Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ამერიკული გამოცდილება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის

საქართველოში ტურიზმის განვითარება ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად არის დეკლარირებული. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის შეფასებული ამ დარგის როლი სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდაში და თსუ მეცნიერის კვლევამდე არც მეთოდოლოგია არსებობდა, რომლითაც ეს შეფასება უნდა მომხდარიყო. ამ მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებისთვის საფუძველის შექმნა ითავა თსუ ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელმა, სრულმა პროფესორმა მაია მარგველაშვილმა. მან 2011 წელს გაიმარჯვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის საგრანტო კონკურსში და სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის (ქ. კოლუმბია, სამხრეთ კაროლინა, აშშ) მასპინძლობით, საცალო ვაჭრობისა და სპორტის მენეჯმენტის კოლეჯში მუშაობდა თემაზე „მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის კვლევა“. მეცნიერის ყოფნას აშშ-ში, კვლევის მიგნებების გარდა, სხვა შედეგიც მოჰყვა - ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა 2014-2015 წლიდან ტურიზმში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლისა და კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობის თაობაზე თსუ-სა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

მაია მარგველაშვილი ასე აღწერს საქართველოში ტურიზმის კვლევის მიმართულებით არსებულ პრობლემებს:

„საქართველოს ეროვნულ ტურიზმში არსებული ვითარების შესწავლამ (2009-2011 წწ) და მისი როლის დადგენის მცდელობამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში გამოავლინა, რომ მიუხედავად საქართველოს წარმატებებისა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის “Doing Businessს” რეიტინგებში, ქვეყნის ტურიზმის სექტორი საერთაშორისო არენაზე არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიო მოგზაურობის, ტურიზმის საბჭოსა (World Travel and Tourism Council - WTTC) და Oxford Economics-ის ექსპერტების ყოველწლიურ ანგარიშებში საქართველოს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდიკატორები (მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკის წილი მშპ-ში, მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პირდაპირი წილი მშპ-ში, მათი ზრდა, დასაქმება და ა.შ.) საერთოდ არ ქვეყნდებოდა ამ მონაცემთა არარსებობის გამო.

“პრაქტიკულად შეუძლებელია ტურიზმის წილის დადგენა ეროვნულ ეკონომიკაში, რადგან არავინ აღრიცხავდა და აანალიზებდა მოთხოვნას მოგზაურობასა და ტურიზმზე; მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკის წილს მშპ-ში; დასაქმებას დარგში; კაპიტალურ ინვესტიციებს და ა.შ. არც ამ ეკონომიკური პარამეტრების შეფასების რაიმე მეთოდოლოგია არსებობდა საქართველოში; სრულიად იგნორირებული იყო შიდა ტურიზმი და გაყვანის ტურიზმი; ასეთივე, გაურკვეველი ვითარება იყო მომსახურების ექსპორტის, საერთაშორისო ტურიზმში ექსპორტ-იმპორტის ბალანსის და სხვ. საკითხებშიც. ეროვნული ტურიზმის ინდუსტრიაზე მსჯელობა გასული საუკუნის მეთოდით - საზღვრის გადმომკვეთთა რაოდენობის თვლით, ვერავითარ წარმოდგენას ვერ ქმნის მის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. ამასთან, ტურიზმის სატელიტური ანგარიში (Tourism Satellite Account - TSA), რომლის გარეშეც შეუძლებელია მოგზაურობისა და ტურიზმის რეალური ეკონომიკური მონაცემების დადგენა (რეკომენდებულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს და დანერგილია მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში) არ იყო დანერგილი საქართველოში, ვინაიდან ტურიზმის დარგის ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებდა მის მნიშვნელობას“, - სწორედ ეს შედეგები გახდა მეცნიერის მიერ მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის კვლევის დაწყების მიზეზი.

როგორც მაია მარგველაშვილი აღნიშნავს, მთელი რიგი ემპირიული კვლევებით დადგენილია, რომ ტურიზმს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში, რეგიონული ასიმეტრიულობის შემცირებაში, სამუშაო ადგილებისა და პოზიტიური გარე ფაქტორების შექმნაში, რაც ზეგავლენას ახდენს (პირდაპირ, თუ არაპირდაპირ) სხვა ეკონომიკურ აქტივობებზე.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტურიზმის, ისევე როგორც ეკონომიკის სხვა დარგების, პრიორიტეტად გამოცხადება მისი რეალური ეკონომიკური სურათის ცოდნის გარეშე არასწორია და, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, შეუძლია საპირისპირო ეფექტის მოტანა. ტურიზმში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისათვის აუცილებელია ეკონომიკური ანალიზის ჩატარება. ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების ანალიზი უაღრესად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. იგი აფასებს ტურისტული საქმიანობის შენატანს რეგიონის, ქვეყნის ეკონომიკაში. ეკონომიკური ზემოქმედების ანალიზი, ასევე, ავლენს ეკონომიკურ სექტორებს შორის ურთიერთკავშირს და იძლევა შეფასებებს რიგი ქმედებებით განპირობებულ ცვლილებებზე ეკონომიკაში“, - აღნიშნავს კვლევის ავტორი.

კვლევის ობიექტად შერჩეულია სამხრეთ კაროლინის შტატი, ამის მიზეზს კი მეცნიერი შემდეგნაირად ხსნის: ტერიტორიითა (80,8 კმ2) და მოსახლეობით (4,6 მლნ) სამხრეთ კაროლინის შტატი თითქმის საქართველოს ტოლია; სამხრეთ-კაროლინაში მოგზაურობა და ტურიზმი აღიარებულია შტატის ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად, ისევე, როგორც ეს იყო იმ დროისათვის საქართველოში; სამხრეთ კაროლინა ერთ-ერთი პირველი შტატია აშშ-ში, რომელშიც ჯერ კიდევ 2001 წელს დაინერგა ტურიზმის სატელიტური ანგარიში, აქ სარგებლობენ ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების გამოთვლის მოწინავე მეთოდოლოგიით და ამ კუთხით გააჩნიათ დიდი გამოცდილება.

სამხრეთ კაროლინის შტატში ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა, რომ ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების ტიპური, სწრაფი და მარტივი მიდგომა მეტწილად ეყრდნობა ტურისტული აქტივობის, ხარჯებისა და მულტიპლიკატორების განსაზღვრას. ამგვარი შეფასება არაა ძვირადღირებული, შესაძლოა შესრულდეს სულ რამდენიმე საათში და, ძირითადად, დამოკიდებულია ანალიტიკოსის გამოცდილებასა და შეხედულებებზე.

ამის საპირისპიროდ, მეორე, უფრო საფუძვლიანი, სიღრმისეული და მნიშვნელოვანი შესწავლა აგროვებს აუცილებელ პირველად მონაცემებს ვიზიტორთა ხარჯების თაობაზე და ადარებს ხარჯებს ოფიციალური ეკონომიკური მოდელის შეფასებებს. რეგიონული ეკონომიკური მოდელებიდან ყველაზე გავრცელებულია დანახარჯები-გამოშვების მოდელი (Input-Output ანუ I-O Model). იგი წარმოადგენს მათემატიკურ მოდელს, რომელიც აღწერს რეგიონის ეკონომიკაში სექტორებს შორის ფულის ნაკადების დინებას. ფულის ნაკადის პროგნოზირება ხდება იმის მიხედვით, თუ რისი შესყიდვა სჭირდება თითოეულ სექტორს სხვა ინდუსტრიებისაგან იმისათვის, რომ აწარმოოს ერთი დოლარის ღირებულების ნაწარმი. თითოეული ინდუსტრიის მწარმოებლური ფუნქციის გამოყენებით დანახარჯები-გამოშვების მოდელი, ასევე, განსაზღვრავს გაყიდვების ნაწილის მოცულობას, რომელიც მიმართულია სარგოსა და ხელფასებზე, მესაკუთრეთა შემოსავლებსა და გადასახადებზე. ამ მოდელიდან მულტიპლიკატორების გამოანგარიშება ხდება რეგიონში ხარჯების რეცირკულაციის შეფასების საფუძველზე. ექსპორტი და იმპორტი განისაზღვრება მოსახლეობისა და ფირმების მიერ ადგილობრივი წყაროებიდან საქონლისა და მომსახურებების შესყიდვისადმი მიდრეკილების შეფასების საფუძველზე. რამდენადაც მეტადაა რეგიონი უზრუნველყოფილი საკუთარი საქონლითა და მომსახურებებით, მით მაღალია რეგიონის მულტიპლიკატორები.

კვლევის თანახმად, სამხრეთ კაროლინის შტატში სარგებლობენ MI-REC/IMPLAN სისტემით (Micro-Implan Receation Economic Impact Estimation System), რომელიც წარმოადგენს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრების სტინსისა და პროპსტის (Stynes & Propst, 1992) მიერ შემუშავებულ რეკრეაციისა და ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების თითქმის სრულყოფილ მიკრო-კომპიუტერულ სისტემას. ამ მოდელით გამოთვლილი ტურიზმის ეკონომიკური შენატანის მაჩვენებლები აშშ-ს სამხრეთ კაროლინის შტატის ეკონომიკაში იძლევა შემდეგ მონაცემებს: 2010 წელს ტურიზმის უშუალო (პირდაპირმა) შენატანმა შტატის ეკონომიკაში შეადგინა 9,710 მლრდ დოლარი, ანუ მთელი ეკონომიკის 3%, ხოლო მთლიანმა (პირდაპირმა, არაპირდაპირმა და ინდუცირებულმა) შენატანმა 17,039 მლრდ დოლარი, ანუ მთელი ეკონომიკის 6%. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2010 წლისათვის სამხრეთ კაროლინაში შეადგინა 107 ათასი ადამიანი, რაც საერთო დასაქმების 6%-ია, ხოლო არაპირდაპირი და ინდუცირებული დასაქმების გათვალისწინებით დასაქმებულთა რაოდენობამ 160 ათასს მიაღწია, რამაც საერთო დასაქმების 9,2%-ი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთო დასაქმებაში არაა მიღებული ფერმერული დასაქმების (სასოფლო-სამეურნეო სექტორში თვითდასაქმება) გათვალისწინება. ამასთან, ტურიზმში დასაქმებულთა უდიდესი წილი მოდის სურსათითა და სასმელით მომსახურების სექტორზე, რომელშიც 54 ათასი ადამიანია დასაქმებული, ანუ ტურიზმში მთლიანი დასაქმების 51%. 21 ათასი ადამიანია დასაქმებული განთავსების სექტორში, რაც საერთო დასაქმების 19,7%-ს შეადგენს. 2010 წელს სარგოსა და ხელფასების სახით ტურიზმში გაცემულია 2,768 მლრდ დოლარი, ხოლო არაპირდაპირი და ინდუცირებული ეფექტის გათვალისწინებით - 4,912 მლრდ დოლარი. ამასთან, იგივე პერიოდში გადასახადების სახით ბიუჯეტში შესულია 1,174 მლრდ დოლარი. მონაცემთა წყაროს ეკონომიკური ანალიზისათვის წარმოადგენს შტატის ტურიზმის სატელიტური ანგარიში.

როგორც მაია მარგველაშვილი ამბობს, სამხრეთ კაროლინის შტატში დანერგილი სისტემის გათვალისწინება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვაში. ამისათვის კვლევისას შემუშავდა რეკომენდაციებიც, რომლებიც, მეცნიერის აზრით, გამოადგება საქართველოს მთავრობას. ვინაიდან იგი აჩვენებს მოგზაურობისა და ტურიზმის ეკონომიკური პარამეტრების, ეროვნულ ეკონომიკაში მისი შენატანის ზუსტად დადგენის მნიშვნელობას, საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეროვნული ტურიზმის განვითარების გეგმებში კორექტირების შეტანის აუცილებლობას და ა.შ.

მეთოდოლოგია გამოადგება ასევე კერძო სექტორს, რადგან ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ეკონომიკურ პარამეტრებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

რეკომენდაციები კი ასეთია:

1. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწესრიგდეს ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკა და დაინერგოს ტურიზმის სატელიტური ანგარიში.

2. ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების ანალიზისათვის დაინერგოს საქართველოში დანახარჯები-გამოშვების მოდელით, როგორც ყველაზე სრულყოფილი მოქმედი მოდელით, სარგებლობა (უმჯობესია აშშ-ში მოქმედი MI-REC/IMPLAN სისტემის ადაპტირება).

3. ვინაიდან არ არსებობს არავითარი მონაცემი საქართველოს შიდა ტურიზმის მოცულობისა და ეკონომიკური ზემოქმედების შესახებ, დაინერგოს ე.წ. “მოგზაურობის ეკონომიკური ზემოქმედების მოდელი” (Travel Economic Impact Model - TEIM), რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, შეაფასოს საქართველოს რეზიდენტების ტურისტული აქტივობის ეკონომიკური ზემოქმედება ეროვნულ და რეგიონულ ეკონომიკაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოს აუცილებელი ცვლილებები ეროვნული ტურიზმის განვითარების გეგმებში.

ამასთან, კვლევის ავტორის აზრით, მიზანშეწონილია შეთავაზებული რეკომენდაციების განხორციელებაზე მუშაობის დაუყოვნებლად დაწყება, რათა 2008-2012 წწ. გლობალური რეცესიიდან მსოფლიოს ეკონომიკის გამოსვლისა და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის გამყარების მომენტს საქართველოს ტურიზმის სექტორი შეხვდეს სათანადო მზადყოფნით.

მაია მარგველაშვილის კვლევის შედეგების ნაწილი აისახა გამოქვეყნებულ ნაშრომებში Economic Value of Domestic Travel and its Estimation Methodology (2011); `ტურიზმის ეკონომიკური ზემოქმედების შესწავლის ეტაპები“, „ტურიზმის ეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა და სახეები“ (2012 წ.) და სხვ. აშშ-ში ყოფნის პერიოდში ქართველმა მეცნიერმა ხელი მოაწერა განზრახულობათა წერილს, საცალო ვაჭრობისა, სპორტის მენეჯმენტის კოლეჯსა და თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის აკადემიურ თანამშრომლობაზე. ამჯერად მიმდინარეობს მუშაობა 2014-2015 წლიდან ტურიზმში ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლისა და კვლევით საქმიანობაში თანამშრომლობის თაობაზე თსუ-სა და სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად.