Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ინოვაციური მიდგომების საჭიროება მსოფლიოში კეთილდღეობის გაზრდისათვის

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და სტაბილური ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფის ამოცანა თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია –  როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. ამ პრობლემის დაძლევის ინოვაციური გზების ძიებას ისახავს მიზნად თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომიკის დოქტორის ია ნაცვლიშვილის კვლევა ”კეთილდღეობის გაუმჯობესება მსოფლიოში - გლობალურ ვაჭრობაში ინოვაციური მიდგომების საჭიროება”. კვლევა მეცნიერმა ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ სტიპენდიის მხარდაჭერით აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას 2011-2012 წლებში დაამუშავა.

ია ნაცვლიშვილის განმარტებით, კვლევა მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინოვაციური მიდგომების გამოვლენას თანამედროვე გლობალური ეკონომიკისათვის პოსტ კრიზისულ პერიოდში. კვლევის შედეგები ამ ეტაპზე წარმოაჩენს მსოფლიოში კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ტრანსატლანტიკური ეკონომიკური თანამშრომლობის როლსა და მნიშვნელობას პოსტ კრიზისულ პერიოდში.

კვლევის თანახმად, უკანასკნელ წლებში, მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არსებული გლობალური ეკონომიკური სისტემის რელევანტურობა; მრავალ ქვეყანაში გაიზარდა საკუთარი ფირმების უცხოელი კონკურენტებისგან დაცვის სურვილი; გართულდა თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციებზე ყოვლისმომცველი შეთანხმებების დადება; საჭიროა ახალი და კრეატიული მიდგომები მოლაპარაკებებისთვის, რათა ბიძგი მიეცეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი ლიბერალიზაციისადმი დაინტერესების გაზრდას. მკვლევარის აზრით, ეს მიდგომები უნდა იყოს პრაგმატული და განხორციელებადი არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში.

ია ნაცვლიშვილის მოსაზრებით, თავისუფალი ვაჭრობისა და კაპიტალის თავისუფლად გადაადგილების მხარდასაჭერად, შეიძლება რამდენიმე მიდგომა იყოს წარმოდგენილი: სავაჭრო მოლაპარაკებათა დეცენტრალიზაცია; მრავალმხრივი და დარგობრივი შეთანხმებები ქვეყნებს შორის; გაძლიერებული და მზარდი სავაჭრო ლიბერალიზაცია; მრავალმხრივი შეთანხმებების სისტემის გაძლიერება გლობალური საინვესტიციო პოლიტიკის საშუალებით; სუსტად განვითარებული ქვეყნებისთვის ბაზარზე შესვლის უკეთესი პირობების შეთავაზება; აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ხელი შეეწყოს ეკონომიკურ კეთილდღეობას ტრანსატლანტიკურ ბაზარზე და მსოფლიოში.

როგორც მეცნიერი ასაბუთებს, გლობალური ეკონომიკის ზრდისთვის საჭიროა მსოფლიო ეკონომიკის ორი გიგანტის - აშშ-სა და ევროკავშირის განახლებული გლობალური ლიდერობა და მათი ამბიციური ინიციატივები, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე მის მიღმაც.

კვლევის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის შეცვლამ საეჭვო გახადა სავაჭრო შეთანხმებების ძველი, ომისშემდგომი მოდელი. ეს მოდელი დიდწილად ფოკუსირდებოდა სამრეწველო საქონლის ტარიფების შემცირებაზე, ის დაფუძნებული იყო ვაჭრობის ტრადიციულ აღქმაზე, რითაც ვაჭრობა განიხილება როგორც ნულოვანი ჯამის მქონე თამაში, რომელიც მოიცავდა საქონლის მხოლოდ იმპორტს და ექსპორტს.

დღეისთვის ოთხმა ძირითადმა ელემენტმა გამოიწვია ცვლილებები საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ელემენტებია: 1) გლობალური მიწოდების ჯაჭვები და მულტინაციონალური ფირმების ზრდა, 2) გლობალური ვაჭრობა უფრო და უფრო მეტად წარიმართება ინვესტიციებით, 3) მცირდება პოლიტიკური მხარდაჭერა ღია ბაზრებისთვის, 4) მრავალმხრივი შეთანხმებები და ურთიერთობები მძლავრი ლიდერის გარეშე.

ფირმის შიგა ვაჭრობის დრამატული ზრდა ადასტურებს გლობალური მიწოდების ჯაჭვების და მრავალეროვნული ფირმების ზრდას. ფირმისშიგა ვაჭრობა შეადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (ეთგო) შემავალი ქვეყნების მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 16%-ს. ეს პროცესი არის ყველაზე გავრცელებული ეთგო-ში შემავალ ქვეყნებს შორის: აშშ-ში ეთგო-ში შემავალი ქვეყნებიდან საქონლის იმპორტის 58% არის ფირმისშიგა ვაჭრობა, ხოლო ბრაზილია-რუსეთი-ინდოეთი-ჩინეთიდან (BRIC) განხორციელებული იმპორტიდან 29% არის ასევე ფირმისშიგა ვაჭრობა. ფირმისშიგა ვაჭრობა საშუალოდ შეადგენს 48%-ს აშშ-ის საქონლის მთლიან იმპორტსა და 30%-ს ექსპორტში (ANew Era for Transatlantic Trade Leadership. A Report from the Transatlantic Task Force on Trade and Investment. February, 2012.).

დღეს ინვესტირების მნიშვნელოვანი მიზანია, გლობალური მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის მაქსიმიზაცია და კომერციული წარმომადგენლობის დაფუძნება უცხოურ ბაზარზე, რაც მრავალეროვნული ფირმებისთვის სერვისის მიწოდების მნიშვნელოვანი მეთოდია. საზღვარგარეთ პირდაპირი ინვესტიციის განხორციელება კომპანიებს საშუალებას აძლევს დაუახლოვდნენ არსებულ მომხმარებლებს და მოიძიონ ახალი მომხმარებლები მზარდ ბაზრებზე. მზარდი ეკონომიკის მქონე ბევრი ქვეყანა აანალიზებს, რომ შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) მათ სთავაზობს სწრაფ გზას ინდუსტრიალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში საერთაშორისო ვაჭრობა და პუი ურთიერთგამაძლიერებელი ეფექტით ხასიათდება. თანამედროვეობის ამოცანაა ხელოვნური დაყოფის სიტუაციის დაძლევა სავაჭრო პოლიტიკასა და საინვესტიცო პოლიტიკას შორის.

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, დადებითი დამოკიდებულება ბაზარზე ორიენტირებული რეფორმებისადმი, ზოგადად მცირდება. მსოფლიო მოწმეა ზრდადი ტენდენციისა, რომელიც მიმართულია ფინანსური სექტორის ხელახალი რეგულირების და შერჩევითი სამთავრობო ინტერვენციისკენ. ამ ტენდენციის სიმპტომია ასევე ნაკლები ენთუზიაზმი ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციისადმი.

გლობალური ვაჭრობის თანამედროვე გამოწვევა არის სავაჭრო სტრატეგიების შექმნა, იქნება ეს ორმხრივი, რეგიონული თუ მრავალმხრივი, რომელსაც შეუძლია განაპირობოს ეკონომიკური ზრდა და ახალი სამუშაო ადგილები და იმავდროულად პოზიტიური ზეწოლა ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკას სჭირდება საკმაო „ზეწოლა გარედან“ იმისათვის, რომ მოახერხოს ქვეყნების მოტივირება, რათა ისევ განახორციელონ მნიშვნელოვანი სავაჭრო ლიბერალიზაცია. ტრანსატლანტიკური ვაჭრობის ინიციატივა შეიძლება იყოს ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა.

აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ მსოფლიოში უდიდესი ორმხრივი სასაზღვრო ვაჭრობა და ინვესტიციები. 2010 წელს საქონლით ორმხრივმა ვაჭრობამ ატლანტიკის ოკეანის გაღმა, ორივე მხარე შეადგინა 674 მლრდ. დოლარი 2011 წელს ტრანსატლანტიკური ეკონომიკა შეადგენდა მსოფლიო მშპ-ს 54%-ს. 2009 წელს აშშ-სა და ევროკავშირზე მოდიოდა საქონლის მსოფლიო ექსპორტის 28.2% და მსოფლიო იმპორტის 33.4%. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2009 წელს აშშ და ევროკავშირი იყო წყარო 62,9% შემოსული და 75,3% გასული პუი-ების. 2010 წელს აშშ-დან ევროპაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცები შეადგენდა 1.1 ტრლნ დოლარს, ანუ აშშ-დან განხორციელებული მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 52%-ს. აშშ-დან განხორციელებული მთლიანი პუი-ების მხოლოდ 3.7% მოდიოდა BRIC-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) წევრ ქვეყნებზე. 2000-2010 წლებში აშშ-ში შესული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 76% მოდიოდა ევროპაზე. 2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან აშშ-ში იყო მნიშვნელოვნად მეტი (1.1 ტრლნ ევრო), ვიდრე ევროკავშირის მიერ განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთსა (58.3 მლრდ ევრო) და ინდოეთში (27.2 მლრდ ევრო) ერთად. 2009 წელს აშშ-ში ევროპიდან განხორციელებული იმპორტის 61%-ს შეადგენდა ფირმისშიგა ვაჭრობა, რაც შეადგენდა აშშ-დან ევროკავშირში განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 31%-ს (Hamilton, D. and Quinlan, J. 2011).

”ტრანსატლანტიკური ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგი, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილების შექმნისა და ზრდის მხარდასაჭერად და ევროპასა და აშშ-ში ეკონომიკური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, უწინარეს ყოვლისა, დაფუძნებული უნდა იყოს ღია ვაჭრობისა და ინვესტიციების პოლიტიკაზე. ეს განაპირობებს ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების უფრო დიდ ნაკადებს. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა განავითარონ ახალი ორმხრივი ინიციატივები სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით: ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელება, რომელიც ათავისუფლებს არსებითად ყველა სახეობის ვაჭრობას, ერთიანი მიდგომის შემუშავება ტარიფებსა და არასატარიფო ბარიერებზე, ორმხრივი ვაჭრობის ლიბერალიზაცია მომსახურების სფეროში, მოლაპარაკება ტრანსატლანტიკური საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ და ორმხრივი შეთანხმება სამთავრობო შესყიდვების შესახებ. ამ ორმხრივი ინიციატივების გარდა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა განავითარონ ინიციატივები, რათა გამოაცოცხლონ გლობალური ვაჭრობა: მრავალმხრივი და დარგობრივი დეცენტრალიზებული მოლაპარაკებები, ვაჭრობის ლიბერალიზაცია მომსახურების სფეროში, მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვებსა და ვაჭრობის გამარტივებაზე, ყველაზე სუსტად განვითარებული ქვეყნების განვითარებისათვის ხელშეწყობა. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ, რათა გააუმჯობესონ არსებული სისტემის დისციპლინის დაცვა გლობალურ ვაჭრობაში და გააძლიერონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სისტემა,” - ასეთია კვლევის ”კეთილდღეობის გაუმჯობესება მსოფლიოში - გლობალურ ვაჭრობაში ინოვაციური მიდგომების საჭიროება” საბოლოო დასკვნა.

რაც შეეხება მის მნიშვნელობას ქართული ეკონომიკისთვის, ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი ასე განმარტავს: ”საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და, ცხადია, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გავლენას ახდენს საქართველოში ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. საქართველოს ევროატლანიტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის არჩევანი კიდევ უფრო აძლიერებს აშშ-სა და ევროკავშირის ტრანს-ატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისათვის. აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში. 2013 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 27 პროცენტი შეადგინა (შედარებისათვის, დსთ-ს ქვეყნებთან 33%, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ ქვეყნებთან 40%). ამერიკის შერთებული შტატებს კი მესამე ადგილი უჭირავს აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში, რომელთა წილად მოდის საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 70 პროცენტი".

სათაურით ”კეთილდღეობის გაუმჯობესება მსოფლიოში –  გლობალურ ვაჭრობაში ინოვაციური მიდგომების საჭიროება” სამეცნიერო პოსტერი გამოქვეყნებულია გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ (International Institute for Applied System Analysis) ქ. ვენაში (ავსტრია) 2012 წლის 24-26 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “სამყარო მდიდართა შორის –  მეცნიერებიდან პოლიტიკამდე“ (Worlds Within Reach-From Science to Policy” ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამასთან სტატიის ძირითადი შინაარსი გამოქვეყნდა ელექტრონული ფორმატით 2013 წლის 24-25 იანვარს ესპანეთში ვალენსიის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმის „ეკონომიკური კრიზისი: პარადიგმის ცვლილბის დრო - სისტემური მიდგომებისკენ“ მასალათა კრებულში (Proceedings, International Symposium THE ECONOMIC CRISIS: TIME FOR A PARADIGM SHIFT – TOWARDS A SYSTEMS APPROACH, ISBN 9788890824210, January 24-25, 2913).