Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალური ქსელების როლი ქართულ პოლიტიკაში

რა როლს თამაშობს, „ფეისბუქი“, ან სხვა სოციალური ქსელი საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში? რამდენად განსაზღვრავს ამ კუთხით პოლიტიკური პარტიების აქტივობა მათ წარმატებას? რომელი სოციალური ქსელია პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტად პოპულარული? მსგავსი კითხვების დასმა საქართველოში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს. პოლიტიკურ პროცესებში სოციალური ქსელების გამოყენების სამეცნიერო გააზრების მცდელობაა კვლევა „სოციალური ქსელების როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში“.

კვლევა 2011-2013 წლების პერიოდში განხორციელდა. პროექტი „კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის“ მიერ (Academic Swiss Caucasus Net) დაფინანსდა, რომლის ბენეფიციარები ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ. „კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი“ ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანი სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარებაა.

აღნიშნულ კვლევაში ჩართული იყვნენ: კორნელი კაკაჩია – პროექტის ხელმძღვანელი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების პროფესორი. თამარ პატარაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. ახალგაზრდა ქართველი მკვლევრები, ნინო ღამბაშიძე, თამარ იაკობიძე და ნინო ხელაია.

„წლების მანძილზე, საქართველოს პარტიული პოლიტიკური სისტემა ხასიათდებოდა ერთი პოლიტიკური პარტიის დომინირებით, რომლის დროსაც მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გარიყულად გრძნობდნენ თავს და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ. წარმოდგენილი ნაშრომი იკვლევს იმ ჰიპოთეზის მართებულობას, რომლის მიხედვითაც შეფასდება, მისცა თუ არა საშუალება ინტერნეტის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა პოლიტიკურ პარტიებს სრულყოფილი პლატფორმის შექმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი თავის უფრო ეფექტიანად წარმოდგინის საშუალება. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სოციალური მედიის ქსელის გავლენა საქართველოს პოლიტიკური პარტიების პოლიტიკაზე, შეფასდა ის გარემო, რომლის დახმარებითაც პოლიტიკურ პარტიებს მიეცათ შესაძლებლობა უზრუნველეყოთ საზოგადოების მეტი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში“. – აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი კორნელი კაკაჩია.

როგორც მეცნიერი განმარტავს, კვლევა წარმოადგენს მცდელობას, აჩვენოს მკითხველს, რომ სოციალური ქსელების და თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტენსიურმა გამოყენებამ შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე. კვლევის შედეგები ასევე დაწვრილებით აღწერს ტექნოლოგიებსა და პოლიტიკას შორის ურთიერთდამოკიდებულებას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში, პოლიტიკური პარტი-ების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების მიმდინარე პრაქტიკას და მის გავლენას საარჩევნო კამპანიაზე.

კვლევის დროს შეისწავლეს საქართველოში მოქმედი 11 ძირითადი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და მათი პოლიტიკა 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო კამპანიისას. კვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტ-ტექნოლოგიების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტენსიურად შემოსვლის მიუხედავად, სოციალური ქსელების გამოყენება საარჩევნო პროცესებზე ჯერ კიდევ ვერ ახდენს გადამწყვეტ გავლენას და პოლიტიკური პარტიებისთვის მათი უფრო აქტიურად გამოყენების თემა დებატების საგანია.

„საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები უპირატესობას სოციალური ქსელებიდან „ფეისბუქს“ ანიჭებენ. თუმცა, სოციალური მედიის მონიტორინგის საფუძველზე მიღებული შედეგები მოწმობს, რომ პოლიტიკური პარტიები სოციალური მედიის პოტენციალს სრულად ვერ იყენებენ. ვერ მოიხმარენ სოციალური ქსელების აპლიკაციების სრულ პაკეტს. პოპულარული პარტიების უმეტესობა („ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) სოციალური მედიის მახასიათებლებს და პლატფორმას სხვა პოლიტიკურ ფაქტორებზე მეტად იყენებენ. მაგრამ, ზოგადად, ქართული პოლიტიკური ელიტა სკეპტიკურად უყურებს სოციალური მედიის და ქსელების მნიშვნელობას და მათ პოტენციალს უფრო მეტი მხარდამჭერის მოსაპოვებლად. ზოგიერთი პარტიის აზრით, „ფეისბუქი“ თუ სხვა რომელიმე სოციალური ქსელი, რესურსების უაზრო ხარჯვაა და მათ ამომრჩევლის მოზიდვაში არ ეხმარება. ტელევიზია და პოტენციურ ამომრჩევლებთან პირდაპირი შეხვედრა, მათი აზრით, არჩევნებში წარმატების მისაღწევად კვლავ ყველაზე ეფექტიანი გზაა“. – განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი.

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს პოლიტიკური პარტიები სოციალურ ქსელებს ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ და არა პოტენციურ ამომრჩეველთან დიალოგის ან დისკუსიისთვის. გაირკვა, რომ სოციალურ მედია-პლატფორმაში და სოციალურ ქსელებში ინტენსიურმა ჩართულობამ პარტიების პოლიტიკური შედეგები ბოლომდე ვერ განსაზღვრა, თუმცა, ამავე დროს, გამარჯვებულმა პარტიებმა „ფეისბუქით“ აქტიური კამპანია აწარმოეს.

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ციხის სკანდალის გავლენის შესწავლამ აჩვენა, თუ როგორი ეფექტი შეიძლება იქონიოს სოციალურმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. 2012 წლის 18 სექტემბერს ეროვნული ტელევიზიით საქართველოს ციხეებში წამების ვიდეოების გავრცელება ეფექტიანი შეტევა იყო მმართველ ძალაზე. თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სოციალურ მედიაში აქტიური მმართველი პარტია და ოფიციალური პირები სრულიად მოუმზადებლები შეხვდნენ ახალ გარემოებებს. სკანდალის ძირითადი მიზანი, მმართველი ძალა, „ფეისბუქიდან“ 19–26 სექტემბრის პერიოდში სრულიად გაქრა და სოციალური ქსელების შესაძლებლობა მხარდამჭერებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად არ გამოუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებს სკანდალის გაღვივებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშია, არსებობდა სხვა მიზეზები, რამაც განაპირობა არჩევნების საბოლოო შედეგი: პატიმართა უფლებების შელახვა აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელებში და ტრადიციულ მედიაში, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა არჩევნების შედეგებისათვის“. – ასეთი დასკვნა გააკეთეს მკვლევრებმა.

კვლევის შედეგები და მასზე დაყრდნობით მომზადებული პუბლიკაციები დაურიგდათ ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებისთვისაც ეს მასალა საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო სტრატეგიების დაგეგმვის მხრივ იქნება საინტერესო. კვლევის შედეგებს გაეცნენ ასევე საქართველოში არსებული საერთაშორისო პოლიტიკური ფონდები: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ნიდერლანდების „მულტიპარტიული დემოკრატიის“ ინსტიტუტი, ფრიდრიხ ებერტის და კონრად ადენაუერის ფონდები. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ეს ფონდები ქართული პოლიტიკური პარტიების ახალი სოციალური და პოლიტიკური ტექნოლოგიების ათვისების კუთხით დახმარებას ცდილობენ.

სოციალური მედიის შესახებ აკადემიურ დისკურსზე გავლენას ახდენს მკვლევრების მოსაზრებები, რომელთა უმრავლესობა ეყრდნობა დასავლეთ ევროპის ქვეყნების და აშშ-ის გამოცდილებას. მათი თქმით, საქართველოში, ტექნოლოგიების განვითარების დონე ჯერ კიდევ შორსაა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნებისგან. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარების ფართომასშტაბიანი ზრდის გამო ზემოთ აღნიშნულ ძირითად ტენდენციებს შეიძლება მიმართება ჰქონდეს საქართველოში განვითარებულ პროცესებთან.

კვლევების შედეგების პრეზენტაცია მოხდა კონფერენციებზე: 2nd Annual ASCN Conference“ Political Transformation and Social Change in the South Caucasus“. Panel: Civil Society, Social Capital AND Social Networks. Yerevan, Armenia, 29- 30 June 2012. Social Media And Democratization In Post-Soviet Nations Workshop. Panel 4: Pluralism and Dissent in Old and New Media. George Washington University. USA 25 September 2013.

ნაშრომის შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნებულია ჟურნალში: the Journal of Post-Soviet Democratization, Vol. 22, No. 2, Spring 2014. K. Kakachia, T. Pataraia, M. Cecire, Networked Apathy: Georgian Party Politics and the Role of Social Media, Demokratizatsiya, ასევე გამოიცა ორენოვან (ინგლისურ-ქართულ) წიგნად: კ. კაკაჩია, თ. პატარაია, „სოციალური ქსელების როლი ქართული პოლიტიკური პარტიების სისტემაში“, 2013, თბილისი.

კვლევის შესახებ გამოხმაურება მისი დასრულებიდან მოკლე ხანში სენტ გალენის და ლოზანის უნივერსიტეტიდან მსგავს საკითხებზე მომუშავე უცხოელი მკვლევრებისგან იყო, რამდენიმე მათგანი ქართველი მეცნიერების ნამუშევრით საკუთარი აკადემიური კვლევებიდან გამომდინარე დაინტერესდა.