Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის

საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არაერთი პრობლემა არსებობს: გადაუჭრელია სასურსათო დამოუკიდებლობისა და სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემა; გაუმართავია ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა; შესამუშავებელია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ეროვნული სტრატეგია; არაეფექტიანია მონიტორინგის სამსახურები; შეინიშნება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის კლების ტენდენცია; სოფლის მეურნეობის კლებადი პროდუქტიულობა; მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე; არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი; სახეზეა კვების ჯაჭვში რისკების მართვის პრობლემები და ა.შ. ასეთი დასკვნა გააკეთა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა კვლევის ”სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის” დასრულების შემდეგ. კვლევის მიზანი ამ სფეროში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება იყო. იგი განხორციელდა 2011–12 წლებში და მისი შედეგები წარდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე.

როგორც კვლევის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკაზე მოქმედი ეკონომიკური ფაქტორების კვლევა განხორციელდა შემდეგ ინდიკატორებზე დაყრდნობით: საარსებო მინიმუმის მოცულობა და მისი შესაბამისობა საშუალო სულადობრივ შემოსავალთან; სურსათზე გაწეული დანახარჯების მოცულობა და დინამიკა; სურსათის ფასების დონის დინამიკა, ასევე, სურსათის ფასების შესაბამისობა სამომხმარებლო ფასებთან; სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში და მისი დინამიკა; საქართველოს სურსათის ექსპორტის იმპორტთან შესაბამისობის მაჩვენებელი და ა.შ.

ექსპორტ-იმპორტი: "სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის" კვლევის მიხედვით, საქართველოში სასურსათო დამოუკიდებლობის და სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემაზე მეტყველებს სურსათის იმპორტის მოცულობის ზრდა ექსპორტთან შედარებით. 2010 წელს სურსათის რეგისტრირებული ექსპორტი 1574.1 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი 5248.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ სურსათის იმპორტის მოცულობა ექსპორტს 3–ჯერ აღემატება (იხ. დიაგრამა 1). შესაბამისად, სურსათის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 0.33-ს შეადგენს.

საქართველოში სურსათის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში 2005-2011 წლებში საშუალოდ 14%-ია. 2010 წელს ექსპორტის 2.5 % ღვინით, 4% თხილით და 3.4% სპირტიანი სასმელებით არის წარმოდგენილი. ამავე წელს იმპორტის 1.5%-ს შაქარი, 1.6%-ს სიგარეტი და 3.4%-ს ხორბალი შეადგენდა(იხ. დიაგრამა 2 და 3).

მეცნიერის განმარტებით, ანალიზიდან ჩანს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვან ყურადღებას მოითხოვს სასურსათო დამოუკიდებლობის საკითხი, რაც სათანადოდ უნდა აისახოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე.

ხარისხის კონტროლი: კვლევის თანახმად, მართალია, სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში კანონითაა დარეგულირებული - საქართველოს კანონი "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ პარლამენტმა ჯერ კიდევ 2005 წლის 27 დეკემბერს მიიღო, მაგრამ მისი სრული ამოქმედება 2013 წლისთვის გადავადდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სურსათის უსაფრთხოების სფეროს რეგულირების პრობლემებს.

გარდა ამისა, ”სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონის ძალაში შესვლიდან მოყოლებული, სარეალიზაციაო ქსელში სასურსათო პროდუქტების მონიტორინგი ხორციელდება მათი ნიმუშების საკონტროლო შესყიდვებით და შემდგომ ლაბორატორიული გამოკვლევით. თუმცა საკონტროლო შესყიდვებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ათვისება ბოლომდე ვერ ხერხდება, რაც მეტყველებს სურსათის ხარისხის მონიტორინგის სფეროს მენეჯმენტის პრობლემებზე, მაშინ, როდესაც უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციით გაჯერებულია ქართული სასურსათო ბაზარი.

კვლევის თანახმად, სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა უშუალოდ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვა. სურსათის უვნებლობის სამართლებრივი პრინციპების მიხედვით საკვები პროდუქტები უნდა ექვემდებარებოდეს რისკის მეცნიერულ ანალიზს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარეშე ფაქტორები ან ანალიზის ხასიათი ამას შეუძლებელს ხდის. სურსათის უვნებლობა და ხარისხი უნდა იყოს გამჭვირვალე კვების მთელ ჯაჭვში.

საარსებო მინიმუმი და ფასები საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 2010 წელის დეკემბერში 113.4 ლარი შეადგინა. სულადობრივი საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 2010 წელს 178.6 იყო.

”ციფრებიდან ჩანს, რომ, თუ არ გავითვალისწინებთ შემოსავლების განაწილების დისპროპორციას, მოსახლეობის სულადობრივი საშუალო თვიური შემოსავლის 63% მინიმალური სასურსათო კალათის შეძენას ხმარდებოდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს სამომხმარებლო ხარჯებმა ქალაქში 255.2 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო სოფლად – 150.4 მლნ ლარი. აქედან სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულმა დანახარჯებმა შესაბამისად 99.0 მლნ (38%) და 69.0 (45.8%) მლნ ლარი შეადგინა. ნათელია, რომ საქართველოში შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს მოსახლეობა სურსათსა და საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს. ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოში ფიქსირდება სურსათის ფასების დონის ზრდის ტენდენცია სხვა სამომხმარებლო საქონელის ფასების დონესთან შედარებით,” - აცხადებს ეკა ლეკაშვილი.

კვლევის ”სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის” თანახმად, ყოველდღიურ რაციონში ძალზე დაბალია იმ სურსათის ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც შრომისუნარიან მამაკაცს დღის განმავლობაში დაუდგინეს, ეს დღიურად 2300 კკალ-ს არ აღემატება. ამ ციფრის თითქმის ნახევარი, დაახლოებით 47% - პურსა და პურპროდუქტებზე მოდის. ორგანიზმისთვის აუცილებელი ხორცი და მისი პროდუქტები რაციონში მხოლოდ 6.67%-ს შეადგენს, რძე და რძის პროდუქტები 8%-ით არის განსაზღვრული. საბოლოოდ, ასეთი კვება ადამიანის ორგანიზმის დაუძლურებასა და თანდათანობით სიკვდილს ნიშნავს, რაც სასურსათო უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმების უხეში დარღვევაა. (იხ. დიაგრამა 4 და დიაგრამა 5).

არაინფორმირებულობა მეცნიერის განმარტებით, საქართველოში, შემოსავლების სიმცირის გამო, სურსათის შეძენისას მოსახლეობა ძირითადად არჩევანს აკეთებს საფასე ფაქტორის გავლენით და არა საქონლის ხარისხობრივი შეფასებით. ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც, მომხმარებელი სასურსათო პროდუქტის შეფასებას ახორციელებს გაუთვითცნობიერებლად. მას არა აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ცოდნაზე. სასურსათო პროდუქციის მხრივ ქართველი მომხმარებლების და მწარმოებლების არაინფორმირებულობა მნიშვნელოვანდ უწყობს ხელს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემების გაღრმავებას. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი პროცესის ყველა მონაწილეზე თანაბრად ნაწილდება: მწარმოებლებზე, ტექნოლოგებზე, დისტრიბუტორებზე, მომხმარებლებსა და მთავრობაზე.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების ანალიზისას, კვლევაში განხილულია დემოგრაფიული საკითხებიც. კერძოდ, კვლევის თანახმად, საქართველოში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს (46,9%). ამასთან, შეინიშნება ამ მაჩვენებლის უმნიშვნელო შემცირების ტენდენციაც, რაც ნაწილობრივ მიგრაციის და ურბანიზაციის ფაქტორით არის განპირობებული.

რეკომენდაციები: კვლევის ავტორის, პროფესორ ეკა ლეკაშვილის განმარტებით, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს საქართველოში აგრარული სფეროს განვითარებისკენ, რადგან სასურსათო დამოუკიდებლობის და სურსათით თვითუზრუნველყოფის გარეშე უსაფუძვლოა სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის მოლოდინი. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცლებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება: სოფლის მეურნეობაში ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა; აგრარული სფეროს განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ირიგაციის და მელიორაციის სისტემის, სასოფლიო სამეურნეო ტექნიკის განახლების, სასაწყობო და სარეალიზაციო ფართების და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით და ფერმერებისათვის მათი წვდომის უზრუნველყოფა; საწვავით და სასუქით უზრუნველყოფა; აუცილებელია აგროსამრეწველო სექტორის განვითარება; კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდა და მეცნიერული კვლევების განხორციელება; მემცენარეობის და მეცხოველეობის სფეროში ეპიდემიების გავრცელების პრევენცია; კრედიტების ხელმისაწვდომობა; სოფლის მეურნეობაში დაზღვევის სისტემის შექმნა; სასოფლო–სამეურნეო მიწის ფონდის სრულყოფილი დამუშავება; მაღალი ხარისხის თესლით უზრუნველყოფა; საგადასახადო შეღავათების დაწესება; ფერმერთათვის კონსულტაციების გაწევა სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიღწევების შესახებ; სურსათის ხარისხის ეფექტიანი კონტროლი, რაც კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ პროდუქციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე და სტიმულს მისცემს სასურსათო წარმოების განვითარებას, შესაბამისად, დასაქმების და შემოსავლების ზრდას; ინვესტირება ლაბორატორიების სანდო, პროფესიულ და გამჭირვალე სისტემაში, რომელიც სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სასურსათო ბაზრის განვითარებისაკენ მსოფლიო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების, ტექნიკური, სამართლებრივი, საკადრო, კვლევითი და შიდა ბაზრის რისკ-მენეჯმენტის სისტემის სრულყოფის გზით. –  ასეთია ”სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის” კვლევის საბოლოო დასკვნა.