Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ეთნოლოგია-მეცნიერება ხალხთა ურთიერთობების მოგვარებისთვის

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დღეს ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით არის კომპაქტურად დასახლებული. ამ რეგიონთან არის ასევე დაკავშირებული რეპატრირებულ მესხთა პრობლემა, რომელიც საბჭოთა საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიაში შავი ლაქაა და დღემდე საქართველოს სახელმწიფოს საბჭოთა ხელისუფლების მიერ ამ ხალხის წინაშე დანაშაულის გამოსწორების ვალდებულება უდგას. შესაბამისად, 2013 წელს, წიგნის „სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიიდან“ გამოცემა უდავოდ დიდი ინტერესის საგანი გახდა ქართულ სამეცნიერო წრეებში, რადგან იგი მიზნად სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიის შესწავლას ისახავდა.

წიგნის ავტორია თსუ პროფესორი, ეთნოლოგი როლანდ თოფჩიშვილი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობის მიგრაციული პროცესები, ისტორიული დემოგრაფია, სხვადასხვა ეთნიკურ ერთეულთა საქართველოში დასახლება და ქართველებთან მათი ურთიერთობის გამოცდილება წარმოადგენს. მეცნიერი აქტიურად მუშაობს ასევე ქართულ-ოსური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკითხზეც. საინტერესოა მისი კვლევები ქართული გვარ-სახელების ეთნო-ისტორიული პრობლემების შესახებაც. როლანდ თოფჩიშვილმა შექმნა რამდენიმე საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, მათ შორის „ეთნოლოგიური მეცნიერების შესავალი“, რომელიც მის მიერ შექმნილი უკვე რიგით მე-7 სახელმძღვანელოა.

 

 ბორჯომი, მე-19 საუკუნე, გაზეთი “დროება“

 

გამოცემა „სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური ისტორიიდან“ როგორც სათაურიდანაც ჩანს, სამხრეთ-ჯავახეთის ეთნიკურ ისტორიას ეხება. წიგნში ქართველთა გამუსლიმებისა და გათურქების ისტორიაა აღწერილი.

ავტორი განმარტავს, რომ ქართველთა გამუსლიმება-გათურქების ისტორიის პროცესი დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ სამცხისთვის და ჯავახეთისთვის, არამედ თურქთა მიერ მითვისებული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებისთვისაც. მაგალითად, დღეს იმერხეველი ქართველები შავშეთელ თურქებს „გადაბრუნებულ ქართველებს“ ე.ი. ასიმილირებულ ქართველებს უწოდებენ. ქართველთა (და არა მხოლოდ ქართველთა) გამაჰმადიანება, ოსმალეთის იმპერიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ერთ-ერთი მეთოდი არათურქთათვის განსხვავებული გადასახადების დაწესება იყო _ ქართველ გლეხებს, როგორც ქრისტიანებს, მაჰმადიანებთან შედარებით, მეტი გადასახადი ჰქონდათ დაწესებული და მოსახლეობა თანდათან იძულებული ხდებოდა, ისლამი მიეღო. ოსმალეთში კი ყველა მაჰმადიანი თურქად მიიჩნეოდა. თანდათან ბევრმა ქართველმა ენაც დაკარგა.

სწორედ ეს პროცესი გამოიკვლია როლანდ თოფჩიშვილმა თავის ნაშრომში. აქამდე ქართველთა გამუსლიმების შესახებ არსებობდა ცალკეული კვლევები, თუმცა რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩატარებული აღწერის დავთრები პირველად სამეცნიერო მიმოქცევაში როლანდ თოფჩიშვილმა შემოიტანა. საუბარია 1860,1873,1886 წლების კამერალური აღწერის დავთრებსა და საოჯახო სიებზე.

ნაშრომი 2 მონაკვეთისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება სამცხეს და ამ მონაკვეთში საუბარია ქართველების გამუსლიმება-გათურქების პროცესზე და ძირითადად ეყრდნობა საარქივო და ეთნოგრაფიულ მასალებს. მეორე თავი - ჯავახეთის მოსახლეობას ეძღვნება.

„მე მინდოდა მეჩვენებინა, თუ სად წავიდა, სად მიგრირდა ჯავახეთის ქართული მოსახლეობა. მე-17-18 სს-ში ინტენსიური იყო ქართლში ჯავახეთის მოსახლეობის მიგრაცია. ამ პერიოდში ქართლის ყველა სოფელში თუ არა, ყველა მეორე სოფელში შეგხვდებათ ქართული გვარები ჯავახეთიდან და ეს დასტურდება საისტორიო დოკუმენტებში, საარქივო მასალებში და, ასევე, ამ ადამიანებმა გადმოცემებითაც (ეთნოგრაფიული მასალები) იციან, რომ წინაპრები არიან მოსული ჯავახეთიდან”, _ ამბობს მეცნიერი.

ავტორის თქმით, წიგნი მრავალწლიანი კვლევის ერთი შეხედვით მოულოდნელი შედეგია. როლანდ თოფჩიშვილი კამერალური აღწერის დავთრებს ახალგაზრდობიდან იკვლევდა. ამ აღწერას რუსეთი ატარებდა და ამ დავთრებში უნიკალური მონაცემებია დაცული მაშინდელი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე რელიგიური და ეთნიკური ვითარებისა და მოსახლეობის მიგრაციის შესახებ. შესაბამსიად, მათი დამუშავება და გაანალიზება საქართველოს ეთნიკური ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვანი წყაროა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსახლეობა მე-19 საუკუნეში უკვე ისლამის იყო, ეთნიკურობა მათ მაინც შენარჩუნებული ჰქონდათ და ჩემს მიერ გამოკვლეულ დავთრებში მათ გრაფაში - “ნაროდნოსტ” - უწერიათ ქართველი. იქვე, შემდეგ გრაფაში კი, სადაც გვარებია მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ „ოღლობით“ არიან მოხსენიებული, გვერდით ქართული გვარებიც აქვთ მიწერილი, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს ხალხი ეთნიკური ქართველები იყვნენ”.

ეს საარქივო მასალა მე-19 საუკუნის რუსული არქივის მასალაა, თუმცა მკვლევარმა გამოიყენა მე-17-18 საუკუნეების ქართული საისტორიო საბუთებიც, განსაკუთრებით კვლევის იმ მონაკვეთში, რომელიც ჯავახეთის მოსახლეობის ქართლში მიგრაციას ეხება. ეს კონკრეტული ფაქტი, ანუ ჯავახეთის მიგრაცია დადასტურებულია 1818 წლის რუსული აღწერის დავთარში, სადაც ხშირად ოჯახებს მიწერილი აქვს, რომ ისინი გადმოსახლდნენ ჯავახეთიდან 100 წლის წინ, ან 50 წლის, ზოგი კი 20 წლის წინ, ჯავახეთის სოფლიდან.

მკვლევარმა მოხსენება ქართველთა გამაჰმადიანების პროცესის შესახებ წარადგინა საზოგადოება „ტოლერანტის“ მიერ ორგანიზაბულ საერთაშორისო კონფერენციაზე 2013 წლის 1 ივნისს.

ნაშრომში გამოყენებულ საარქივო მასალასა და ეთნოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართველთა გათურქებისა და გამუსლიმების პროცესის ჩვენება მეცნიერმა კონკრეტული გვარების დონეზე შეძლო.

ბოლო დროს მეცნიერი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ბედითაც დაინტერესდა. შავშეთში, ტაოში, კლარჯეთში სოფელი არ დარჩენილა, სადაც მეცნიერი ნამყოფი არ არის. სხვა კოლეგებთან ერთად, მან იპოვა ადგილები, სადაც საქართველოდან 1878 წელს მიგრირებული ხალხი(ეთნიკური ქართველები) ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ რ. თოფჩიშვილის თქმით, 40 წლის ზემოთ ქართული ყველამ იცის, 20 წლის ქვემოთ ადამიანები ქართულად ვერ საუბრობენ, თუმცა მათ ეთნიკურობა მაინც შენარჩუნებული აქვთ. როლან თოფჩიშვილის თქმით, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა ქართული ენა არ დაკარგონ. „ამაში ჩვენს უნივერსიტეტსაც შეუძლია გარკვეული სიტყვის თქმა“, - ამბობს მეცნიერი.

ზოგადად, ეთნოლოგიის მნიშვნელობაზე საუბრისას კი როლანდ თოფჩიშვილი ამბობს, რომ ესაა მეცნიერება, რომელიც ხალხებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას სწავლობს. ეთნოლოგია სწავლობს სამეურნეო ყოფას და ხალხების ხასიათს, საოჯახო ყოფას და ეთნოსთა შორის ურთიერთოებებს.

„ჩვენ, ქართველ ეთნოლოგებს, თავის დროზე რომ შეგვესწავლა ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური ურთიერთობები, შეიძლება ამ მდგომარეობამდე არ მივსულიყავით. თეორიულ-შემეცნებითის გარდა, ეთნოლოგიურ კვლევებს, უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მცხოვრები ეთნოსები კარგად უნდა შევისწავლოთ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ხალხებთან ურთიერთობის მოგვარება შევძლოთ. ხომ შეგვეძლო წინასწარ გვესწავლა, რომელ ეთნოსს რა პრობლემა ან რა პერსპექტივა აქვს საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია ეს ინფორმაცია რეკომენდაციის სახით მივცეთ ხელისუფლებას და შემდეგ ამ რეკომენდაციების შედეგად, ხელისუფლებამ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს და ისე იმოქმედოს“, - ამბობს მეცნიერი.