოზიდვას. სამკურნალო მცენარეების რესურსების რაციონალური გამოყენება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას, საექსპორტო შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილის შემცირებას.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ საქართველომ უპირატესობა უნდა მოიპოვოს არა მხოლოდ ტრადიციულ დარგებში, არამედ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური და მაღალპროდუქტული წარმოების სფეროებშიც, რადგან მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი კონკურენტუნარიანობის გრძელვადიანი და შეუქცევადი ზრდა, შემოსავლებისა და ხელფასების ამაღლება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების არსებითი გაუმჯობესება. ასეთია მაგალითად, ფარმაცევტული პროდუქციის, სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის, ხელსაწყოებისა და ჩარხების წარმოება. ანუ ყურადღება უნდა გამახვილდეს მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებაზე. ეს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს საექსპორტო პროდუქციის სანაცვლოდ მიიღოს იმპორტული პროდუქციის შედარებით მეტი რეალური მოცულობა.

„მსოფლიო ბაზარზე საქართველოს კონკურენტული სტატუსის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მომსახურების სფეროს ისეთ დარგზე, როგორიცაა ტურიზმი. საკურორტო-ტურისტული ინდუსტრიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ოპტიმალური გზაა. სხვა უპირატესობებთან ერთად მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვე მთავარ ტურისტულ ბაზართან – ევროპასთან.

ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სექტორში არსებული ლიბერალიზაციის შენარჩუნებისა და ინვესტიციების მხარდაჭერაზე. სახელმწიფოს მხრიდან ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა სტიმულს შეუქმნის როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივი ინვესტორებს.

საქართველოში საკურორტო-ტურისტული სფეროს წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა. დღეისათვის მოქმედებს საქართველოს კანონი „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ (1997 წელი, დამატებითი ცვლილებები 1999-2000 წწ.) და საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს სანიტარული მომსახურებისა და შესაბამისი პირობების დაცვას. შექმნილი კანონები ვერ პასუხობენ დღევანდელ მოთხოვნებს. ბოლო ათწლეულის მანძილზე აქტუალური გახდა ტურიზმის ახალი მიმართულებები, ახალი ტექნოლოგიები, ახალი მოთხოვნები, ამიტომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია არსებულ კანონებში ცვლილებების შეტანა, მათი შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან.

ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური გახდა დასვენება ველური ბუნების წიაღში, პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება – „ველნესს ინდუსტრია“. საქართველოში კი ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების მრავალგვარი სახეობა და დიდი ბიომრავალფეროვნებაა. აქ არსებული უნიკალური ბუნება, მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, ზღვა, მთები, მდინარეები, ტყეები, სხვადასხვა სახეობის მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახები, სამკურნალო მცენარეები, ღვინოთერაპიის, მაგნიტური ქვიშების და კიდევ მრავალი სხვა უნიკალური პირობები იმის საფუძველს ქმნის, რომ ეს ტერიტორია, თანამედროვე მსოფლიო მიღწევების გამოყენებით, მსოფლიოს „ველნეს ინდუსტრიის“ ცენტრი გახდეს – აცხადებს მეცნიერი.

„კვლევებმა გვიჩვენა, რომ საქართველოში ინსტიტუციონარული რეფორმები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მკვეთრად გასაუმჯობესებლად არასაკმარისია. მთავარ პრობლემებად პოლიტიკური არასტაბილურობა და კონფლიქტური ზონების არსებობა, კრედიტებზე მაღალი საბანკო განაკვეთები, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ხარვეზები, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა, კვალიფიკაციის შეუსაბამობა და ინფლაცია მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი“ ინსტიტუციების, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, უმაღლესი განათლების, შრომითი ბაზრის ეფექტიანობის და სხვა მიმართულებით საქართველოს პროგრესსაც აღიარებს“. -აღნიშნავს კვლევის ავტორი.

ჩატარებული ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე მეცნიერის მიერ შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად, საჭიროა შეღავათიანი კრედიტების ხელმისაწვდომობა, დაზღვევის სისტემის შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა. ხელი უნდა შეეწყოს სასურსათო ბაზრის შევსებას ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით, რომელიც უნდა დაეფუძნოს არა მხოლოდ ოჯახურ მეურნეობებში წარმოებულ სასურსათო პროდუქტებს, არამედ შედარებით მასშტაბური (მცირე და საშუალო) გადამამუშავებელი საწარმოებისა და ფერმების შექმნას. უნდა გაფართოვდეს დასაქმებულთათვის საკონსულტაციო მომსახურების ცენტრები, განხორციელდეს მათი დატრენინგება; მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიის დამუშავება და ა.შ. კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად რეკომენდირებულია განათლებისა და მეცნიერების, კონსულტირებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება, ინვესტორებისთვის აუცილებელია სტაბილური სამართლებრივი გარემოს არსებობა, რაც შეუქმნის მათი საკუთრების დაცვის მყარ გარანტიებს; საინვესტიციო პროექტების სრულყოფილი ბანკის შექმნა და მსოფლიო მასშტაბით საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ პოტენციური ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ქვეყნის სტაბილური განვითარება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება შეუძლებელი იქნება, თუ ექსპორტის წილი არ გაიზრდება. აღნიშნულ კვლევაზე მასალები გამოქვეყნდა არაერთ გამოცემაში მაგალითად: The strategy for Increasing the Competitiveness of Georgia, International Conference on Economics, Industrial and Business Management. Barselona, Spain, 27-28 October, 2014; The Strategy for Increasing the Competitiveness of Georgia (Dublicat). International Journal of Social, Management, Economics and Business Engineering, 8(10), 2014, International Science Index 94. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. (სამეცნიერო ნაშრომი). თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“, 2013 და ა.შ.