Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

ემოციური ინტელექტისა და ფსიქიკური აშლილობების ურთიერთმიმართება

ემოციური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო კვლევები ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაიწყო და გააქტიურდა. ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ემოციური ინტელექტი არის „ემოციების აღქმის, გაგების, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი (J. D. Mayer & P. Salovey, 1997). ემოციური ინტელექტის მაჩვენებელზეა დამოკიდებული, რამდენად ახერხებს ადამიანი იყოს ლიდერი, აკონტროლოს საკუთარი და სხვისი ემოციები, მიაღწიოს წარმატებას და ა.შ.

საქართველოსთვის ემოციური ინტელექტის კვლევა შედარებით ახალი მიმართულებაა. თსუ მეცნიერი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი ერთ-ერთი იმ პირველთაგანია ვინც ემოციური ინტელექტის კვლევა ახალი კუთხით - ფსიქიკური აშლილობების, თავისებურებათა შესასწავლად და რეაბილიტაციისთვის შესაძლო ახალი მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად დაიწყო.

ამ მიზნით, მკვლევარმა განახორციელა სამი კვლევა - Living in a different world: emotion-related self-perceptions in mental disorders; The relationship between emotional intelligence and mood disorders; and  Does emotional intelligence predict personality disorder symptomatology? All three projects are part of a larger project: The Relationship between Emotional Intelligence and Mental Disorders.

(1) „სხვა სამყაროში ცხოვრება: ემოციებთან დაკავშირებული თვით-პერცეფციების კავშირი ფსიქიკურ აშლილობებთან”

(2) „ემოციური ინტელექტისა და გუნება-განწყობილების აშლილობების ურთიერთმიმართება“

(3) „ემოციური ინტელექტი - პიროვნული აშლილობების სიმპტომების პრედიქტორი?“

სამივე ეს კვლევა ერთი დიდი კვლევის - ემოციური ინტელექტისა და ფსიქიკური აშლილობების ურთიერთმიმართება - სამი სხვადასხვა ნაწილია.

მეცნიერმა კვლევითი პროექტით მოიპოვა კვლევითი გრანტი, ფონდის - “ღია საზოგადოება საქართველოს” -  მიერ გამოცხადებულ კონკურსში მკვლევართათვის (OSI Global Faculty Grants Program - Research Track) და როგორც მიწვეული მკვლევარი (Visiting reasearcher) 2013 წლის იანვარი-ივნისი იმყოფებოდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University Collage of London UCL), სადაც ლონდონის ფსიქომეტრულ ლაბორატორიაში (London Psycometric Laboratory at UCL) მუშაობდა იმ თეორიის ავტორთან (Dr. K.V. Petrides) ერთად, რომლის თეორიულ მოდელსაც ეყრდნობა აღნიშნული კვლევა.

„გარდა ამ კვლევითი პროექტისა, ავტორთან ერთად ვმუშაობდი ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებულ სხვა კვლევაზე. უნდა აღვნიშნო, საკუთრივ კვლევის „საველე სამუშაო“ (ე.წ. ფიელდ წორკ), არც კვლევის სხვა რაიმე კომპონენტი არ ყოფილა OSI-ს მიერ დაფინანასებული, არამედ კვლევითი პროექტის გამო მივიღე გრანტი ლონდონის ლაბორატორიაში სამუშაოდ, რამაც საშუალება მომცა, აღნიშნულ ლაბორატორიაში მემუშავა ავტორთან ერთად, მაგრამ მონაცემები ავკრიფე საქართველოში და შემდეგ ისე გავაგრძელე მუშაობა“, - აცხადებს ხათუნა მარწყვიშვილი.

ზოგადად ემოციური ინტელექტის თემატიკით დაინტერესებას მკვლევარი ასე ხსნის:

„საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე არ დგინდება ტრადიციული ინტელექტის საზომი ტესტებით. არსებული თეორიების თანახმად, ინტელექტი აკადემიური წარმატების წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად უფრო მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის მაღალი დონის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა.

პირველი კვლევა ამ მიმართულებით ხათუნა მარწყვიშვილმა დროებით ადგილნაცვალ პირებში პოსტ-ტრამვულ აშლილობებზე გააკეთა, (მისი სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში), აგვისტოს ომიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ. მკვლევარი ამბობს, რომ აქაც გამოვლინდა, რომ ინდივიდებს მაღალი ემოციური ინტელექტით აქვთ პოსტტრავმული სტრესის დაბალი მაჩვენებლები.

აქვე მეცნიერი გვიხსნის, რომ დღემდე არსებული კვლევების უმეტესობა „ნორმაზე“ ჩატარებული მონაცემებია, მაგალითად სტუდენტებზე აკრეფილი მონაცემები და ა.შ. მკვლევარები ლიდერობისა და წარმატების საფუძვლებს იკვლევენ და ზოგან ცდილობენ კიდევაც მათ განვითარებას ტრენინგების გზით.

„მე ნაკლებად ოპტისმიტურად ვარ განწყობილი ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თეორია, რომლის საფუძველზეც მე ვიკვლევ ამ თემას, გულისხმობს, რომ ემოციური ინტელექტი პიროვნული მახასიათებელია და, შესაძლოა, გარკვეული უნარების გავარჯიშება მოხდეს, თუმცა საფუძვლიანად მისი შეცვლა ან შეძენა - არა. თუმცა, არსებობს სხვა თეორიებიც“, - განმარტავს მკვლევარი.

მიუხედავად ამისა, იგი ამბობს, რომ ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში, ემოციური ინტელექტის კვლევამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს ინდივიდის ემოციური ფუნქციონირების შეფასებისათვის და თერაპიული ჩარევის ახალი შესაძლებლობები შემოგვთავაზოს

„დაინტერესება ემოციური ინტელექტის მიმართ თანდათანობით იზრდება, როგორც მკვლევრების, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალთა მხრიდან, რადგან კონსტრუქტი ფსიქიკური აშლილობების კვლევის ახალ მიმართულებას გვთავაზობს. ისტორიულად ითვლებოდა, რომ ემოციები ხელს უშლის ინფორმაციის კოგნიტურ გადამუშავებას, მაგრამ დღეისათვის ცნობილია, რომ ემოციების ადეკვატური მართვა პირიქით, ხელს უწყობს როგორც ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას, ასევე ინდივიდის ფსიქოლოგიური კარგად-ყოფნის განცდას. ამ თვალსაზრისით, ემოციების ინტელექტუალური გამოყენება არსებით როლს ასრულებს ინდივიდის ფსიქოლოგიურ ადაპტაციაში“.

მკვლევარი ამბობს, რომ ემოციური ინტელექტის ცნების გამოყენება ფსიქიკური აშლილობების ბუნების გასაგებად თითქოს ინტუიტურად თვალსაჩინო და ნათელია, რადგან ემოციური დარღვევები კლინიკურ დაავადებათა უმრავლესობისათვის ფუნდამეტურ ასპექტს წარმოადგენს. მაგალითად: შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია ემოციების გასადავება და ე.წ. ანჰედონია, ემოციური ლაბილობა და გუნება-განწყობილების ცვალებადობა _ ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, უარყოფითი ემოციებისკენ მიდრეკილება და ემოციური დისრეგულაცია - დეპრესიის შემთხვევაში, ემოციების იდენტიფიკაციის და აღწერის პრობლემები - ალექსითიმიის დროს, შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი უსაფუძვლო შიში და ა.შ.

შესაბამისად, კვლევის მიზანი გახლდათ ემოციური ინტელექტის მიმართების კვლევა ფსიქიკურ აშლილობებთან. რადგან ემოციური ინტელექტის სხვადასხვა განზომილებები მჭიდროდ უკავშირდება ფსიქიკური აშლილობების სიმპტომთა უმრავლესობას, წინასწარვე არსებობდა დაშვება, რომ ემოციური ინტელექტის კვლევა ფსიქიკური აშლილობების კვლევისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შემოგვთავაზებდა.

კვლევის ჩატარებაში და მონაცემების აკრეფაში მონაწილეობდა როგორც თავად ხათუნა მარწყვიშვილი, ისე მისი სტუდენტები, რომლებმაც საბაკალავრო ნაშრომები დაწერეს ამ თემაზე.

კვლევის რესპოდენტი იყო სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის მქონე 70 პაციენტი, რომლებიც კვლევის ჩატარების დროს გადიოდნენ მკურნალობის კურსს საავადმყოფოში (ე.წ. ინპატიენტს). პაციენტების დიაგნოზი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: შიზოფრენიული სპექტრის აშლილობები, აფექტური აშლილობები, შფოთვითი აშლილობები და ა.შ.

კვლევის ავტორი მადლობას უხდის საავადმყოფოების ხელმძღვანელებს და აქვე ამბობს, რომ საავადმყოფოების დათანხმება ამ კვლევაზე, პაციენტების სათანადო რაოდენობის მოგროვება და მათთან ამ სამუშაოს ჩატარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

მკვლევარის განმარტებით, კვლევის თეორიულ მოდელს წარმოადგენს ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის მოდელი. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის საკვლევად გამოყენებული იყო ემოციური ინტელექტის, როგორც პიროვნული ნიშნის საკვლევი კითხვარი _ ქართული ვერსია (the Georgian Version if the Trait Emotional Intelligence Questionniare (G-TEIQie). კითხვარი წარმოადგენს ბრიტანული ვერსიის ადაპტირებულ ქართულ ვერსიას, რომლის ადაპტაციაც ხათუნა მარწყვიშვილმა თეორიისა და ინსტუმენტის ავტორის ხელმძღვანელობით განახორციელა რამოდენიმე წლის წინ (საკვლევი ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია ლონდონის ფსიქომეტრული ლაბორატორიის საიტზე http://psychometriclab.com/Default.aspx?Content=Page&id=13).

კვლევის შედეგად, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ემოციური ინტელექტის მაჩვენებლები შედარდა იმავე ასაკისა და სქესის პრაქტიკულად ჯანმრთელი ინდივიდების ემოციური ინტელექტის მაჩვენებელებთან. შედეგების თანახმად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ინდივიდების ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვნად დაბალია პრაქტიკულად ჯანმრთელი ინდივიდების ემოციურ ინტელექტთან შედარებით. „განსხვავებული ფსიქიკური აშლილობების მქონე ინდივიდებს აქვთ დაბალი მაჩვენებელები ემოციური ინტელექტის განსხვავებული განზომილებების მიხედვით, რაც ამ ფსიქიკური აშლილობების ბუნების გაგებისა და კვლევისათვის საინტერესო მიმართულებებს გვთავაზობს“, - აღნიშნავს მკვლევარი.

მისივე თქმით, შედეგებს შეიძლება ჰქონდეს პრაქტიკული გამოყენება კლინიკურ ფსოქოლოგიასა და ფსიქიატრიაში: „ემოციების რეგულირების პერსპექტივა გვთავაზობს ემოციური ინტელექტის კომპონენტის დამატებას პაციენტების მკურნალობისას, რაც ინდივიდს უფრო მეტი კომფორტულობის განცდას გაუჩენს ემოციურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად გახდის უნარიანს, რომ ემოციური შინაარსის ინფორმაცია პრობლემის ადაპტური გადაწყვეტისათვისთვის გამოიყენოს და გამოხატოს ემოციები კონტექსტის მოთხოვნის მიხედვით. ფსიქიკური აშლილობების თერაპიული მკურნალობის, ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების გავარჯიშებაზე ორიენტირებული ინტერვენციის სტრატეგიები ფსიქიკური აშლილობის გაუმჯობესებასთან მიგვიყვანს“, _ ამბობს ხათუნა მარწყვიშვილი.

მეცნიერი ამ მიმართულებით კვლევას განაგრძობს. დღემდე მიღებული შედეგების პრეზენტაცია კი უკვე მოხდა: ემოციური ინტელექტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამართულ კონგრესზე, რომელიც ჩატარდა ქ. ნიუ-იურკში, აშშ (8-10 სექტემბერი, 2013) და ინდივიდუალური განსხვავებების კვლევის საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა 22-25 ივლისს, ქ. ბარსელონაში (ესპანეთი).