Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციისათვის მეცნიერული ბაზის შესაქმნელად

ქართველ მეცნიერ-გეოგრაფთა დასკვნით, XX საუკუნეში სხვადასხვა წელს გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი სხვადასხვანაირად არის ასახული. არსადაა ასევე მითითებული, თუ რა მასშტაბის რუკაზე მოხდა საზღვრის სიგრძის ოფიციალურად მიჩნეული მონაცემების განსაზღვრა, რომ ამით მისი სანდოობა დაზუსტდეს. ეჭვს იწვევს არაერთ სამეცნიერო ნაშრომში და წვრილმასშტაბიან (მათ შორის სასკოლო) რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აღნიშნული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობის საკითხიც.

საქართველოსთვის, რომელსაც ჯერ კიდევ სრულყოფილად არ გადაუწყვეტია საკუთარი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, ამ თემასთან დაკავშირებული ყველა მეცნიერული კვლევა საინტერესო და გასათვალისწინებელი უნდა იყოს. მათ შორისაა კვლევა –  “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გეოინფორმაციული სისტემა და მისი კარტომეტრიულ-გეოგრაფიული ანალიზი”. მისი ავტორები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი და სოხუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი რევაზ თოლორდავა არიან.

ასოცირებული პროფესორის დალი ნიკოლაიშვილის თქმით: “სახელმწიფო საზღვრის ცვლილება შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული. სასაზღვრო ტერიტორიების კუთვნილების თემა განსაკუთრებულ სიმძაფრეს იძენს ისეთი ისტორიის, ეთნიკური სიჭრელისა და გეოპოლიტიკური მდებარეობის რეგიონში, როგორიც კავკასიაა. Aამდენად, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია, კიდევ უფრო აქტუალურია საქართველოსთვის. სხვადასხვა სამეცნიერო თუ არასამეცნიერო წყაროში, სასკოლო სახელმძღვანელოების ჩათვლით, ხშირად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სრულიად განსხვავებულ მონაცემებს ვხვდებით. ეს მრავალი თვალსაზრისით ქმნის უხერხულობას. ჯერ ერთი, ფართო საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს ამ სხვადასხვაობის მიზეზები და მეორეც, ოფიციალურად მიღებული უნდა იყოს ერთი დაზუსტებული მონაცემი. ამ მიზნით საჭიროა მეცნიერულად დასაბუთებული საფუძვლის შემუშავება და ერთიანი კარტომეტრიულ-გეოგრაფიული ანალიზის ჩატარება. კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ სხვადასხვა წელს გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი სხვადასხვანაირადაა ასახული. შესაბამისად, აუცილებელია დაზუსტდეს რუკებზე მოცემული საზღვრის რომელი კონტური უნდა დადგინდეს თანამედროვე სახელმწიფო საზღვრად. პრობლემაა ისიც, რომ დღემდე მეცნიერულად დასაბუთებული და შემუშავებული არ ყოფილა საჰაერო და წიაღის საზღვრების საკითხები.” – აცხადებს იგი.

მეცნიერთა განმარტებით, დღეისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული. გამონაკლისია სახელმწიფო საზღვრის თურქეთის მონაკვეთი (266.01 კმ), რომელიც სსრკ-ისა და თურქეთის ყოფილი სახელმწიფო საზღვარია. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულებაში საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ აღნიშნულია, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგად, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შეთანხმებულია სასაზღვრო მონაკვეთის 65-65 %, ხოლო რუსეთთან –  40 %. 2008 წლის შემდგომი პერიოდიდან ვითარება გაურკვეველია.

პროექტის მონაწილე მეცნიერ-გეოგრაფთა მიერ განხორციელებული კვლევის სიახლე სახელმწიფო საზღვრის გეოინფორმაციულ კარტოგრაფირებასა და კომპლექსურ-გეოგრაფიული შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავებაშია. კვლევა 2 ძირითადი მიმართულებით წარიმართა: თანამედროვე საზღვრის და მისი რეტროსპექტული გეოინფორმაციული კარტოგრაფირების კუთხით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პირველად განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძე მსხვილმასშტაბიან რუკებზე.

“კვლევა ჩატარდა თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტის, თბილისის კარტოგრაფიული ფაბრიკის, გეოგრაფიის ინსტიტუტის და თსუ მუზეუმის ფონდებში დაცული XIX-XX საუკუნეების ზოგადგეოგრაფიული რუკების ანალიზზე დაყრდნობით. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძის დადგენის მეტი სანდოობისათვის, მეცნიერებმა გაზომვები სხვადასხვა მასშტაბის (1:1,000,000; 1:600,000; 1:500,000; 1:200,000; 1:100,000; 1:50,000; 1:25,000) რუკებზე ორი მეთოდით განახორციელეს –  ტრადიციული მეთოდით და გის-ტექნოლოგიებით. 1:100,000 მასშტაბის ტოპოგრაფიული (ე.წ. “მორიგე”) რუკის მიხედვით, განისაზღვრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძე 2 მმ-იანი ბიჯით. ეს რუკები საზღვრის ხაზის სიგრძის საკმაოდ მაღალი სიზუსტით განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ასევე მაღალ სიზუსტეს იძლევა გაზომვების ჩატარება გეოინფორმაციული სისტემების რუკებზე. Eამრიგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძემ 2114.78 კმ შეადგინა“ –  აცხადებს დალი ნიკოლაიშვილი.

კვლევის ავტორებს სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთის არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ საკითხზეც აქვთ დასკვნები. რუკებისა და სათანადო ისტორიული დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად გამოვლინდა ის უზუსტობანი, რაც უკავშირდება საზღვრის არასწორად გატარების პრაქტიკას, კერძოდ, ფერდობებზე, დასახლებების შუაში, ან ტყის კონტურების გასწვრივ მის გატარებას და ა.შ. სამეცნიერო ლიტერატურაში საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ წერტილად დასახელებულია მთა ოკიუზდაღი (ჩ.გ. 41007’). სინამდვილეში კი უკიდურესი სამხრეთი წერტილი მდებარეობს ელდარის ველზე, მინგეჩაურის წყალსაცავთან მდ. ივრის შეერთების ადგილიდან ჩრდილოეთით 2.15 კმ-ზე (ჩ.გ. 41003’20’’). არაერთი გეოგრაფიულ წყაროს თანახმად, საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა კავკასიონის მთავარი ქედის თხემს მთა შავიკლდიდან მთა ტინოვროსომდე. რუკების ანალიზმა სრულიად განსხვავებული სურათი გამოავლინა. მთა ტინოვროსო (3374 მ), რომელიც მრავალ წყაროში მოხსენიებულია საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე წერტილად, სინამდვილეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

კვლევის ავტორთა მიერ პირველად განისაზღვრა სახელმწიფო საზღვრის ცალკეული მონაკვეთების გეოგრაფიული კოორდინატები, რომელიც შედარდა რეალურთან. რევაზ თოლორდავას მიერ ტოპოგრაფიული რუკისა და GPS-ტექნოლოგიების მეშვეობით ადგილზე განისაზღვრა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მდ. ალაზნის მონაკვეთის გეოგრაფიული კოორდინატები. მეცნიერთა მტკიცებით, მდ. ალაზნის კალაპოტის ხშირი ცვლილების გამო ტერიტორიული დანაკარგები ხშირია. ადმინისტრაცული საზღვრების გატარებისას სადელიმიტაციო სამუშაოები თავის დროზე არასწორად განხორციელდა. ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული იყო, რომ საზღვარი გაუყვებოდა მდ. ალაზანს, თუმცა, მდინარის რა ნაწილში უნდა გასულიყო საზღვრის ხაზი, არ დაკონკრეტებულა, არც გეოგრაფიული კოორდინატები იყო განსაზღვრული. მთელი რიგი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო ალაზანს უფრო მეტად კალაპოტის საქართველოს მხარეს გადმოწევის ტენდენცია ახასიათებს, რის შედეგადაც ჩვენი მეზობლის პრაქტიკულ მფლობელობაში სულ უფრო მეტი ტერიტორია გადადის.

კვლევის შედეგად ავტორთა მიერ დადგინდა საქართველოს ტერიტორიული წყლების და შესაბამისად ქვეყნის საერთო ფართობი. „სახელმწიფოს სრულ იურისდიქციაშია მოქცეული შავი ზღვის სანაპირო ხაზიდან 12 მილი სიგანის წყლის აკვატორია. მართალია, კანონმდებლობის შესაბამისად ადგილზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნებით მონიშნულია ტერიტორიული წყლების გარე კიდე, მაგრამ იგი მხოლოდ სახელმწიფოთა შეთანხმების საფუძველზეა გატარებული. მომავალში აუცილებლად დადგება სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთის დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხი. სწორედ ამ მიზნით განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიული წყლების გარე კიდე. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული მეთოდის გამოყენებით განხორციელდა რუკაზე საწყისი (ბაზისური) ხაზების გატარება სანაპიროს შეჭრილ-შემოჭრილ ადგილებში და მათგან შვეული ხაზებისა და 12 მილის სიგანის ტერიტორიული წყლების ათვლა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ საქართველოს ტერიტორიული წყლების ფართობია 6.624 ათ. კმ2, ე.ი. საქართველოს საერთო ფართობია 76.324 ათ. კმ2“ – განმარტავს რევაზ თოლორდავა.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გეოინფორმაციული სისტემისა და ერთიან მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც დიდძალი მონაცემების ოპერატიული დამუშავებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას იძლევა დღეისათვის. ძალზე მცირეა იმ სამეცნიერო ნაშრომთა ნუსხა, სადაც აღნიშნული საკითხის მოგვარება ეფუძნება კადასტრული გეოინფორმაციული კარტოგრაფირების პრინციპს, ე.ი. იმ პრინციპს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი სივრცე-დროითი ცვლილების, კონტროლისა და ოპერატიული რეაგირების სისტემის შექმნა. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მასში აისახოს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის საზღვრის კონტურები.

საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოსაზღვრე სახელმწიფოთა სრული შეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. მეცნიერების განცხადებით, ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი გეოგრაფების, კარტოგრაფების, ისტორიკოსების და სხვა სპეციალისტთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.

ავტორთა აზრით, მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად იქმნება პრაქტიკული საფუძველი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო და სადემარკაციო სამუშაოების განსახორცილებლად. მით უფრო, რომ მეცნიერთა ხედვა მოიცავს არა მარტო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, არამედ ზოგადად კავკასიაში ამ სფეროში არსებული პრობლემების შესწავლას, შავი ზღვის ტერიტორიული დაყოფის პროექტის შედგენას, სასაზღვრო სივრცის გეოინფორმაციული სისტემის შედგენას და სხვ.

თავისი კვლევის შედეგები მეცნიერებმა, პროფ. რ. გაჩეჩილაძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს (თბილისი, 3-5 ივნისი, 2013) და ახლა იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ამზადებენ პუბლიკაციას.

ამავე დროს კვლევა კვლავ გრძელდება, მათ შორის სტუდენტთა მონაწილეობით. თსუ გეოგრაფიის დეპარტამენტში შექმნილ საინიციატივო ჯგუფში ჩართული 40-მდე სტუდენტის უმთავრესი ფუნქცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გეოინფორმაციული სისტემის კარტოგრაფიული საფუძვლის შექმნაა. ამავდროულად სტუდენტები სპეციალურად შემუშავებული კითხვარებით ატარებენ ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას. მონაწილეობენ საზღვრისპირა ტერიტორიების დემოგრაფიული ვითარების შესწავლის, კულტურის ძეგლებისა და სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების კარტოგრაფირების საკითხებში.