Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„მასალები ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიისათვის“

მკვლევარი ასე ხსნის საგრანტო პროექტის მიზანს: პროექტის მიზანია, ყოველმხრივ წარმოაჩინოს ილია ჭავჭავაძის შემოქმედება და ღვაწლი. მწერალთა პერსონალური ენციკლოპედიები ფრიად მნიშვნელოვანია მათი შემოქმედების ენციკლოპედიურად თავმოყრის, უკვდავყოფის, პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ზოგადად, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მოვლისა და მისი გადარჩენის კონტექსტში განიხილება. ამიტომაც კარგა ხანია მსოფლიოში არსებობს და მკითხველის დიდ ინტერესსაც იწვევს მხატვრული სიტყვის დიდოსტატთა: დანტეს, შექსპირის, ბერნსის, დიკენსის, გოეთეს, შილერის, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვათა პერსონალური ენციკლოპედიები. ჩვენს კულტურულ სინამდვილეში ამგვარი გამოცემა არ მოგვეპოვებოდა. (ზოგადადაც, არსებობს მხოლოდ ერთადერთი – 2002 წელს გამოცემული „ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, – ამბობს იგი.
მარი წერეთლის ინფორმაციით, სწორედ ილია ჭავჭავაძეა ის პირველი მწერალი და მოაზროვნე, რომლის პერსონალური ენციკლოპედიის მომზადების იდეაც გაჩნდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, „ქართულ ენციკლოპედიაში“, მისი ხელმძღვანელის, პოეტ-აკადემიკოსის ირაკლი აბაშიძის ინიციატივით. მაშინ გარკვეული სამუშაო შესრულდა კიდეც, თუმცა მუშაობა მალევე შეწყდა იმხანად ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო.

ენციკლოპედიის პროექტის ახალი კონცეფციის მომზადება შესაძლებელი გახდა 2006 წელს ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრში, მას შემდეგ, რაც მასზე მომუშავე მკვლევართა ჯგუფმა მოიპოვა ილია ჭავჭავაძის პერსონალურ ენციკლოპედიაზე მუშაობის საავტორო უფლება. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი იყო ექვთიმე თაყაიშვილის საქველმოქმედო ფონდი.

პროცესს უძღვება ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი აბაშიძე. წლების განმავლობაში ილიას პერსონალური ენციკლოპედიის პროექტზე მუშაობდნენ: კვლევის ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მამარდაშვილი, ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები: ლეილა სულხანიშვილი, მანანა ბარათაშვილი, მანანა ყიფიანი, თამარ მიქაძე. მეცნიერ-თანამშრომლები: ნანა ზღულაძე, ზეინაბ ლომჯარია, აწ გარდაცვლილი მკვლევრები: ნათელა საღირაშვილი და გურამ ჭოხონელიძე.

„ილია ჭავჭავაძის პიროვნების განსაკუთრებულობა განსაზღვრავს კონკრეტული საენციკლოპედიო კვლევის მთავარ მიმართულებებს. პერსონალურ ენციკლოპედიაში არ აისახება მხოლოდ ილიას ლიტერატურული მემკვიდრეობა, არამედ, მნიშვნელოვანია და კვლევის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია მწერლის საზოგადოებრივი მოღვაწეობის წარმოჩენაც. სწორედ ამით არის ეს ენციკლოპედია განსხვავებული. ის, რომ ილია გახლდათ მრავალი მნიშვნელოვანი საქმის მოამაგე – კერძოდ, ილიას საბანკო მოღვაწეობა, მისი ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების, ქართული დრამატული საზოგადოების, ქართული თეატრის, ქართული ჟურნალისტიკის წინაშე, მისი პუბლიცისტური, რედაქტორული მოღვაწეობა და სხვა მხარეები, ცხადია, განსაზღვრავს კვლევის პრიორიტეტებს: მასში უცილობლად უნდა აისახოს იმდროინდელი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული გარემო, მღელვარე და დრამატული ეპოქის სურათი, „საუკუნის მკვლელობად“ სახელდებული/წოდებული? ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული აღსასრულის ჩათვლით. 1907 წლის წიწამურის ტრაგედიამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოში განვითარებული შემდგომი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები“ – აცხადებს მკვლევარი.

                  

              სურ.: ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრებს შორის             სურ.: გასვენება. პროცესია მიემართება სიონის ტაძრისკენ

                                                                        

                                                            სურ.: ილია ჭავჭავაძე სოხუმში შარვაშიძეთა ბაღში. 1903 წლის მაისი

მისი თქმით, პროექტზე მუშაობისას ახლებურად გასააზრებელია თავად მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წარსული, იდეურად პოლარიზებული საზოგადოებრივი სივრცე, რთული და საინტერესო დრო, რომელიც მოიცავს პერიოდს – 1837-დან 1907 წლამდე, რაც პროექტზე მუშაობის პრინციპია
„მე-19 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული გარემო, საზოგადოებრივი აზრი ქმნიდა იმ დიად ეპოქას, რომლის გარეშეც სრულიად შეუძლებელია ილია ჭავჭავაძის, მწერლისა და მოღვაწის, მონუმენტური ფიგურის წარმოჩენა პერსონალურ ენციკლოპედიაში. სწორედ ეს მრავალმხრივობა და მრავალასპექტიანობა განაპირობებს კვლევის სირთულეს.

მოსაძიებელი, შესასწავლი და დასადგენი იყო მრავალი მოვლენა, ფაქტი, თარიღი, მონაცემი, პიროვნება, ტოპონიმი და სხვ. უშუალოდ კვლევის პრიცესში დამუშავდა პირველწყაროები, დიდძალი საარქივო მასალა (მათ შორის საოჯახო არქივები), პერიოდული გამოცემები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თეატრალური, ეთნოგრაფიული და სხვა საზოგადოებების, მრავალი ორგანიზაციის შემონახული დოკუმენტაცია, ასევე ინტერნეტსივრცეში არსებული უამრავი წყარო. შესწავლილი იქნა თავად ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ტომეულებიც, ილიას ბიბლიოგრაფია, საიუბილეო კრებულები, მემუარული ლიტერატურა, ქართული და უცხოური ენციკლოპედიები, პერიოდული გამოცემები, ბიბლიოგრაფიული ცნობარები, რათა შედარებითი ანალიზით დადგენილიყო ცალკეული დოკუმენტების, მონაცემებისა და ფაქტების უტყუარობა. აქვე დავძენ, რომ გასწორდა თავად ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურაში არსებული ცალკეული უზუსტობანი. კვლევა-ძიების არეალი მოიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის იმპერიის, ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოს იმჟამინდელ და ისტორიულ, პოლიტიკურ, კულტურულ თუ გეოგრაფიულ სივრცეს“. – აღნიშნავს მარი წერეთელი.

4 წლის განმავლობაში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები აისახა წიგნში „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია (1837-1907) – სიტყვანი“, რომელიც დაიბეჭდა 2010 წელს გამომცემლობა „უნივერსალის“ მიერ და რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2010 წლის 5 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრში. საბაზისო გამოცემა „სიტყვანი“, ილიას პერსონალური ენციკლოპედიის საფუძველია. ამ 738 გვერდიან წიგნში ასახულია პროექტის მიზანდასახულობა და კონცეპტუალურად არის წარმოჩენილი მწერლის ცხოვრების, მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ დღემდე დაგროვილი სამეცნიერო ცოდნა.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ე.წ. პერსონალიები. რომელზე მუშაობამაც მკვლევართა უდიდესი ძალისხმევა მოითხოვა. ე.წ. „პერსონალიებში“ თავს იყრის არა მხოლოდ პიროვნებათა ბიოგრაფიისა და ღვაწლის ამსახველი მონაცემები, ფაქტობრივი შედეგების გარდა უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ილიას თანამედროვეთა წარმოჩენით ცხადდება მათი მსოფლმხედველობრივი და პარტიული კუთვნილება, რაც განსაზღვრავდა ილია ჭავჭავაძისა და მის იდეურ მომხრეთა მიმართ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისა თუ ჯგუფის დამოკიდებულებას.

„და ასე იკვეთება ის მრავალფეროვანი გარემო, სადაც მოღვაწეობა უხდებოდა მწერალს. წიგნის ათეულობით გვერდი ასახავს გარდასული დროის ავბედითობისა თუ საბჭოთა იდეოლოგიური წნეხის გამო დაკარგულ, დაუდგენელ, მიჩქმალულ, ხელოვნურად აღზევებულ თუ საერთოდ, შეუფასებელ ადამიანებს, რომლებიც ქმნიდნენ ილიას თანამედროვე საზოგადოებრივ სინამდვილეს და მწერლის მოღვაწეობის ამსახველ კულტურულ სივრცეს. ცხადია, თითოეული პიროვნება გარკვეული ღირებულებების მატარებელია და სწორედ პერსონალიებში მკაფიოდ ჩანს წარსულის წინააღმდეგობრივი და აწ უკვე გადაფასებული, რეალური, უაღრესად მრავალმხრივი სურათი, დოკუმენტურად ჩანს ზოგადად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნიადაგის რაგვარობა, რაც არის ამ ეტაპზე კვლევის ერთ-ერთი მთავარი სიახლე და შედეგი“. – ამბობს მკვლევარი.

ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიაზე მუშაობის პროცესში შესაძლებელი გახადა ილიას პუბლიცისტური ნააზრევის აქტუალიზება და ახალი კონტექსტის წამოწევა. კერძოდ, ჩვენი თანამედროვეობისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, პიროვნული და ეროვნული თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა, პრესის თავისუფლება, სამოქალაქო აქტივობა და მრავალი სხვა. ასევე, პროექტის ფარგლებში შევისწავლე ილიას პოლიტიკური წერილები, რომლებიც ეხება საერთაშორისო პრობლემატიკას და უაღრესად მნიშვნელოვანია, ეპოქის საზოგადოებრივ-პოლიტიკური სურათის შესაქმნელად, თანამედროვე და ისტორიულ მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის დასადგენად. კვლევის შედეგები აისახა მოხსენებაში „ილია ჭავჭავაძის პოლიტიკური წერილების გეოსტრატეგიის გააზრებისათვის“, რომელიც წავიკითხე 2010 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე „გლობალური ტრანსფორმაციები და საქართველო“.

უნდა აღინიშნოს, რომ „სიტყვანმა“ აკადემიური წრეების დიდი ინტერესი გამოიწვია, პოზიტიურად შეფასდა შესრულებული სამუშაო, მისი მნიშვნელობა, პროექტზე მუშაობა კი გაგრძელდა კრიტიკული მოსაზრებების, საქმიანი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით. საარქივო წყაროებსა და დოკუმენტებზე მუდმივი მუშაობის, მოკვლევის უაღრესად შრომატევადი პროცესი დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც დამახასიათებელია საენციკლოპედიო მუშაობის სპეციფიკისათვის.

როგორც აღვნიშნეთ, პროექტის ფარგლებში, წლის ბოლოსთვის გამოსაცემად მზად იქნება მეორე წიგნი – „მასალები ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიისათვის“, სადაც აისახება შემდგომი კვლევის შედეგები, წიგნს დაემატება მნიშვნელოვანი მასალა და თავს მოიყრის შევსებული, გაფართოებული, დაზუსტებული და ჩასწორებული მონაცემები. ასევე მიმდინარეობს მუშაობა გამოცემაზე „ილია ჭავჭავაძე და ქართველი მწერლები“, სადაც ახლებურად იქნება გააზრებული მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა შემოქმედება და ღვაწლი, ილიასთან კავშირში განიხილება ცალკეულ ავტორთა ლიტერატურული მემკვიდრეობა როგორც შემოქმედებით, კულტურულ, მსოფლმხედველობრივ, ასევე საქმიან და სოციალურ კონტექსტში. გარდა ცნობილი კლასიკოსებისა, ამ მიმართებით მოკვლეული და შესწავლილი იქნება ბევრი ნაკლებად ცნობილი თუ უცნობი ავტორი. წიგნი მიზნად ისახავს ეპოქის მეტ-ნაკლებად მთლიანი კულტურული ცხოვრების სურათის ასახვას, ვინაიდან სწორედ ასეთი მთლიანობა ქმნიდა მწერლის ირგვლივ არსებულ საზოგადოებრივ-კულტურულ გარემოს, ლიტერატურულ პროცესს, და რაც მთავარია, მეტი სისავსით წარმოაჩენს თავად ილია ჭავჭავაძის პიროვნებას.

 

ქართველი მკითხველი მალე იხილავს წიგნს „მასალები ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიისათვის“, რომელიც ეძღვნება დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მე-19 საუკუნის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. წიგნი მზადდება საგრანტო პროექტის „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის“ ფარგლებში და მის შექმნაზე მეცნიერთა ჯგუფი საგრანტო პროექტის ფარგლებში მუშაობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიწვეული მკვლევარის სტატუსით პროექტში მონაწილეობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკაში მარი წერეთელი.