2015-11-26

დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ტური საქართველოს რეგიონისთვის


კვირას, 8 ნოემბერს, ბათუმსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ტური უმაღლეს სასწავლებელთა შორის საქართველოს გუნდებისთვის დაპროგრამებაში.
ბათუმში მონაწილეობდა ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივესიტეტის 3 გუნდი, ხოლო თბილისში იასპარეზა  8 უმაღლესი სასწავლებლის 37-მა გუნდმა, რომელთაც  თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მათ შორის: თავისუფალი უნივერსიტეტის 14  გუნდი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 8 გუნდი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 4-4 გუნდი, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის 2-2 გუნდი  და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 გუნდი.
გარდა ამისა, ასპარეზობაში კონკურსგარეშე მონაწილეობა მიიღო მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა 4-მა გუნდმა.
საბოლოოდ, საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა 20 გუნდი. აქედან 5 წარმოადგენს თავისუფალ უნივერსიტეტს,  5 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საიდანაც 1 გუნდი ფრანგულ-ქართული კომპიუტერული მეცნიერების  სტუდენტებითაა დაკომპლექტებული, 3 გუნდით იქნება ნახევარფინალში წარმოდგენილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2 გუნდით -  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ერთი გუნდით იქნებიან წარმოდგენილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.   
თსუ-დან ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა გუნდმა Tbilisi SU 5  შემადგენლობით - ცოტნე ჩახვაძე, ბექა მოდრეკილაძე და ბიჭიკო ჭელიძე.  მათ 6 ამოცანა ჩააბარეს.  
აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეთა გუნდების წარმატება. კონტესტზე პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Sch_Tbilisi Demireli_Komarovi_Mziuri: სხირტლაძე გიორგი, ჩხაიძე ნუგზარი და კლდიაშვილი გიორგი, რომელიც დაკომპლექტებულია ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წევრებით. ამ გუნდმა 10 ამოცანა ჩააბარა. მაღალი შედეგები აჩვენეს მოსწავლეთა სხვა გუნდებმაც.

ფოტოგალერეა



Print

« იხ. ყველა სიახლე