Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გერმანელების ყოფა-ცხოვრება კავკასიაში

გერმანული თემი საქართველოში დიდი არ არის. დღეს საკმაოდ ცოტა ადამიანის შთამომავალია შემორჩენილი მათგან, ვინც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გერმანიიდან საქართველოში გადმოსახლდა ან მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, არც ბევრი ნაშრომია იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეიტანეს ამ ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ პროექტი, რომელის ერთ-ერთი მიზანი გერმანელების საქართველოში ყოფნის სოციალური მახსოვრობის გაანალიზება იყო, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული მეცნიერებისთვის, არამედ სტერეოტიპების საფუძვლების ანალიზისთვისაც. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროექტი მულტიეთნიკურმა სამეცნიერო ჯგუფმა განახორციელა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობით განხორციელებულ მულტიკულტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი „კავკასია, კულტურა, კონფლიქტი“ გახლავთ. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი პროექტზე 2011-2013 წლებში მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დეპარტამენტთან ერთად მუშაობდა.

პროექტის ხელმძღვანელები გერმანული მხრიდან მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის დეპარტამენტის დოქტორი შტეფან ფოელი და პროფესორი ერნსტ ჰალბმაიერი იყვნენ. საქართველოს მხრიდან – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ხუციშვილი. პროექტში ჩართული იყვნენ ასევე ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: ნათია ჯალაბაძე და ლავრენტი ჯანიაშვილი, თსუ დოქტორანტები: თეა ქამუშაძე, ირაკლი ფიფია და თსუ სტუდენტები.

პროექტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში ყოველ წელს კონკრეტული სამეცნიერო საკითხი მუშავდებოდა. 2011 წელს ეს – „კავკასია, კონფლიქტი, კულტურა: კონფლიქტის ანთროპოლოგია და პრევენცია სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში“ გახლდათ; 2012 წელს – „საზღვრების გადაკვეთა ქვემოდან: ინტერეთნიკური კონტაქტები სამხრეთ კავკასიის სასაზღვრო სოფლებში“ და 2013 წელს – „გერმანელები კავკასიაში: ურთიერთობები მულტიეთნიკურ გარემოში“.

 

■ ახლად გადმოსახლებულ გერმანელთა დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა იმდროინდელ სოციალურ-კულტურულ ყოფაში. დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის მატერიალური ძეგლები, კერძოდ: სახლები, სამეურნეო ნაგებობები, ეკლესიების ნაშთები და ყოველდღიური საგნები.

 

ამ პროექტს როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო-პრაქტიკული მიზნები ჰქონდა. „მისი სასწავლო მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და გერმანიის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საველე სამუშაოების ერთობლივად დაეგეგმვა-წარმოების, ცოდნის გაზიარების (მათ შორის ანთროპოლოგიური კვლევის სხვადასხვა ტექნიკის კუთხით) საშუალების მიცემა და ერთობლივი მუშაობის სამომავლო გეგმების განსაზღვრა იყო. 2013 წელს პროექტში 8 ქართველი (ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები), 3 აზერბაიჯანელი, 6 სომეხი და 6 გერმანელი სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელთა ახალი თაობებისთვის უშუალო, პირადი კონტაქტების საფუძველზე, მშვიდობიანი კავკასიის პერსპექტივებისთვის დისკუსიის შესაძლებლობა იყო. კვლევა კონფლიქტური მხარეების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის (სომეხი და აზებაიჯანელი) გამაერთიანებელი ფაქტორი გახდა. ვფიქრობთ, ასეთი კონტაქტი სამომავლოდ, როცა ეს სტუდენტები თავიანთ ქვეყნებში პოლიტიკის წარმმართველები იქნებიან, შესაძლებელია გონივრული და არაემოციური ქმედებების საფუძვლად იქცეს“. – მიიჩნევს ქეთევან ხუციშვილი.

როგორც მეცნიერი განმარტავს, პროექტის მესამე ეტაპის, „გერმანელები კავკასიაში“, მიზანი იმ სოციალური მახსოვრობის გაანალიზება იყო, რაც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიიდან 19-ე საუკუნეში კავკასიაში გადმოსახლებულ და 1941 წელს დეპორტირებულ გერმანელებზე შეიქმნა.  ეთნიკური თვალსაზრისით საკმაოდ ჭრელ რეგიონში ეს მოგონებები დღემდე ცოცხალია თავისი ურთიერთსაწინააღმდეგო სტეროტიპებით. კვლევა მულტინაციონალური ჯგუფების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოებდა. ტარდებოდა დაკვირვება და ინტერვიურება უშუალოდ იმ სოფლებში, სადაც ადრე გერმანული მოსახლეობა ცხოვრობდა. „ შევისწავლეთ გერმანელთა შესახებ არსებული კომპლექსური წარმოდგენა. იგი ერთი მხრივ გამოხატულია გერმანელთა ეკონომიკური და სამიწათმოქმედო ცოდნის მიმართ პატივისცემაში და, მეორე მხრივ კი მათი (რეგიონისათვის უცხო) ქცევითა და რუსეთის იმპერიის ოფიციალური მხარდაჭერით გამოწვეულ უნდობლობაში. გერმანელების ყოფა და ცხოვრების წესი კავკასიელების ყოველდღიურობისგან განსხვავდებოდა. მეფის რუსეთი მომგებიანად მიიჩნევდა მათ ჩასახლებას იმპერიის განაპირა რეგიონებში და მხარს უჭერდა ამ პროცესს, მათ შორის – მატერიალურად. კვლევის ძირითადი ინტერესი მიმართული იყო გერმანელთა კონკრეტული, კერძოდ შვაბიიდან მე-19 საუკუნეში საქართველოსა და აზერბაიჯანში გადმოსახლებული პროტესტანტული (ძირითადად პიეტისტები) ჯგუფებისადმი. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა (1777-1825), რომელიც თავადაც გატაცებული იყო პიეტისტთა (მიმდინარეობა პროტესტანტიზმში) იდეებით, კავკასიაში დასასახლებლად მოიწვია პოლიტიკური არასტაბილურობითა და მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით გაბეზრებული შვაბები (სუბეთნიკური ჯგუფი გერმანიაში) და თბილისის მიდამოებში დაასახლა – მიწათმოქმედების გან-ვითარების სტიმულაციის საბაბით. შვაბების შემდგომი ტალღა, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და აზერბაიჯანში, ელიზაბეტპოლის (დღ. განჯა) მახლობლად დასახლდა. გადმოსახლებულთა მოტივაცია – წამოსულიყვნენ კავკასიაში, მათი რელიგიური მსოფლმხედველობით იყო განპირობებული. ისინი 1836 წელს ქრისტეს მეორედ მოსვლას და ღვთის სამეფოს დამკვიდრებას მოელოდნენ და სურდათ ამ მოვლენის უშუალო მომსწრენი ყოფილიყვნენ. მათი აზრით, საქართველო იყო იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ეს პროცესი უნდა განხორციელებულიყო“. – განმარტავს ქეთევან ხუციშვილი.

მკვლევრების მიერ შესწავლილ სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია შვაბების ჩამოსახლების დეტალები და ისტორია. ახლად გადმოსახლებულ გერმანელთა დიდი ნაწილი თბილისის შემოგარენში დასახლდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა იმდროინდელ სოციალურ-კულტურულ ყოფაში. დღემდე შემორჩენილია მათი ყოფის მატერიალური ძეგლები, კერძოდ: სახლები, სამეურნეო ნაგებობები, ეკლესიების ნაშთები და ყოველდღიური საგნები. თბილისში დღემდე მოქმედებს ლუთერანული ეკლესია. თუმცა კვლევის ძირითადი ინტერესი სოფლად მცხოვრები გერმანელები გახლდნენ. კერძოდ, კვლევა ჩატარდა საქართველოში სოფლებში კატარინენფელდი (დღევანდელი ბოლნისი) და ელიზაბეთთალი (დღევანდელი ასურეთი) და აზერბაიჯანში ჰელენენდორფში (დღევანდელი გოიგიული).

მკვლევართა დასკვნით, დღეს ამ სოფლებში გერმანელები აღარ ცხოვრობენ, დარჩენილია მხოლოდ მათი მატერიალური კულტურის ნაწილი და ხსოვნა მათ შესახებ. ყოფილ ჰელენენდორფში წარმოშობით გერმანელი ერთი ქალბატონიღა ცხოვრობს, ასურეთში მცხოვრები „გერმანული სახლის“ მეპატრონე მოგვიანებით გადმოსახლებული გერმანელია და არ უკავშირდება მაშინდელ გერმანელებს. არავინაა ბოლნისშიც. ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს გადაასახლეს, ნაწილი გერმანიაში დაბრუნდა. ისტორიული ყოფა დღეს მხოლოდ წყაროებში ან ადგილობრივთა ნარატივებშია შემონახული.

საქართველოში, კერძოდ ბოლნისსა და ასურეთში შეკრებილი მასალა გერმანელთა მატერიალური ძეგლების (საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები და ა.შ.) აღწერილობას და ფუნქციონალურ ფიქსაციას გულისხმობს. გარდა ამისა, მოიცავს სოციო-კულტურული (გერმანელთა ცხოვრების ხსოვნა და მისი გავლენა ამჟამინდელ ყოფაზე, კულტურული ურთიერთობები და ა.შ.) ხასიათის ინფორმაციას.

შემორჩენილია გერმანელების ტრადიციული საცხოვრებლები ვრცელი და ღრმა სარდაფებით. ახლა ამ სახლებში გასული საუკუნის 40-იან წლებში იმერეთიდან და რაჭიდან ჩამოსახლებული ქართველები ან მეზობელი სოფლებიდან გადმოსული სომხები ცხოვრობენ. გერმანელთა დანატოვარ შენებობს იყენებენ ასევე კომერციისათვის (რესტორნები გერმანული ინტერიერით, მაღაზიები და ა.შ). მობინადრეები აღიარებენ, რომ სიძველის მიუხედავად, ეს ნაგებობი საკმაოდ კომფორტული და პრაქტიკულია. ბოლნისში ფუქციონირებს ლუთერანული ახალი სამლოცველო სახლი, მრევლი ძირითადად სომეხი და ქართველია. გერმანელთა ძველი სამლოცველოს ადგილას ამჟამად სპორტული სკოლაა. ექსპედიციის მონაწილეთა ყურადღება მიიპყრო ე.წ. რელიგიათა ჩანაცვლების საკითხმაც – „პიეტისტი“ გერმანელების ადგილი დაიჭირა „ლუთერანულმა“ ქართულ-სომხურმა თემმა.

„კვლევის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად პოზიტიურ განწყობებს ამჟღავნებს ადრე აქ მცხოვრები გერმანელების მიმართ. მიაჩნიათ, რომ თავის დროზე მათ ააყვავეს ის ადგილები, სადაც ცხოვრობდნენ, გააშენეს ზვრები, ჰქონდათ საუკეთესოდ მოწყობილი მეურნეობები, ნერგავდენენ ტექნიკურ ინოვაციებს (მაგ. ასურეთში სურდათ მოეწყოთ ტრამვაის ხაზი) და ა.შ. თუმცა, იმავდროულად აღნიშნავენ, რომ გერმანელები ნაკლებად ურთიერთობდნენ სხვებთან (აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, ქართველებთან). გავრცელებულია მოსაზრება, რომ წარსულში გერმანელთა აქ ცხოვრება შეიძლება პრაქტიკულად გამოიყენონ. კერძოდ, გასახლებულთა შთამომავლებთან კონტაქტების დამყარება, მათი საშუალებით კაპიტალდაბანდებების გაზრდა ან ტურისტული სფეროს გამოცოცხლება“. – განმარტავს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ლავრენტი ჯანიაშვილი

მკვლევართა შეფასებით, გარდა იმისა, რომ პროექტის მესამე ნაწილით კავკასიაში გადმოსახლებული გერმანელების შესახებ შემორჩენილი ინფორმაციის ფიქსაცია მოხდა, გაკეთდა ასევე დასკვნა, რომ მეხსიერება, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური, განსაზღვრავს სტერეოტიპების გაჩენა-არსებობას. პროექტის აკადემიური შედეგი გახდა ასევე 2013 წელს მარბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა „კურუპირას“ მიერ დაბეჭდილი კრებული „კავკასია, კონფლიქტი, კულტურა. კრიზისული პერიოდების ანთროპოლოგიური ხედვა“. ეს წიგნი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების კვლევის ნაწილს წარმოადგენს.