Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში

21-ე საუკუნე ახალი მედიის საუკუნეა, რომელშიც, უმთავრესად, ბლოგები, სოციალურ ქსელები, ონლაინ ენციკლოპედიები, სხვადასხვა სახის ფორუმი და ყველა ის ინტერნეტ-რესურსი იგულისხმება, რომელიც მომხმარებელთა მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერაქციას უზრუნველყოფს. ახალი მედიის შესწავლა ახალი სიტყვაა საქართველოში. ამ მიმართულებით ძალზე საინტერესო კვლევა მოამზადეს თსუ მეცნიერებმა კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით. ეს ამ თემაზე მომზადებული ყველაზე დიდი ნაშრომია საქართველოში, სადაც სოციალური მედიის განვითარების თითქმის ყველა ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.

როგორია საქართველოში სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები და რა გავლენას ახდენს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაზე? ამ საკითხებს ეძღვნება კვლევა  „სოციალური მედიის განვითარების ტენდენციები საქართველოში:  რეალური ვირტუალურის ძალაუფლება?“. მასში გაერთიანებულია სამი კვლევა - „იურიდიული ანალიზი: „სოციალური მედია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი)“; „თვისებრივი კვლევა სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში“ და „რაოდენობრივი კვლევა სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში“.

ორწლიანი კვლევა, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის (ASCN) მხარდაჭერით, 2011-2013 წლებში განხორციელდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, თსუ პროფესორის, სოციოლოგიის დოქტორის ლიკა წულაძის ხელმძღვანელობით. კვლევაში ასევე ჩართული იყვნენ მეცნიერები: პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი ამირან ბერძენიშვილი, სოციოლოგიის დოქტორი ფლორა ესებუა, სოციოლოგიის მაგისტრები ირაკლი კახიძე, ნანა მაჭარაძე, ანა კვინტრაძე და იურისტი დავით კლდიაშვილი.

ბოლო წლებში საქართველოში სოციალური მედიისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა (სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში 2009 წლის დასაწყისში ინტერნეტის მომხმარებელთა მხოლოდ 43% სარგებლობდა სოციალური ქსელებით, ერთი წლის შემდეგ კი მათი რაოდენობა 68%-მდე გაიზარდა), ამიტომ განსაკუთრებით აქტუალური გახდა კითხვა სოციალური ქსელებით ინფორმაციის მიღება-გავრცელების, აგრეთვე სოციალური კაპიტალის დაგროვების, სამოქალაქო აქტივობისთვის ხელსაყრელი პლატფორმის შექმნისა და, ამის საფუძველზე, სოციალური ქსელების საზოგადოებრივი გავლენის შესახებ. ნაშრომში განხილულია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა სოციალური მედიისა და პოლიტიკის ველის ურთიერთმიმართება, ცენზურისა და თვითცენზურის საკითხები, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციისა და ბლოგერთა უფლებების დაცულობის საკითხები, სოციალური მედიის გავლენა, როგორც ქართველ მომხმარებელთა პიროვნულ მახასიათებლებსა და ურთიერთობებზე, ისე ეროვნულ იდენტობაზე. ჩამოთვლილი საკითხებიდან მხოლოდ რამდენიმეს შევეხებით.

რაოდენობრივი კვლევით „სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში“, რომელიც 2012 წლის ნოემბერში ჩატარდა ინტერნეტ-მომხმარებლების სეგმენტზე (კვლევა მიმდინარეობდა საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი და თელავი) გაირკვა, რომ  საქართველოში ბოლო ორი წლის მანძილზე აშკარად შეინიშნება სოციალური ქსელების როლის გააქტიურება. საყურადღებოა ის ტენდენციაც, რომ საქართველოში სოციალურ ქსელებს ძირითადად იყენებენ ძველი ნაცნობების და ურთიერთობების შესანარჩუნებლად და არა ახალი  ნაცნობობის დასამყარებლად, ხოლო ფეისბუკს უფრო ხშირად  იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის იყენებენ, ვისთანაც რეალური სოციალური ურთიერთობები აქვთ.

კვლევის შედეგების თანახმად, სოციალური ქსელების მოხმარების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სოციალური ურთიერთობების განმტკიცების შემდეგ (71.5%), ახალი ინფორმაციიის მიღება (37.7%) წარმოადგენს. აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო ხშირად იყენებენ ინტერნეტს ახალი ამბების გასაცნობად და შემეცნებითი ინფორმაციის მისაღებად, ვიდრე მამაკაცები, რომლებიც სოციალურ ქსელებს, ქალებთან შედარებით, უფრო ხშირად იყენებენ გასართობად. ზოგადად, ინტერნეტის გამოყენება გართობის მიზნით მისი მოხმარების ერთ–ერთი მთავარი მოტივაციაა საქართველოში. ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სოციალურ ბლოგებს საერთოდ არ ეცნობა, სოციალური ბლოგების მკითხველთა მცირედი ნაწილი სწორედ გასართობი ბლოგებით შემოიფარგლება, ყველაზე ნაკლები მკითხველი კი, თურმე, გენდერულ საკითხებზე ორიენტირებულ ბლოგებს ჰყავთ. 

კვლევისას გამოჩნდა, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში სოციალური მედიით. უფრო მეტიც, გამოკითხულთა 50.3%–სთვის საერთოდ მიუღებელია ინტერნეტით სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობა, რაც საქართველოში სამოქალაქო კულტურის დაბალი განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი უნდა იყოს. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 20%–ს მიუღია მონაწილეობა საპროტესტო აქციაში ინტერნეტის მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ სოციალური მედია არ წარმოადგენს პოლიტიკური აქტივობის პლატფორმას საქართველოში და პოლიტიკური აქტივობა სოციალური მედიით პიკს აღწევს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, ან სხვა სოციოპოლიტიკური საკითხების წამოწევისას, რომლებიც საზოგადოების პოლარიზებას იწვევს. სამოქალაქო აქტივობებში მონაწილეობის თვალსაზრისით, 18–22 წლის ახალგაზრდები ყველაზე მაღალი ჩართულობით გამოირჩევიან.

აკადემიური/სამეცნიერო ინფორმაციის მოძიების მიზნითაც ინტერნეტს ყველაზე ხშირად კვლავაც 18-22 წლის ასაკის მომხმარებლები იყენებენ. რაც შეეხება სამეცნიერო მუშაკთა მიერ ინტერნეტის სასწავლო/აკადემიური მასალის მოძიებისთვის გამოყენებას, ამ მიზნით ინტერნეტს სისტემატურად იყენებს გამოკითხულ სამეცნიერო მუშაკთა მხოლოდ  46.4%, აქედან სრული უმრავლესობით – ქალბატონები. მთლიანობაში, შემეცნებითი ინფორმაციის  მოძიება და გავრცელება საქართველოში ნაკლებად ხდება სოციალური მედიით, რადგან იგი მაინც „ინფოგართობაზეა“ ორიენტირებული.

კვლევის მიხედვით, ინტერნეტ-სივრცე რელიგიური სიმბოლოების გაზიარების ახალი პლატფორმა ხდება და რელიგია კერძოდან საჯარო სფეროში გადააქვს, თუმცა, სოციალური ქსელებით ლოცვების, ხატების და რელიგიური თემების გაზიარებისადმი დამოკიდებულება პოლარიზებულია - რესპონდენტთა თანაბარი ნაწილი აფასებს მას დადებითად და უარყოფითად. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობის რწმენით, სოციალური მედია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართული საზოგადოების ღირებულებებსა და იდენტობაზე, იქნება ეს ქართველების პირადი მახასიათებლები, ტრადიციული ურთიერთობები, პოლიტიკური აქტივობა თუ ეროვნებათშორისი ურთიერთობები. რამდენადმე ნაკლებია მათი წილი, ვინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური მედიის გავლენას ქართველების გენდერულ შეხედულებებზე. თუმცა რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მაინც აღიარებს ამგვარ გავლენას.

რესპოდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სოციალური მედიის გლობალური ხასიათის გავლენით, ქართველების დამოკიდებულება სხვა ეროვნების წარმომადგენლებისადმი უფორ ღია და ტოლერანტული ხდება, თუმცა ეს ნაკლებად ეხება ეთნიკურ უმცირესობებს. მეორე მხრივ, რესპონდენტთა უმრავლესობა საფრთხეს ხედავს სოციალური მედიის გავლენაში ეროვნულ იდენტობაზე, რადგან მიაჩნია, რომ სოციალური მედიის გლობალური ხასიათის გავლენით, საქართველოში ეროვნული იდენტობა სუსტდება და ტრადიციული ქართული ურთიერთობები უფრო ცივი და დისტანციური ხდება. ამასთან, დომინანტურია მოსაზრება, რომ სოციალური მედიით შემოსული ღირებულებების გავლენით, ქართველები უფრო მეტად ხდებიან პირად, ვიდრე საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულნი. თუმცა რესპონდენტთა 1/3 საერთოდ უარყოფს სოციალური მედიის გავლენას როგორც ქართველების კეთილდღეობისადმის მისწრაფებაზე, ისე ტრადიციულ ურთიერთობებსა და ეროვნულ იდენტობაზე.

კვლევის ავტორთა აზრით, როგორც ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებას, სოციალური მედიის განვითარებასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად მიიჩნევა ის, რომ იგი ინდივიდებს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო ადვილად და წარმატებით მოახდინონ თვითრეალიზება, მათთვის გახსნილია სამოქმედო სივრცე, სადაც შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი იდეების პოპულარიზაცია და სასურველი თვითპრეზენტაცია მოახდინონ. ასევე უმნიშვნელოვანეს პოზიტიურ ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ ახალი მედიის ფუნქცია, წინ აღუდგეს პოლიტიკური ელიტის მიერ კომუნიკაციის საშუალებების მონოპოლიურ ფლობას და ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებაში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართვას.

რაც შეეხება ნეგატიურ მხარეებს, მეცნიერთა დასკვნით, პირველ რიგში, სოციალური მედია, ტრადიციულთან შედარებით, მომხმარებელთა უფრო მცირე ჯგუფებისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც, ერთის მხრივ, ინტერნეტში ჩართულობის ნაკლები მაჩვენებელით, მეორეს მხრივ კი - ახალი მედიის გამოყენებისთვის აუცილებელი უნარების არქონით ვლინდება. სწორედ ამ მიზეზით, მთელ მსოფლიოში მკვლევარები საუბრობენ „ციფრული უთანასწორობის“ თუ  „ციფრული განხეთქილების“ შესახებ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოციალურ მედიას უკავშირდება, კერძოს და საჯაროს ურთიერთმიმართების პრობლემაა. უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ინფორმაციის საჯაროობას ეხება, იმ ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვაა, რომელიც თავად მომხმარებელს არ გაუსაჯაროებია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავად დგება პოლიტიკური ინფორმაციის შემთხვევაში. ამ ინფორმაციით მანიპულირებამ, შესაძლოა, თვითცენზურის გამძაფრებამდე და „მართულ დემოკრატიამდე“ მიგვიყვანოს.

კვლევის ავტორები ამახვილებენ ყურადღებას იმაზეც, რომ არსებობს რეალურსა და ვირტუალურს შორის საზღვრების მოშლის პრობლემაც. თანამედროვე ადამიანი აქტიურადაა ჩართული ვირტუალურ ცხოვრებაში და, სავსებით შესაძლებელია, მის მიერ ორივე რეალობა ერთნაირად რეალურად იყოს აღქმული. უფრო მეტიც, მეცნიერთა აზრით, ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვირტუალურ რეალობაში მიმდინარე სოციალური, განსაკუთრებით, სამოქალაქო აქტივობები ვირტუალურ სივრცეს ვერ გასცდება და რეალურად განუხორციელებელი დარჩება.

“თვისებრივი კვლევა საქართველოში სოციალური მედიის განვითარების ტენდენციებზე”, რომლის საფუძველია მედია-ექსპერტებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუები, აჩვენებს, რომ  მიუხედავად თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა, საქართველოში სოციალური მედია ჯერჯერობით გავლენიანად მაინც ვერ ჩაითვლება, რის მიზეზადაც სამი ძირითადი ფაქტორი სახელდება: პირველ რიგში, ინტერნეტის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, რომელიც უმეტესად დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებს მოიცავს; მეორე - ასაკობრივი შეზღუდვა. როგორც კვლევებით ირკვევა, სოციალური მედიის მომხმარებლები უმეტესად ახალგაზრდები არიან; და ბოლოს - მოსახლეობის სეგმენტაცია, კერძოდ, გარკვეული „კიბერსექტის“ არსებობა, რომლის ფარგლებში სოციალური მედია საკმაოდ გავლენიანია, თუმცა მის მიღმა, ფართო საზოგადოებაზე მსგავს გავლენას ვერ ახდენს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, სახეზეა სოციალური მედიის გავლენის ზრდა, განსაკუთრებით კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, რასაც თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხული მედია-ექსპერტები მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების ფეხის აყოლით ხსნიან. სოციალური მედიით  დაინტერესება იზრდება ბიზნესშიც, რადგან იგი საკმაოდ ხელსაყრელ გარემოს ქმნის მარკეტინგული თვალსაზრისით. რაც შეეხება პოლიტიკის სფეროსა და პოლიტიკურ ცვლილებებს, მისი გავლენა კვლავ სუსტია. თუმცა ექსპერტების თქმით, ეს გავლენა მომავალში აუცილებლად გაიზრდება.

სოციალური მედიის მზარდ გავლენას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ საქართველოში ტრადიცული მედია ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის და ვერ ქმნის სათანადო პლატფორმას საზოგადოებრივი დისკუსიებისთვის. რესპონდენტების აზრით, სწორედ სოციალური მედია ქმნის შესაბამის სადისკუსიო სივრცეს, რომელშიც ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისეთ საკითხებზე იმსჯელონ, რასაც ტრადიციული მედია თავს არიდებს. კერძოდ, რელიგური, სექსუალური თუ ეთნიკური უმცირესობების პრობლემები. სოციალური მედიის უპირატესობად ითვლება ისიც, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, პოლიტიკურ პროცესებში დისკუსიის ფორმატით ჩაერთოს თუნდაც სახლიდან გაუსვლელად, მოიძიოს თანამოაზრეები და დაგეგმოს ერთობლივი აქციები. 

რაც შეეხება იურიდიულ კვლევას „სოციალური მედია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი)“, მასში აღნიშნულია, რომ, საქართველოში არ არსებობს სპეციალური კანონმდებლობა სოციალურ მედიასთან დაკავშირებით და მას მედიის შესახებ ზოგადი კანონი არეგულირებს,  რომელიც მეზობელ ქვეყნებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) შედარებით,  მეტად ადეკვატურია. იმიტომ, რომ მეზობელ ქვეყნებში, შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმებია, რასაც Freedom House–ის მონაცემებიც ადასტურებს. ამასთან, იურიდიული ანალიზი ადასტურებს, რომ სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე, სოციალური მედია საქართველოში უფრო თავისუფალია, ვიდრე განხილულ მეზობელ ქვეყნებში.

თუმცა ექსპერტთა ჯგუფთან ჩატარებული 40 სიღრმისეული ინტერვიუს საფუძველზე (ეს ინტერვიუები 2012 წლის გაზაფხულზე ჩატარდა) ქართულ სოციალურ მედიაში ცენზურის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ავტორებმა, პირობითად, სამ კატეგორიად დაყვეს: სახელმწიფო უწყებების მიერ მათ თანამშრომლებზე ზეწოლა, რომ გარკვეული სოციალური აქტივობები განეხორციელებინათ სოციალური მედიით; ელექტრონული ჟურნალების რედაქციის მიერ თანამშრომლებზე ზეწოლა, რომ გარკვეული პოლიტიკური სულისკვეთების გამომხატველი ბლოგები დაეწერათ (მიუხედავად ამ ჟურნალების გაცხადებული ნეიტრალური სარედაქციო პოლიტიკისა); და სახელმწიფოს (სხვადასხვა სამინისტროების და პრემიერ-მინისტრის) მიერ ბლოგერების „მოთაფვლის“ მცდელობა, რაც მათთვის ქალაქგარეთ არაფორმალური შეხვედრების ორგანიზებით (შედეგად ბლოგერებს კრიტიკული პოსტების წერისგან თავი უნდა შეეკავებინათ, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ) და შემდეგ ბლოგერების „ჩვენ“ და „ისინი“ ბანაკად დაყოფით გამოიხატებოდა. კვლევის ავტორთა აზრით, ამგვარი ცენზურის შემთხვევები აძლიერებდა თვითცენზურას ბლოგერების მხრიდან, რისი არაერთი მაგალითიც დაასახელეს გამოკითხულმა მედია-ექსპერტებმა, რომლებიც ხშირად თავად წარმოადგენდნენ ბლოგერებს ან გარკვეული მედია-მაუწყებლობის თანამშრომლები იყვნენ.

გარდა ამისა, ექსპერტულმა კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ქართულ სოციალურ მედიაში არც  ბლოგერთა უფლებებია სათანადოდ დაცული და არც მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია, რაც მხოლოდ მათი უყურადღებობით არ აიხსნება. დასახელდა მაგალითები, როცა IP მისამართები გამჟღავნდა, „ექაუნთები“ გატეხეს, პირადი მიმოწერა გაასაჯაროვეს და ა.შ. ავტორები ასკვნიან, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დაფარული პოლიტიკური ინტერესები არსებობდა ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ შინაარსთან მიმართებაშიც კი, რაც უბიძგებდა დაინტერესებულ პირებს თუ ჯგუფებს,  მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია მოეპოვებინათ და ბლოგერთა აქტივობა გაეკონტროლებინათ.

ამდენად, კვლევისას გამოიკვეთა, რომ შედარებით თავისუფალი ქართული სოციალური მედიაც კი, ირიბი ცენზურის ობიექტი მაინც ხდებოდა. რაც შეეხება ახალი მედიის კონტროლის შესაძლებლობას, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ სახელმწიფო არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ინტერნეტ-სივრცეში სამართლებრივი თუ ეთიკური ნორმების დაცვაზე. თითოეული პირი, რომელიც ქმნის ან მოიხმარს სოციალურ მედიას, თავად უნდა უზრუნველყოფდეს ნორმების დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო, როგორც რეპრესიული მანქანა, დაეყრდნობა არგუმენტს, რომ ქსელში განუკითხაობაა და მოქალაქეთა უპასუხისმგებლობას გამოიყენებს ინტერნეტზე კონტროლის დამყარების საფუძვლად. ამდენად, ხელისუფლება მოახდენს სოციალური მედიის კონტროლს და არა პირიქით, სოციალური მედია - ხელისუფლებისას, რასაც ადგილი აქვს დემოკრატიულ ქვეყნებში და რაც დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში „მედიოკრატიის“ სახელითაა ცნობილი.