Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

უნიკალური აღმოჩენა

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება. 2015 წლის ზაფხული ისტორიაში შესაძლოა საინტერესო სამეცნიერო თარიღად შევიდეს თსუ მეცნიერთა და სტუდენტთა უნიკალური აღმოჩენის წყალობით – თსუ არქეოლოგიური ექსპედიციების ტერიტორიაზე, გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი) აღმოჩენილი ახალი არტეფაქტი, მეცნიერთა აზრით, შეცვლის არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა თქმით, არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უნიკალური წარწერა სრულიად გამორჩეულ, ინდივიდუალურ დამწერლობას მიეკუთვნება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გრაკლიანი გორის გათხრების შედეგად დაფიქსირდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ძვ.წ. VII  საუკუნის ტაძარი ორი საკურთხევლით. საკურთხევლის ორივე პოსტამენტზე იკითხება ჯერჯერობით  უცნობი დამწერლობის ტექსტები. ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI  საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიული ცნობებიც შეცვალოს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალაღმოჩენილ არტეფაქტებს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ ლიჩელი. მისი თქმით, „წარწერა, რომელიც თსუ ექსპედიციამ აღმოაჩინა გრაკლიან გორაზე, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, მას ანალოგი არ მოეპოვება. რაც ყველაზე მთავარია, ის განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს, ანუ, საქართველოში დამწერლობის ისტორია უკვე 2700 წელს ითვლის. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების ელიტაში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე. ეს დამწერლობა აღმოჩნდა ტაძარში, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული, ამ ტაძარში გამართულია 2 საკურთხეველი და ორივე საკურთხეველზე წარწერაა აღმოჩენილი. ერთ მათგანზე, რომელიც დასავლეთითაა, არის რამოდენიმე ასო გამოყვანილი თიხით და მეორე საკურთხევლის პოსტამენტი მთლიანად არის დაფარული წარწერით.“ თსუ პროფესორის განცხადებით, „წარწერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცდება საქართველოს მეცნიერების შესწავლის ფარგლებს და საერთაშორისო კვლევის საგანი გახდება. ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს“, ამბობს იგი.

გრაკლიანი გორა. ნამოსახლარი და სამაროვანი

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების 300000-წლიანი უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 10 ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები – პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და ფარმაცევტული ხელსაწყო – ე.წ. სპატულა, რომელიც წამლების, ხსნარების შესარევად გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი; უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი;  ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის ერთადერთი ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).  მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის, საკულტო წისქვილი – 3 კონსტრუქციის ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ. მსოფლიოში არ მოიპოვება გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ტაძრის საკურთხევლის ბაქნის ანალოგი, რომელიც დიდი დედის კულტთან არის დაკავშირებული. დიდი დედა, იგივე ღმერთების დედა საკურთხეველთანაა გამოსახული. გრაკლიან გორაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა. წლის დასაწყისში გრაკლიან გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი ამ ტერიტორიაზე გრაკლიანის არქეოლოგიური გორის ღია მუზეუმი გაკეთდება. ამჟამად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით უკვე დასრულებულია ძეგლის დაცვისათვის აუცილებელი გადახურვის კონსტრუქციის მშენებლობა.

ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა – საქართველოს გარდა – უკვე გააკეთა რამოდენიმე პრეზენტაცია უცხოეთში – ორჯერ გერმანიაში, ხოლო ერთხელ – სანკტ-პეტერბურგში, ირანისტთა და აღმოასვლეთმცოდნეთა მერვე საერთაშორისო კონგრესზე. ახლადაღმოჩენილმა წარწერამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მისი შესწავლის სურვილი გამოთქვეს ბორდოსა (საფრანგეთი) და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებმა.

ვახტანგ ლიჩელის წინასწარული გამოკვლევა გრაკლიანი გორის წარწერის შესახებ გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 2015 წლის ნოემბერში ჩატარებული ქართველოლოგიური კონგრესის მასალებში.