Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ქართველი მეცნიერების კვლევები – ფრინველთა და ცხოველთა ბალანსირებული კვების გასაუმჯობესებლად

დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად კვლავ რჩება ფრინველთა და ცხოველთა სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება. სწორედ ამიტომ, თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის პრობლემათა ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ბიოლითონებისა და ორგანული ნივთიერებების შემცველი ბიოკოორდინაციული ნაერთები და მათი კომპოზიციები ბუნებრივ ცეოლითებთან ერთად. რაც უზრუნველყოფს იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, უნარჩენო, ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური დანამატების მიღებას.

ამ მიზანს ემსახურებოდა თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის აგრარული ქიმიის პრობლემათა ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ ლაბორატორიის გამგის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სპარტაკ უროტაძის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტი: „ბიოლითონებისა და ბუნებრივი ცეოლითების შემცველი ახალი თაობის პრემიქსები“. პროექტის ხანგრძლივობა იყო 3 წელი და იგი 2011-2014 წლებში მიმდინარეობდა. პროექტი დაფინანსდა უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (უმტც) მიერ.

კვლევის ავტორთა განმარტებით: „მეფრინველეობისა და მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკვები რაციონის ყოველდღიური შედგენილობის უზრუნველყოფა ეფექტური, სრულფასოვანი და ბალანსირებული დანამატებით, უპირველეს ყოვლისა შეუცვლელი ბიოლითონებითა და ორგანული ნივთიერებებით (ამინომჟავები, ოქსიმჟავები და სხვ.).

            

დანამატების შემადგენლობაში, სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიოლითონების მარტივი მარილები (სულფატები, ქლორიდები, კარბონატები, იოდიდები და სხვ.) და ორგანული ნივთიერებები შეყავთ ცალ-ცალკე ან ერთდროულად ნარევების სახით; ასევე წარმატებით გამოიყენება, როგორც საკვების დანამატი სხვადასხვა ბუნებრივი ცეოლითები (კლინოპტილოლითი, ლომონტიტი და სხვ.), რომლებიც როგორც ცნობილია ხასიათდებიან პროლონგირების ეფექტით.
ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე ცნობილია, რომ ბიოლითონები ცოცხალ ორგანიზმში თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ არა მარტივი მარილების, არამედ ბიოკოორდინაციული ნაერთების სახით. ამიტომ ორგანიზმში ლითონების ბიოკორდინაციული ნაერთების სახით შეყვანისას ადგილი აქვს მათი ბიოლოგიური აქტივობის მკვეთრ ზრდას“;

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიიღეს ცოცხალი მასის მატება, დაცემის შემცირება, ხორცის ხარისხის გაუმჯობესება და დაავადებების შემცირება; რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეფიციტური ბიოლითონები პრემიქსების შემადგენლობაში, ნაცვლად მარტივი მარილებისა, შეტანილ უნდა იქნას კოორდინაციული ნაერთების სახით.

პროექტში დასახული მიზნის მისაღწევად შესრულდა შემდეგი ამოცანები:

ჩატარებული იქნა შეუცვლელი ბიოლითონების და ორგანული ნივთიერებების (ამინომჟავების, ოქსიმჟავების და ა.შ.) შემცველი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი; სინთეზირებული ნაერთებისა და ბუნებრივი ცეოლითების (კლინოპტილოლიტი, ლომონტიტი) საფუძველზე მომზადდა ოპტიმალური შემადგენლობის კომპოზიციები;

შეიქმნა შეუცვლელი ბიოლითონების, ორგანული ნივთიერებების და ცეოლითების შემცველი ეფექტიანი დოზების და ოპტიმალური შემადგენლობის იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, უნარჩენო დანამატების მეცნიერულად დასაბუთებული რეცეპტები, რომელთა გამოყენების შედეგად დადგინდა:

ფრინველისა და ცხოველის მიერ მკვებავი ნივთიერებების გახანგრძლივებულ და თანდათანობით შეთვისება; დაცემის მაქსიმალური შემცირება; ცოცხალი მასის მატება – 1-15%-ით; ხორცის ხარისხის გაუმჯობესება; ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლების შენარჩუნება დასაშვები ნორმის ზღვრებში; სხვადასხვა დაავადებების თავიდან აცილება; საკვების დანახარჯის შემცირება (საკვების ათვისების ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე); საკვების თვითღირებულების შემცირება ბუნებრივი ცეოლითების გამოყენების ხარჯზე; მომზადდა რეკომენდაციები მიღებული კომპოზიციების გამოყენებაზე ფრინველთა და ცხოველთა კვებაში. მიღებული კომპოზიციების გამოცდა ჩატარდა ფრინველზე (კვერცხმდებელი, ბროილერი) და ბოცვერზე.