Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

„მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები საქართველოში“

კვლევა „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციები და დივერსიფიკაციის შესაძლებლობები საქართველოში“ 2011 წელს დაიწყო. კვლევის ძირითადი მიზანია ფერმერული მეურნეობების განვითარების, დივერსიფიკაციის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შეფასების საფუძველზე საქართველოში არსებული გამოწვევების გამოვლენა. ფერმერული მეურნეობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ სტრუქტურაში. ევროკავშირთან დაახლოების კუთხით კი აუცილებელია საქართველოსთვის შემუშავდეს მოდელები, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაბამისობაში იქნება ევროპულ მოთხოვნებთან, მეორე მხრივ, ასახავს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. მკვლევართა განმარტებით, ამ ნაშრომის სიახლეა ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციებისა და ხედვების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გამოკვლევა და საქართველოს რეალობისათვის ადეკვატური დივერსიფიკაციის მოდელების ადაპტირებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

თემისადმი ინტერესი, თსუ მკვლევარის ეთერ ხარაიშვილის თქმით, შემდეგმა გარემოებებმა აღუძრა: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფერმერული მეურნეობები 3.4 ჰექტრიდან 9.0 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 1.5-დან 5 ჰა-მდე მერყეობდა, საქართველოში ფერმერულ მეურნეობათა 75% 1-დან 5 ჰექტრამდე მიწის ფართობის მფლობელია. ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა, თუმცა, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ისე როგორც საქართველოში, შემცირების მკვეთრი ტენდენცია არ გამოიკვეთა.

„ასეთ პირობებში ფერმერული მეურნეობათა ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტიულ სტრატეგიად მათი დივერსიფიკაცია განიხილება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანაა და ამ მხრივ მიზანშეწონილია ისეთი დივერსიფიცირებული ეკონომიკის ფორმირება, რომელიც მოიცავს რამდენიმე ასპექტს. კერძოდ, უზრუნველყოფს: ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ძირითადი ეროვნული პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიღწევას, სატრანსპორტო და ენერგოდერეფნის ფუნქციის ეფექტიანად შესრულებას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამდენად, ნათელი გახდა, რომ საქართველოში დივერსიფიკაციის პრობლემების კვლევა მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში“, – აცხადებს კვლევის ავტორი, თსუ პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი ეთერ ხარაიშვილი. 

კვლევა ძირითადად თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ბაზაზე მიმდინარეობდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მნიშვნელოვანი თანადგომით. დღეისათვის კვლევა გრძლდება თსუ კონკურსების საფუძველზე გამარჯვებული და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ფერმერული მეურნეობების დივერსიფიკაციის შესაძლებლობები – ევროკავშირის მოდელები და გამოწვევები საქართველოში“.

მეცნიერთა ჯგუფის მიერ კვლევის პროცესში დივერსიფიკაციის პრობლემებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამოიკვეთა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვისებრივი კვლევით გამოვლენილი ის დასკვნები, რომლებიც ხელს უშლიან დარგის გაფართოება-განვითარებას, რესტრუქტურიზაციას და შეფასებულია როგორც ფერმერულ მეურნეობათა გადარჩენის სტრატეგია. კვლევის შედეგად მიიღეს რამდენიმე დასკვნა: სუსტია კოორდინაცია ფერმერებსა და ბაზრის აგენტებს შორის; შეზღუდულია პროდუქტების სახეობების შეთანაწყობა; ფერმერებს არ აქვთ ინფორმაცია ზოგადად დივერსიფიკაციის შესაძლებლობების შესახებ; ფერმერთა მცირე ნაწილს აქვს განათლება ფერმერული მეურნეობის სფეროში; დაბალია ფერმერთა კვალიფიკაცია და შეზღუდულია მათთვის ცოდნის მიწოდების შესაძლებლობები, განსაკუთრებით დივერსიფიკაციის შესახებ; ფერმერული მეურნეობების ნაკვეთები დანაწევრებულია და განუვითარებელი მიწის ბაზრის გამო შეზღუდულია ნაკვეთების გაფართოების შესაძლებლობა; შესაცვლელია ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგიები; ფერმერული მეურნეობების შესახებ მნიშვნელოვნად არის შეზღუდული სტატისტიკური მონაცემები და ანალიტიკური ინფორმაცია, რაც ეს ასეთი ტიპის მეურნეობების მიმართ ართულებს როგორც კვლევებს, ასევე სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს; არ არსებობს სრუყოფილი სამართლებრივი ბაზა წარმოების გაფართოების სტიმულირებისა და სტრატეგიული განვითარებისათვის“, – აღნიშნავს ეთერ ხარაიშვილი.

           

                                                                                                                                                 სურ.: ქართული ღვინის ქარხანაში

კვლევის შედეგად პერსპექტივაში დივერსიფიკაციის შესაძლებლობებსა და ევროკავშირის ქვეყნებში არსებული მოდელების საქართველოში გამოყენებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები: აუცილებელია ყურძნის მიწოდების სტრუქტურის გაუმჯობესება ღვინისა და სუფრის ყურძნის ჯიშობრივი შეთანაწყობის საფუძველზე; საჭიროა მცირე ფერმერთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; ფერმერთა ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფების ფორმირების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი კანონმდებლობის მომზადება და მიღება; ნიშვნელოვანია განხორციელდეს ფერმერული მეურნეობებისათვის თანამედროვე თეორიული ცოდნისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციების ეფექტიანი მიწოდება და ურთიერთგაცვლა; საჭიროა შემუშავდეს სამაცივრე მეურნეობებისა და ღვინის მცირე ქარხნების გაფართოების სტრატეგია; ღვინის ბაზრის დივერსიფიკაცია უნდა განხორციელდეს ტრადიციულ, მაგრამ არასტაბილურ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებით; დამატებითი ღონისძიებებია გასატარებელი ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის მდგრადობის შენარჩუნება/გაფართოებისათვის სტრატეგიულ ბაზრებზე (მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში); შესამუშავებელია ღვინის ბაზრის დივერსიფიკაციის სტრატეგია ახალ ბაზრებზე (ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია). 

მეცნიერთა შეფასებით, კვლევის შედეგად სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მეცნიერულად არგუმენტირებული რეკომენდაციები ფერემერული მეურნეობების დივერსიფიკაციის შესაძლებლობების შესახებ. დარგის ექსპერტები და მეცნიერები მიიღებენ დამატებით ინფორმაციასა და თეორიებს ფერმერული მეურნეობების განვითარების ფორმაციისა და დივერსიფიკაციის კუთხით. კვლევის შედეგები, ასევე, დაეხმარება ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთობლივი პროექტების დაგეგმვაში.

საქართველოში ფერმერულ მეურნეობათა დივერსიფიკაციის პრობლემებზე კვლევა აქამდე არ ჩატარებულა. 2015 წლიდან კვლევა, როგორც აღინიშნა, სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევითი პროექტის ფარგლებში გრძელდება, შესაბამისად კვლევაში ჩართულია მიკროეკონომიკის კათედრის აკადემიური პერსონალი, თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები: მარინა ჩავლეიშვილი, მარინა ნაცვალაძე, ია ნაცვლიშვილი, ინეზა გაგნიძე, ასისტენტ პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი. კვლევაში ჩართული არიან ასევე ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები: ანა ლომოური, რუსუდან გურაშვილი, სალომე ექიზაშვილი.

კვლევისა და მისი შედეგების შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები ამ დროისათვის გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კონფერენციის შრომათა კრებულებში:

„ქართული ღვინის ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები“ (თანაავტორები მ. ჩავლეიშვილი, მ. ნაცვალაძე), მეცნიერების, ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის მე-16 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკონომიკა, ინდუსტრიული და ბიზნეს მენეჯმენტი“, 27-28 ოქტომბერი, 2014. ბარსელონა (ესპანეთი) და ა.შ.