Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კვლევა „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის“ შესახებ

ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებით შესწავლას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს და შედეგად დაგროვილია ვრცელი ლინგვისტური მასალა ეტიმოლოგიური ლექსიკონების, მონოგრაფიებისა თუ ცალკეული სამეცნიერო სტატიების სახით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველურ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა „ახალი პარადიგმა“, დღემდე არ შეჯერებულა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის შედეგები, არ განხორციელებულა ამ შედეგების სისტემური თანმიმდევრული ანალიზი იმ მიზნით, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა სრულყოფილი ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა.

„მონათესავე ენათა ისტორიულ-შედარებითი კვლევის სისტემურ შეჯამებას, როგორც წესი, წარმოადგენს მოცემულ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა. ამგვარ შეჯამებას სრულყოფილებას მატებს ფუძეენის დონეზე რეკონსტრუირებული ლექსიკონი. სასურველია, ეს უკანასკნელი სტრუქტურირებული იყოს თემატურად, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ისტორიულ-შედარებითი კვლევის გაღრმავება და გაფართოება შესაბამის ფუძეენაზე მოლაპარაკე ხალხთა სულიერი და მატერიალური კულტურის შესწავლის მიზნით“, - ასე ხსნის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის“ შესახებ დაწყებული კვლევის მნიშვნელობას, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა (პროექტის ხელმძღვანელი – აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ძირითადი შემსრულებლები: აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, თსუ-ს ასოცირებული პროფორები რუსუდან ასათიანი, მარინე ივანიშვილი და ეთერ სოსელია).

აღნიშნული პროექტი, ფაქტობრივად პირველად, გვთავაზობს ერთიან, თანმიმდევრულ და სისტემურ ანალიზს ქართველური ენების ისტორიულ-შედარებითი კვლევებისა. მასში შეჯერებულია განსხვავებული თვალსაზრისები დღემდე ამ მიმართულებით არსებული ნაშრომებისა, რის შედეგადაც ივარაუდება ერთიანი წარმოდგენის შემუშავება საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის შესახებ, და რაც მთავარია, ნაშრომში შესატყვისობათა სრული სისტემის შეჯერების საფუძველზე აღდგენილია საერთო-ქართველური ფონოლოგიური სისტემა ისტორიულ-შედარებითი კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და ტიპოლოგიური მონაცემების სათანადო გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგად მნიშვნელოვნად იცვლება გრამატიკის ძირითადი საკითხები, მათ შორის – სახელური და ზმნური პარადიგმების ძირითადი მახასიათებლები, აგრეთვე – ზოგიერთი სინტაქსური მახასიათებელიც, მაგალითად, საერთო-ქართველური ფუძეენის სინტაქსური წყობის საკითხი...

პროექტში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე სემანტიკური რეკონსტრუქციის პრობლემატიკაზე; ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონებში ხშირად რეკონსტრუირებულია ენობრივი ფორმა და არ არის მითითებული შესაბამისი სემანტიკა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფონოლოგიურად შესატყვისი ფორმები სემანტიკურ სხვაობას ავლენენ. თანამედროვე ენათმეცნიერებაში სემანტიკური კვლევის გაფართოებამ, კოგნიტიური ლინგვისტიკის ჩამოყალიბებამ და განვითარებამ ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა სემანტიკური რეკონსტრუქციების განსახორციელებლად.

სურ.:სულხან-საბას ატლასი, რომელიც 1716 წელს ევროპიდან დაბრუნებულმა ქართლის ელჩმა თან ჩამოიტანა. ატლასზე დატანილია სულხან-საბას მიერ შესრულებული ქართული წარწერები.

„წარმოდგენილი პროექტი ვარაუდობს საერთო-ქართველური ენის ერთიანი სისტემის რეკონსტრუქციას, რაც გულისხმობს არა მარტო ფონოლოგიური სისტემის აღდგენას, არამედ ძირითადი გრამატიკული მახასიათებლების რეკონსტრუქციასაც.

პროექტი მხოლოდ ამ პრობლემატიკით არ შემოიფარგლება. ასევე ივარაუდება ფუძეენის სისტემატიზებული სემანტიკური ლექსიკონის შექმნა, რაც, ფაქტობრივად, საერთო-ქართველური ლექსიკონის სტრუქტურირებას ნიშნავს თემატური სემანტიკური ჯგუფების მიხედვით. „ვფიქრობთ, პროექტით გათვალისწინებული კვლევა იძლევა საფუძველს აღვადგინოთ ქართველურ ენებზე მოლაპარაკეთა პრეისტორიული განვითარების ადეკვატური სურათი და წარმოდგენა შეგვექმნას ამ ხალხთა უძველესი მატერიალური და სულიერი კულტურის შესახებ,“- აცხადებენ პროექტის ძირითადი შემსრულებლები.

მათი განმარტებით, აღნიშნული კვლევა აქტუალურია არა მხოლოდ ქართველოლოგიისათვის, საერთო-ქართველური ერთიანი ენობრივი სისტემის აღდგენის თვალსაზრისით, არამედ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერებისათვის საზოგადოდ, რადგან საერთო-ქართველური ფუძეენა ერთ ქრონოლოგიურ სიბრტყეზე (V-III ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე) მოიაზრება პროტო-ინდოევროპულთან და პროტო-სემიტურთან ერთად. შესაბამისად, საერთო-ქართველურ ფუძეენაზე მოლაპარაკენი წინა აზიის კულტურული არეალის უძველესი ცივილიზაციის ხალხებს შორის ექცევიან. სწორედ ამიტომ ქართველური ენათმეცნიერების მონაცემების გათვალისწინება, ქართველურ ენათა სისტემური შედარებით-ისტორიული შესწავლის შუქზე, ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს ინდოევროპულ და სემიტურ ენათმეცნიერებაშიც; ამასთან ერთად, მიღებული შედეგები საინტერესოა კავკასიურ ენებთან მიმართების თვალსაზრისითაც, რამდენადაც ობიექტური დასკვნა ქართველური (სამხრეთკავკასიური) და ჩრდილოკავკასიური ენების ურთიერთმიმართების შესახებ მხოლოდ შესაბამისი ფუძეენების შედარება-შეპირისპირების შედეგად შეიძლება გაკეთდეს.

აღნიშნული ტიპის სამუშაოს ჩასატარებლად პროექტის მონაწილეებს მოუხდათ თავმოყრა ქართველოლოგიური ისტორიულ-შედარებითი კვლევების შედეგებისა, რათა მათი შეჯერება-შეპირისპირება განხორციელებულიყო ერთი განსაზღვრული „პარადიგმის“ ფარგლებში, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. რეგულარულ ფონოლოგიურ შესატყვისობათა სისტემის დაზუსტებისას, შესატყვისობათა განსხვავებული ინტერპრეტაციების შეჯერება-შეპირისპირების დროს სავსებით დასაშვებია, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციები ერთმანეთის მიმართ „კომპლემენტარულნი“ აღმოჩნდნენ ფუძეენის სხვადასხვა ქრონოლოგიური დონის (უშუალოდ დაშლის წინა პერიოდისა და უფრო ადრინდელი დონის) გათვალისწინებით. სწორედ ამგვარი ვითარება დასტურდება, მაგალითად, „სიბილანტთა შესატყვისობების“ განსხვავებული ინტერპრეტაციების შედარება-შეჯერების შედეგად...

პროექტზე მუშაობა თითქმის დასასრულს უახლოვდება. პროექტით გათვალისწინებული კვლევის შედეგად გამოსაცემად მომზადდება ძირითადი ტექსტი ერთიანი მონოგრაფიისა „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკა (საერთო ქართველური სემანტიკური ლექსიკონითურთ)“;
პროექტის დასასრულს გამოიცემა კონკრეტული საკვლევი საკითხებისადმი მიძღვნილი სტატიების კრებული.