ავტორი: დათო ტურაშვილი
სათაური: სხვა ამსტერდამი
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოშვების წელი: 2015
,,სხვა ამსტერდამი’’ ასე ეწოდება დათო ტურაშვილის მორიგ რომანს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების კრებულია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს. რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც, რომლის შესახებაც ოჯახში მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იგი ჰოლანდიელ პარტიზანებთან ერთად გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ომის დამთავრების შემდეგ სწორედ გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით, მელენტი მასხულიას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იყო მესამე, ალტერნატიული ვერსიაც, რომელსაც მწერლის ბებია ავრცელებდა და რომლის თანახმადაც მისი მეუღლე, არც ჰიტლერს ებრძოდა (მით უმეტეს, არც სტალინს) და ამსტერდამის მისადგომებთან მეორე მსოფლიო ომს ემალებოდა. ჰოლანდიაში ყოფნის დროს დათო ტურაშვილმა საარქივო მასალებში იმ დოკუმენტებსაც მიაკვლია, სადაც არა მარტო თავისი ბაბუის, არამედ კიდევ ბევრი ქართველის ნამდვილი ისტორია ამოიკითხა.
ყველა »