დადგენილება №95/2015 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

დადგენილება №95/2015
14 სექტემბერი   2015

 სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილების, თსუ-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 10.09.2015, №31447/02  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს კონკურსი.

2.    საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის განისაზღვროს 7 ვაკანტური ადგილი.

3.    საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 2015 წლის 1 ოქტომბერს, დოკუმენტაციის მიღებამ იწარმოოს 2015 წლის 2 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე მიღებული შედეგების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა მოხდეს არა უგვიანეს 2016 წლის 16 თებერვლისა.

4.    შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)     მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ)   თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
 ე)  რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ)    ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)   დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
კ)   ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ლ)   ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
5.    პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არა უმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.
6.    პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში;
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას  № 1 დანართის (word)  შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“;  
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.

7.    პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.

8.    პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვ.) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.

9.    პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.

10.    პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.

11.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.

12.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ -ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

13.   წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

14.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი, პროფესორი                                                 აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე