Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ანთიმოზ ივერიელი – ქართულ-ევროპული დიალოგი“

„მთელ რიგ უბედურებათა შორის, რაც ადამიანის სულსა და გულს სასტიკად ანადგურებს და ამახინჯებს, ყველაზე უფრო საშინელია გაუნათლებლობა, უცოდინარობა და აზრის შეზღუდულობა“ – ეს სიტყვები ეკუთვნის რუმინეთში მოღვაწე უდიდეს ქართველ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს, რუმინეთისა და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ რუმინეთის მიტროპოლიტს ანთიმოზ ივერიელს (1650-1716). მისი მემკვიდრეობა ქართულ ენაზე დღემდე არ იყო ნათარგმნი და, აქედან გამომდინარე, ქართულ სამეცნიერო სივრცეში პრაქტიკულად არ იყო შესწავლილი. მიზეზი ის არის, რომ ანთიმოზ ივერიელის თხზულებათა უდიდესი ნაწილი რუმინულ ენაზეა შესრულებული, ხოლო ბერძნულ და არაბულ ენებზე შექმნილი წერილები სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების საცავებშია შემონახული. რუმინულ ენაზე შესრულებული მემკვიდრეობის კომპლექსური სამეცნიერო კვლევები მხოლოდ მოკლე ინგლისურენოვანი რეზიუმეებითაა წარმოდგენილი. რუმინულ კულტურულ სივრცეში ანთიმოზ ივერიელის როლი და მნიშვნელობა უზარმაზარია – იგი აღიარებულია რუმინულ ენათმეცნიერებაში ლიტურგიული და კლასიკურ-ლიტერატურული ენების ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებლად, საეკლესიო სამართალშემომქმედ-ჰომილეტად, უბადლო რიტორად და მქადაგებელად, განათლებისა და სასტამბო საქმის ორგანიზატორად, კლასიკური, აღმოსავლური და ევროპული ენებიდან დახვეწილი თარგმანების ავტორად, რუმინული სალიტერატურო და საეკლესიო ენის რეფორმატორად, ეკლესია-მონასტრების ქტიტორად, დახვეწილი გემოვნების ხუროთმოძღვარ-კალიგრაფად, სასულიერო სკოლებისა და რუმინეთში პირველი საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელად.

         

                                                                                                       სურ.: ანთიმის გამოცემები

ანთიმოზ ივერიელის შემოქმედების და მოღვაწეობის ქართველ მკითხველამდე მიტანის მიზნით შეიქმნა პროექტი „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი“. პროექტმა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გაიმარჯვა და მისი დასრულება 2016 წლის აპრილსაა დაგეგმილი. კვლევას ახორციელებდა თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფი: პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, კონსტანცის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ანასტასია ზაქარიაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორები: ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიშვილი, დემური ჯალაღონია, თსუ მოწვეული პროფესორი, ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. პროექტის განხორციელებაში, როგორც დამხმარე პერსონალი, ჩართულნი არიან: სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, თეოლოგიის მაგისტრი, თსუ ფილოსოფიის დოქტორანტი, დეკანოზი გიორგი წეროძე და ფილოლოგიის დოქტორი ნინო ბაგრატიონ-დავითაშვილი.

როგორც პროექტის ავტორი ანასტასია ზაქარიაძე განმარტავს, იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს უცხოეთში მოღვაწე ღვთისმეტყველის და ფილოსოფოსის შემოქმედება გაეცნო, საჭირო გახდა ანთიმოზ ივერიელის თხზულებების რუმინული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა. შეირჩა და ითარგმნა ანთიმოზ ივერიელის ყველაზე ცნობილი ნაშრომი „დიდაქეები„ – ქადაგებების სრული კორპუსი, ასევე მსოფლიო კანონიკური სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლი -ანთიმოზ ივერიელის მონასტრის ტიპიკონი, თხზულებები: „კანონთა თავები“, „საეკლესიო სწავლება“, „სწავლება სინანულის საიდუმლოს შესახებ“, თავდასაცავად დაწერილი უსტარები, ანთიმოზ ივერიელის მიერ დასტამბულ გამოცემათა წინასიტყვაობები და მიძღვნები.

მკვლევარის აზრით, „ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობა და შემოქმედება აუცილებელი ელემენტია ქართული თეოლოგიური აზროვნების განვითარებაში, რადგან მისი სახით განხორციელდა განმანათლებლობის ეპოქაში ქართული ტრადიციული რელიგიური ცნობიერების განახლება და ევროპულ თეოლოგიურ აზროვნებასთან ახალი დაბრუნება. ანთიმოზ ივერიელმა შესძლო როგორც ზოგადად თეოლოგიურ აზროვნებაში, ასევე დასავლურ აზროვნებასთან კავშირის ხუთ საუკუნოვანი წყვეტილის დაძლევა, და აღადგინა თეოლოგიურ-კულტურული დიალოგი ევროპულ თეოლოგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სივრცესთან“, – აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

 სურ.: ანთიმის მონასტერი ბუქარესტში

ქართველ მეცნიერთა განცხადებით, ანთიმოზ ივერიელი გვევლინება დასავლური განმანათლებლობის პროექტის გამორჩეულ თეორეტიკოსად და პრაქტიკოსად იმდროინდელ მსოფლიოში. მას მიაჩნია, რომ გონების საჭირო გამოყენება პრაქტიკულად მხოლოდ მაშინ რეალიზდება, თუ განვითარდება პოლიგრაფიული წარმოება, წიგნების ბეჭდვა, თარგმნა და ტირაჟირება. ანთიმოზისათვის „აზროვნების თავისუფლების ზეიმი“ უნდა მომზადდეს აზრის წერილობითი გადმოცემის ფორმით და ეს უნდა მოხდეს ბილინგვური და პოლილინგვური ინტერტექსტუალური საქმიანობით, კულტურათა დიალოგით. ანთიმოზისეული „პროექტი“ პრინციპულად შორდება კანტიანურ „პროექტს“ გონების ავტონომიის პუნქტში, და შესაბამისად, „გონების რელიგიის“ უპერსპექტივობაზე და დესტრუქციულ პოტენციალზე მკაფიო მითითებებს შეიცავს.

ანთიმოზ ივერიელის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ახალი ეპოქის გამოწვევების კონტექსტში იგიბიზანტიური თეოლოგიის ტრადიციების შენარჩუნებისა და განმტკიცების დახვეწილ ნიმუშია. ევროპული განმანათლებლობის

პერიოდში, ანთიმოზი გვევლინება მართლმადიდებლური თეოლოგიური ტრადიციის კრეატიული ადაპტაციის განმახორციელებელად. ესაა, მისი აზრით, ეპოქის განათლების მთავარი მიზანი. ანთიმოზი პროტესტანტულ და კათოლიკურ ვარიანტებში როგორც სციენტიზმის, ასევე ქრისტიანობის ცალმხრივობის საფრთხეებს ხედავდა. ამით განსხვავდება ანთიმის ხედვა ევროპული განმანათლებლური მოძრაობის ისეთი რადიკალური შენაკადებისგან, როგორიცაა ერთის მხრივ მატერიალიზმი და მეორე მხრივ – რაციონალური თეოლოგია.

ავტორის თქმით, ანთიმოზ ივერიელის, როგორც ფილოსოფოსის ხედვის სიახლე წარმოჩნდა ეთიკურის პრიმატის ონტო-თეოლოგიურ დაფუძნებაში და კოგიტოს პრინციპის თეოლოგიურ ტრანსფორმაციაში. ამით მან შესძლო დაეძლია განმანათლებლობისა და ჰუმანიზმის დილემები.

როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, ანთიმოზ ივერიელის მიერ ჩამოყალიბებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპები კანონიკური სამართლის პოზიციებიდან აქტუალურია თანამედროვე საქართველოსათვის. 1995 წლის საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ცოცხალი ისტორიული პროცესის საწყისია. ეს პროცესი, სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, გულისხმობს სამი სამართლებრივი სფეროს – კანონიკური სამართალი, ეროვნული სამართალი და საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი რეალობანი, ჰარმონიზებას.

ანთიმოზ ივერიელის მიერ ნათლად გამოიკვეთა ეკლესიის კულტურული მისია. „ალინიზაციისა“ და „სლავიზაციის“ ტენდენციების დაძლევით პრაქტიკულად განხორციელდა წმ. ანთიმისეული „სემიოზისის“ დევიზი: „მე მირჩევნია ეკლესიებში ითქვას მხოლოდ ხუთიოდე სიტყვა იმ ენებზე, რომელიც ყველასათვის გასაგები იქნება, ვიდრე წარმოითქვას ოციათასი სიტყვა მსმენელისათვის გაუგებარ ენაზე“.

ანასტასია ზაქარიაძის განმარტებით, ჩატარებული კვლევის სიახლე იმაშია, რომ განხორციელდა ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის კომპლექსური, დისციპლინათა შორის ინტერპრეტაცია და მისი რეპრეზენტაციას თანამედროვე კულტურულ და სამეცნიერო სივრცეში. გაანალიზდა ევროპული იდენტობის მშენებლობის პროცესში და მსოფლიო კულტურულ სივრცეში, რუმინული და ქართული კულტურების ინტეგრირების ანთიმოზისეული პარადიგმა, მულტიკულტურალიზმის დასაფუძნებლად გამოყენებული გზები, ტრადიციისა და თანამედროვეობის ურთიერთობის მნიშვნელობა ინტერკულტურული დიალოგის აგებაში.

 სურ.: ბუქარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი

აღსანიშნავია, რომ სწორედ ანთიმოზ ივერიელის სახელს უკავშირდება პირველი ქართული სტამბის დაარსება. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ღვთისმეტყველმა უდიდესი წვლილი შეიტანა საგამომცემლო-სასტამბო საქმიანობის განვითარების საქმეში. როგორც კვლევის დროს გამოიკვეთა, რუმინეთისსხვადასხვა კუთხეში ამოქმედებულ არაერთ სტამბაში, მისი უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა

ლიტურგიკული და სამოძღვრო-დამრიგებლური შინაარსის 63 წიგნი ბერძნულ, რუმინულ, სლავურ და არაბულ ენებზე და ასევე ქართულენოვანი ოდიკი. 1701 წელს ანთიმოზმა თავისი ხელით ააწყო და ანტიოქელ მართლმადიდებლებს გაუგზავნა ისტორიაში პირველი არაბულენოვანი სტამბა, ხოლო 1709 წელს – საუკეთესო მოწაფეს მიჰაი იშთვანოვიჩს თბილისში ვახტანგ VI-სთან გაატანა ქართულენოვანი სტამბა და ახალდაბეჭდილი ოდიკები.

„ჩატარებული კვლევები ანთიმოზ ივერიელის შემოქმედებისა და მოძიებეული მასალების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ XVII-XVIII საუკუნეების გამოჩენილი მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის შემოქმედება წარმოადგენს კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს. ანთიმოზ ივერიელი-ქართველი, რომელიც მოღვაწეობდა ევროპაში, ბალკანეთში, რუმინეთში, ევროპის უმნიშვნელოვანესი და ჯერ ნაკლებად ცნობილი ვექტორის ქართულ-ევროპული ვექტორის შემოქმედი და პრაქტიკულად განმახორციელებელია. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების რეაქტულიზაცია უშუალოდ არის დაკავშირებული „ევროპის იდეასთან“ და ამ „იდეის“ კავშირთან ორ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ისტორიულ რეგიონთან: საქართველოსთან და აღმოსავლეთ ევროპასთან – რუმინეთთან“, – აღნიშნავს ანასტასია ზაქარიაძე. 

კვლევის „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგის“ ფარგლებში განხორციელდა ექსპედიცია ბუქარესტში, რომლის მიზანიც იყო რუმინეთის პატრიარქის იურისდიქციაში არსებული ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსის ბიბლიოთეკასა და სხვა ბიბლიოთეკების საცავებში კვლევისათვის საჭირო დამატებითი მასალების მოძიება და ასევე ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტების მონახულება-შესწავლა.

მუშაობის პერიოდში ანთიმოზ ივერიელის შემოქმედება პერიოდულად, კონფერენციებსა და თეორიულ სემინარებზე წაკითხული მოხსენებების და პუბლიკაციების სახით, წარმოდგენილი იყო ფართო საზოგადოების წინაშე. ამასთან, ანთიმოზ ივერიელის სამონასტრო კომპლექსში შედგა საერთაშორისო სემინარი “ანთიმოზ ივერიელი: ქართულ-რუმინული მერიდიანი“. მასში ექსპედიციის წევრ ქართველ პროფესორებთან ერთად მონაწილეობდნენ თეოლოგიის დოქტორები: პროტო-დიაკონი გამალიერი სიმა, იღუმენი კირილე ლოვინი, მღვდელმონაზონი ანთიმოზი, წმინდა სინოდის ბიბლიოთეკის დირექტორი არქიმანდრიტი პოლიკარპე ჩიტილესკუ და სხვ.

კვლევის შედეგად შეიქმნა ახალი სასწავლო კურსები, რომლებიც მოიწონა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა და შესაძლებლად ჩათვალა მათი დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში.                                                                                     

როგორც პროექტის ავტორი და თსუ მეცნიერები ირწმუნებიან, ანთიმოზ ივერიელის მემკვიდრეობის სრულყოფილად შესწავლისათვის, მისი როლის მნიშვნელობიდან გამომდინერე, საჭიროა პროექტის გაგრძელება. რაც გულისხმობს ანთიმოზ ივერიელის ნაშრომთა მოძიებას ინგლისის, საბერძნეთისა და თურქეთის (სტამბოლი) წიგნთსაცავებში, თხზულებათა სრული კრებულის მომზადებას გამოსაცემად. განახალებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან პერსპექტივებს გახსნის სოციალ-პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო კომუნიკაციური ქმედების გაფართოების თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პუბლიკაციები დაეხმარება საქართველოსა და რუმინეთის, აგრეთვე ევროკავშირში გაერთიანებულ, ან მის ორბიტაზე მყოფ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსა და ინსტიტუციებს, გააცნობიერონ თავიანთი კომუნიკაციური უფლებები და მოვალეობები ევროკავშირის მიმართ.                                                            

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულება ემთხვევა ანთიმოზ ივერიელის მოწამეობრივად აღსრულების 300 წლისთავს. ამ მიზეზით, 2016 წელი იუნესკოს მიერ ანთიმოზ ივერიელის წლად გამოცხადდა.