Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორები ცხოვრებისეულ ისტორიებში

კვლევის „პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორები ცხოვრებისეულ ისტორიებში“ განხორციელება თსუ მეცნიერებმა 2013 წლის დეკემბერში თსუ ასისტენტ-პროფესორის, პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლის ლილი ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყეს. ამ კვლევაში ქართველი მეცნიერის პარტნიორია დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მეხსიერებისა და იდენტობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქეით მაკლინი (Kate McLean), (დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ).

კვლევაში, ასევე, ჩართულები არიან თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აწ უკვე კურსდამთავრებულები (კვლევის დაწყების მომენტისთვის ბაკალვრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები) და ბაკალავრიატის სტუდენტები. თვისებრივ მონაცემთა კოდირებაზე მუშაობს ახალგაზრდა მკვლევართა (ფსიქოლოგთა) ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ფსიქოლოგიის მაგისტრები მაია მაზანიშვილი და ნინო გუგუშვილი, ბაკალავრები ანა შავგულიძე და მარიამ ლამაზოშვილი და ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ლელა ლეჟავა. კვლევა ხორციელდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგის ინიციატივის უფროსი მკვლევარის კვლევითი გრანტის ფარგლებში (CARTI under the International Higher Education Support Program of the Open Society Foundations. გრანტის გამცემი: ღია საზოგადოების ინსტიტიტუტის ფონდი, გრანტი N: IN2013-11481).

შერეული მეთოდოლოგიით წარმოებული კვლევა მიზნად ისახავდა პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებლების, ინდიკატორების გამოვლენას კვლევის მონაწილეთა ცხოვრებისეულ ისტორიებში.

კვლევა რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა და განხორციელდა. თითოეულ ეტაპს თავისი მიზანი და მოსალოდნელი შედეგი ჰქონდა.

 

                       

 

პირველ ეტაპზე განხორციელდა ორი ინსტრუმენტის, თვითანგარიშის კითხვარების ქართული პოპულაციისთვის ადაპტაცია მათ ავტორებთან შეთანხმებით და ნებართვით. ესენია (ა)   ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სკალები და (ბ) პოსტტრავმული ზრდის კითხვარი. ამ ეტაპზე, რამდენიმე საპილოტე კვლევისა და ფსიქომეტრული მახასიათებლების კვლევის ჩათვლით, ჯამში მონაწილეობდა 1189 მონაწილე. ამ ეტაპზე სრულად გაიმართა ეს ორი ინსტრუმენტი და სხვა ფსიქოლოგ-მკვლევრებს საშულება აქვთ ისარგებლონ არსებული ქართული კითხვარებით.

მეორე ეტაპი წარმოადგენდა კვლევის ძირითად ნაწილს. კვლევის ძირითად ნაწილში მონაწილეობა მიიღო 90-მა ადამიანმა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულმა 45-მა პირმა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ დასახლებებში ბინადრობენ და საქართველოს 45 მოქალაქემ, რომლებსაც არ ჰქონიათ იძულებით გადაადგილების ან დევნილობის გამოცდილება. ამ ეტაპზე თითოეულმა მონაწილემ, ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე უპასუხა ზემოთ აღნიშნული კითხვარების დებულებებს და, ასევე, თითოეულთან ჩაიწერა ცხოვრებისეული ისტორიის ინტერვიუ. გარდა ამისა, დაფიქსირდა მთელი რიგი დემოგრაფიული მონაცემებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორი აღმოჩნდა მთელი რიგი მონაცემების ინტერპრეტაციისას.

 

               

 

კვლევის სიახლეებსა და მიგნებებზე საუბრისას ავტორი რამდენიმე საკითხს გამოყოფს: პირველ ეტაპზე ადაპტირდა და მოხმარებისთვის სრულად გაიმართა ორი ინსტრუმენტი: პოსტტრავმული ზრდის საკვლევი კითხვარი და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის სკალა. თავად ამ ინსტრუმენტების ქართულად არსებობა არის სიახლე.

გამოიკვეთა, რომ ადამიანები ხალისით საუბრობენ საკუთარ ცხოვრებაზე და, უმეტესწილად, ღიად ყვებიან ცხოვრების ყველაზე მძიმე, ინტიმური და მტკივნეული/ბედნიერი მომენტების შესახებ.

კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა თაობის ადამიანები (ისინი, ვინც მოზრდილი ცხოვრება საბჭოთა კავშირში დაიწყო და ისინი, ვისაც 90-იანებში მოუწიათ ჩამოყალიბება) მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ძირითადი თემების, ისე საკუთარი თავის კონსტრუირებისა და საკუთარი ცხოვრების ისტორიის თხრობის სტრუქტურის მიხედვითაც. იკვეთება ტენდენცია, რომ უფროსი თაობის ადამიანებისთვის იდეალური, უშფოთველი, იდილიური სიტუაცია იცვლება ქაოსით და გაურკვევლობით, რაც საკმაოდ ზუსტად იმეორებს იმ ისტორიულ რეალობას, რომელშიც მათ მოუწიათ ცხოვრება. რაც შეეხება შემდეგ თაობას, 90-იანების ქაოსური ათწლეული თვალსაჩინოდ მონაწილეობს მათ მიღწევასა და პოზიტივზე მეტად ორიენტირებულობაში. ასევე, ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიების განზოგადებით იკვეთება განზოგადებული, კოლექტიური ნარატივი, თავისებული კულტურული სკრიპტი, ე. წ. მასტერ ნარატივი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია ჩვენს რეალობაში და ორი – შედარებით ტრადიციულ-ქართული (ენა, მამული, სარწმუნოება) და მოდერნისტული (გლობალიზაცია, კოსმოპოლიტური ხედვა) – მიმართულებით ვითარდება და თითოეული გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის უფროა დამახასითებელი.

ადამიანების პიროვნული (ნარატიული) იდენტობები უშუალოდ არის მიბმული და გამომდინარეობს ეროვნული იდენტობიდან, რაც მრავალგზის არის დეკლარირებული მონაწილეთა მონათხრობებში.

კვლევის შუალედური დასკვნებიდან ასევე აღსანიშნავია შემდეგი: გამოიკვეთა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები ნაკლებად ხედავენ მათ ირგვლივ ახალ შესაძლებლობებს სამომავლოდ, ვიდრე სხვა მონაწილეები, თუმცა ეს ორი ჯგუფი არ განსხვავდება ერთმანეთისგან ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მაჩვენებლებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იძულებით გადაადგილებულის სტატუსი არ ახდენს გავლენას კარგად ყოფნის სუბიექტურ განცდაზე და აქ სულ სხვა ფაქტორები მუშაობენ; ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა მჭიდროდ უკავშირდება სოციო-ეკონომიკურ სტატუსს და შემოსავალს. კერძოდ (ორივე ჯგუფში, როგორც იძულებით გადაადგილებულებში, ისე სხვა მოქალაქეებში), რაც ნაკლები შემოსავალი აქვთ ადამიანებს, მით ნაკლებია მათი სუბიექტურად განცდილი კარგად ყოფნა. ამიტომ სოციო-ეკონომიკური სტატუსი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის კარგი პრედიქტორი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ ეს სურათი იცვლება ადამიანთა იმ ჯგუფში, რომელიც საკუთარ თავს ღარიბთა კატეგორიას მიაკუთვნებს. ისინი უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე, მაგალითად, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. აქ მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს, როგორც ჩანს, თავად კარგად ყოფნის, როგორც კონსტრუქტის, შინაარსის ცვლილებასთან უნდა გვქონდეს საქმე. სხვა სიტყვებით, ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებისთვის უფრო სხვა რამ მოიაზრდება კარგად ყოფნაში, ვიდრე დანარჩენებისთვის.

რაც შეეხება პოსტტრავმულ ზრდას (განურჩევლად ჯგუფისა), ქალებთან ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებთან. კერძოდ, ტრავმული გამოცდილების შემდეგ ქალებთან უფრო მეტად იცვლება უკეთესობისკენ სხვებთან ურთიერთობები და მეტად იწყებენ ცხოვრების დაფასებას (მათ შორის, მეტად რელიგიურები ხდებიან ან მეტ ყურადღებას აქცევენ სულიერ/სპირიტუალურ ცხოვრებას), ვიდრე მამაკაცები. საინტერესოა, რომ ეს მონაცემი ზუსტად იმეორებს სხვადასხვა კულტურაში ჩატარებული კვლევების შედეგებს: ზოგადად, ქალები ოდნავ მეტი, მაგრამ სტაბილურად სანდო ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევიან მამაკაცებისგან.
ასევე, ადამიანების მიერ სუბიექტურად განცდილი პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებელი, კერძოდ, ახალი შესაძლებლობების დანახვას ის ადამიანები უფრო მეტად ახერხებენ, რომლებიც დაშორდნენ პარტნიორს/მეუღლეს, ვიდრე ისინი, ვინც ახლობელი ადამიანის გარდაცვალება გადაიტანა. ეს შედეგი (ის, რომ ტრავმული მოვლენის მიხედვით იცვლება პოსტტრავმული ზრდის სურათი) თანხვდება მოდელის ავტორების მოსაზრებებსა და შედეგებს და, ასევე, სხვა კულტურებში (იაპონია, გერმანია, თურქეთი, სკანდინავია, იტალია, ესპანეთი) ჩატარებული კვლევის შედეგებს. პოსტტრავმული ზრდის სურათი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ტრავმა/სტრესული გამოცდილება აქვს ადამიანს გადატანილი.

კვლევის მონაცემთა ანალიზის დიდი ნაწილი მონაწილეთა მიერ მოთხრობილ ცხოვრების ისტორიების გაანალიზებას მოიაზრებდა. მასალის მრავალფეროვნებისა და დიდი მოცულობის გამო, ამ ეტაპზე გაანალიზდა მხოლოდ ის ცვლადები და კომპონენტები, რომლებიც უშუალო პოსტტრავმული ზრდის თემას შეეხებოდა, კერძოდ, შემუშავდა ე. წ. რედემპშენ-თანმიმდევრობის (რაც პირობითად, მაკომპენსირებელ თანმიმდევრობად ითარგმნა) კოდირების დეტალური გზამკლევი, რომლის გამოყენებითაც კვლევის ორმა ასისტენტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადააკოდირა 90 ინტერვიუდან აღებული 540 მოგონება (6 მოგონება თითო ისტორიიდან). მათ შორის 90%-იანი შეთანხმება იქნა მიღწერული, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ასეთ კვლევებში.

აღმოჩნდა, რომ კოდირებულ მოგონებათა მხოლოდ ერთ მესამედში გვხვდება ე.წ. მაკომპენსირებელი თანმიმდევრობა, როდესაც ადამიანები იმგვარად აგებენ თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომ ცუდ ამბავს კარგი ამბავი მოსდევს ან ცუდი იწვევს კარგს, მაგალითად, მეგობართან ურთიერთობის გაფუჭების შემდეგ უფრო ყურადღებიანი გახდა სხვა ადამიანების მიმართ. დანარჩენი მოგონებები სხვაგვარად არის სტრუქტურირებული.

გაირკვა, რომ ადამიანები ასეთი მაკომპენსირებელი თანმიმდევრობით, უპირატესად, ისეთ გამოცდილებას ჰყვებიან, რომელსაც ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ. ასევე, ხშირია ასეთი სტრუქტურა უარყოფითი გამოცდილებების შესახებ მოგონებებში, რაც სრულად იმეორებს სხვა კულტურებში ჩატარებულ კვლევებს. ამ კვლევაშიც აღმოჩნდა, რომ ადამიანები უფრო დეტალურად, ინტენსიურად და ხშირად, ხშირად განმეორებითად ყვებიან ცუდ, მტკივნეულ გამოცდილებას, რასაც თან სდევს მეტი რეფლექსია, საზრისის ძიების პროცესი და, აქედან გამომდინარე, პიროვნული ზრდის ელემენტიც მეტად არის წარმოდგენილი. შედარებით ნაკლებად გვხვდება ასეთი რამ დადებითი მოვლენების შემთხვევაში. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ კარგ ამბებს არც კი აყენებენ ადამიანები კითხვის ნიშნის ქვეშ. მხოლოდ ცუდ ამბებს სჭირდება საზრისის პოვნა. ასევე, ყველაზე ხშირად ადამიანები, რომლებიც მაკომპენსირებელი თანმიმდევრობით ალაგებენ საკუთარ ცხოვრებას, უპირატესად, სწავლობენ, პიროვნულად იზრდებიან და ამა თუ იმ თვალსაზრისით უმჯობესდებიან ნეგატიური გამოცდილების შედეგად.

საინტერესოა, რომ განურჩევლად იმისა, იძულებით ადგილნაცვალია თუ არა პიროვნება, თითოეული მათგანის შემთხვევაში ყველაზე მეტად მაკომპენსირებელი თანმიმდევობა გარდამტეხ მოვლენებსა და უარყოფით გამოცდილებებშია წარმოდგენილი, რაც ადამიანთა უნივერსალურ მახასიათებელზე მიუთითებს: ჩვენ ვსწავლობთ ცუდი გამოცდილებიდან. თუმცა, თუ ანალიზის ზედა დონეზე გადავინაცვლებთ და უკვე ერთმანეთს შევადარებთ იძულებით ადგილნაცვალ პირებს და კვლევის სხვა მონაწილეებს, ვნახავთ, რომ ეს ორი ჯგუფი ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან საკუთარი ცხოვრების ნარატივის სტრუქტურირების გზებით: არაადგილნაცვალი პირები მეტად იყენებენ მაკომპენსირებელ

თანმიმდევრობას, ვიდრე -- ადგილნაცვალი პირები. მათთან მეტია ცუდი გამოცდილების შედეგად გაუმჯობესებული აგენტობა (აქტივობა და მიღწევაზე ორიენტირებულობა), ურთიერთკავშირი სხვა ადამიანებთან და მასშტაბური საფიქრალები. თუმცა, თუ იძულებით ადგილნაცვალი პირი იყენებს მაკომპენსირებელ თანმიმდევრობას, მასთან, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება ისეთი თემები, როგორიცაა შეჩვევა-შეგუება (რაც არ გვხვდება მეორე ჯგუფში) და გაუმჯობესება, რომელშიც, უპირატესად, გაუმჯობესებულ ურთიერთობებსა და სოციალურ/საცხოვრებელ პირობებს მოიაზრებენ.

ამრიგად, ანალიზის ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდა იმის თქმა, რომ იძულებით ადგილნაცვალობის სტატუსი და მოგონების ტიპი სანდოდ წინასწარმეტყველებს იმას, თუ რამდენად იქნება წარმოდგენილი ინდივიდის ცხოვრების ისტორიაში მაკომპენსირებელი თანმიმდევრობა. ასე მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მოცემული პიროვნება წეროვანში ცხოვრობს და საკუთარი ცხოვრების საუკეთესო მომენტის შესახებ გვიყვება, უფრო ნაკლებად არის მისგან მოსალოდნელი მაკომპენსირებელი თანმიმდევრობით დალაგებული ამბის მოსმენა, ვიდრე იგივე პიროვნებისგან გადამწყვეტი მომენტის თხრობისას, ხოლო თუ ჩვენი მოსაუბრე თბილისელია ან, დავუშვათ, ბაღდათში ცხოვრობს და გადამწყვეტი მომენტის შესახებ გვიყვება, მოსალოდნელია (გარკვეული ალბათობით, ცხადია), რომ მის მონათხრობში მეტად იქნება წარმოდგენილი მაკომპენსირებელი თანმიმდევრობა, ვიდრე პირველი მოსაუბრის ორივე ამბავში ცალ-ცალკე აღებული.

ანალიზის ბოლო ეტაპზე მკვლევარმა ერთმანეთთან დააკავშირა კითხვარით გაზომილი პოსტტრავმული ზრდა, ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა და მონაწილეთა ცხოვრებისეული ისტორიებიდან ამოღებული მაკომპენსირებელი თანმიმდვრობის მაჩვენებლები. ერთი მხრივ, მოგონებების დალაგების მაკომპენსირებელ თანმიმდევრობასა და მეორე მხრივ, პოსტტრავმული ზრდის ორ ასპექტს, ახალი შესაძლებლობების დანახვასა და პიროვნულ ზრდას, შორის ზომიერი დადებითი კავშირი გამოვლინდა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ, გარკვეული ხარისხით, ვიწინასწარმეტყველოთ პოსტტრავმული ზრდის დონე თუ ვიცით, რამდენად იყენებს ადამიანი თხრობისას აღნიშნულ თანმიმდევრობას, რაც სრულად თანხვდება სხვა მკლევრების, მაგალითად, პოსტტრავმული ზრდის მოდელის ავტორების, კვლევების შედეგებს. ასეთივე ზომიერი, მაგრამ სანდო კავშირი გამოვლინდა მაკომპენსირებელ თანმიმდევრობასა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდას შორის და ესეც სხვა, უკვე არსებული კვლევების შესატყვისი შედეგია, რომლებიც აჩვენებენ, რომ ნარატივების მაკომპენსირებელი თანმიმდევრობა სანდოდ უკავშირდება კარგად ყოფნისა და ბედნიერების მაღალ მაჩვენებლებს.


კვლევის პრაქტიკულ გამოყენებაზე საუბრისას ლილი ხეჩუაშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს შემდეგს:

ტრავმული გამოცდილების ცხოვრებისეულ ნარატივში ინტეგრირება და კოჰერენტული ცხოვრებისეული ისტორიის თხრობა ფსიქოლოგიური კარგად ყოფნისა და, ზოგადად, ფსიქიკური სიჯანსაღის კარგი პრედიქტორია, რასაც ამერიკაში ჩატარებულ კვლევათა სერია აჩვენებს. წარმოდგენილ კვლევაშიც დადასტურდა ეს შედეგი. ანუ რაც უფრო თანმიმდევრულად ყვებიან კვლევის მონაწილეები თავიანთი ცხოვრების ისტორიას და ათავსებენ მასში ტრავმულ გამოცდილებას (იძულებით გადაადგილებულ პირებში ეს არის 2008 წელს სახლების დაკარგვა და გადმოსახლება) და რაც მეტ რეფლექსიას ახდენენ ისინი, მით მაღალია მათი პოსტტრავმული ზრდის მაჩვენებელი, მეტად რედემპტიულად (redemption, ცუდ მოვლენებს კარგი მოვლენები ცვლიან) აგებენ თავიანთი ცხოვრების ისტორიას და სუბიექტურად განცდილი კარგად ყოფნაც შედარებით მაღალია მათთან. ეს პრაქტიკული ღირებულების მქონე შედეგია პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, კონსულტანტებისთვის, ვისაც უწევს მსგავს გამოცდილებებთან მუშაობა. უფრო კონკრეტულად, თანმიმდევრული და რეფლექსიური ნარატივი, რომელიც უპირატესად, მაკომპენსირებელი თანმიმდევრობით არის აგებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების მანიშნებელია, პრედიქტორია, რაც თერაპიის, კონსულტირების პოზიტიურ გამოსავალზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს, დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით, ნაკლებად ეხერხებათ საკუთარი განცდების ვერბალიზაცია და თანმიმდევრულად თხრობა. საინტერესოა, რომ ეს შედეგი გაშუალებულია არა იმით, რომ ისინი იძულებით არიან გადაადგილებულნი, არამედ განათლების ცვლადით და, როგორც მათთან საუბრიდან იკვეთება, კულტურული თავისებურებით (ნაკლებად არის წახალისებული საკუთარ განცდებსა და აზრებზე საუბარი). როგორც ჩანს (აქ ჯერჯერობით მხოლოდ ტენდენციაზე შეიძლება საუბარი), შედარებით ნაკლებად განათლებულ მონაწილეებს მეტად უჭირთ საკუთარ განცდებზე რეფლექსია და ვერბალიზაცია, ვიდრე, ვთქვათ, უმაღლესი განათლების მქონეთ. ვინაიდან მონაწილეთა რაოდენობა არც ისე დიდია ამ კვლევაში, გადაჭრით ვერ ვამტკიცებთ ამას.

საქართველოში ეს პირველი კვლევაა, რომელიც შერეული მეთოდოლოგიით ჩატარდა და მოიაზრებს თვითანგარიშის კითხვარებისა და ცხოვრებისეული ისტორიების ინტეგრაციას. ასევე, ნარატიული მიდგომით ჩატარებული პირველი კვლევაა, რომელიც ნარატიული იდენტობის მოდელის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეეხება. ასევე, პირველი მცდელობაა ამ კვლევის თვისებრივი ნაწილი, რომელიც ჩაწერილი ინტერვიუების გაანალიზების საფუძველზე კულტურული სკრიპტის ანუ მასტერ ნარატივის ფორმირებისთვის თვალის გადევნებას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთი პრაქტიკული გამოყენება შედარებით ტექნიკური ხასიათისაა: კვლევის ფარგლებში ჩაიწერა, შეგროვდა და სიტყვა-სიტყვითი ტრანსკრიპტების სახით დაიწერა 96 ცხოვრებისეული ისტორიის ინტერვიუ, რომელიც უამრავ დაუმუშავებელ ინფორმაციას მოიცავს და რომელთა გამოყენება შემდგომში შესაძლებელია როგორც სხვა მკლევრების (მათ შორის, სტუდენტების) მიერ, ისე – სასწავლო მიზნებით შესაბამის კურსებში. ასე მაგალთად, მკვლევარი მიმდინარე სემესტრში აქტიურად იყენებს კვლევის ფარგლებში ჩაწერილი ინტერვიუების ტრანკრიპტებსა და მათი კოდირებისთვის შექმნილ გზამკლევს მაგისტრატურაში მიმდინარე კურსში „ნარატივის ანალიზი ფსიქოლოგიაში“. ასევე, კვლევის ფარგლებში მომზადდა ორი ახალი კურსი, რომელიც შემდეგ წელს არჩევითი კურსების სახით იქნება შეთავაზებული ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტისა და სხვა დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ეს კურსებია: „ცხოვრების ისტორიის ინტერვიუ და ნარატივის ანალიზი“ და „ფსიქობიოგრაფია“.

მოცემული კვლევის საფუძველზე დაიწერა ახალი კვლევის პროექტი, რომელიც უკვე დაფინანსდა ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში და მკვლევარი მომდევნო 8 თვეს გაატარებს და იმუშავებს ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოში მცხოვრები ქართველების ცხოვრებისეული ისტორიებისა და მასტერ ნარატივის ურთიერთმიმართების საკითხებზე დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ქეით მაკლინთან ერთად.

კვლევის შედეგების ამსახველი პრეზენტაცია მიღებულ იქნა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, თუმცა ფინანსების სიმცირიდან გამომდინარე, ჯერჯერობით წარდგენილ იქნა მხოლოდ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ზეპირი პრეზენტაციის სახით სათაურით: „Comparative study of psychological well-being and posttraumatic growth of IDP and non-IDP citizens of Georgia.“ კონფერენციაზე: „International Psychological Applications Conference and Trends 2015“ (InPACT 2015), Clinical psychology section, 2-5 April, 2015, Ljubljana, Slovenia.

ასევე, შედეგების ნაწილი მიღებულია ზეპირი პრეზენტაციისთვის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პიროვნებისა და სოციალური ფსიქოლოგიის ყოველწლიურ კონგრესზე სათაურით: „Posttraumatic Growth and Redemption in Life Story Narratives of Georgian Sample: Comparative Study of Idps and Non-IDP Citizens of Georgia“, კონფერენციაზე: „17th annual convention of the society for personality and social psychology“ (SPSP), San Diego, CA, USA.

ამჟამად ბეჭდვის პროცესშია მოცემული კვლევის ერთი ნაწილი, რომელიც წიგნში „Psychology Applications & Developments II“ წარმოდგენილი იქნება მეოთხე თავის სახით, სახელწოდებით: „Posttraumatic growth and psychological well-being of Georgian citizens (comparative study of internally displaced persons and other citizens). ქართულად: საქართველოს მოქალაქეთა პოსტტრავმული ზრდა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა (იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა მოქალაქეების შედარებითი კვლევა).

გარდა ამისა, ჟურნალში Journal of Loss and Trauma, რომელსაც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია გამოსცემს, ბეჭდვაშია სტატია: „Investigation of psychometric properties of the Georgian version of posttraumatic growth inventory“. პოსტტრავმული ზრდის კითხვარის ქართული ვერსიის ფსიქომეტრული მახასიათებლების კვლევა.

გამოქვეყნებულია პუბლიკაციები ადგილობრივ იმპაქტ ფაქტორიან რეცენზირებად ჟურნალში.