Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

პირის ღრუ - ორგანიზმის სარკე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა “კბილის კარიესის გავრცელება და პაროდონტის (კბილბუდე, ღრძილი) ქსოვილების მდგომარეობა საქართველოს ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში”, მიზნად ისახავდა სკოლის ასაკის ბავშვებში პირის ღრუს ეპიდემიოლოგიურ აღწერას. იგი 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გამოიკვლიეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და მარნეულში მცხოვრები ბავშვები. პროექტი თსუ სამედიცინო ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის წარმოამდგენლების მიერ სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის ისრაელის დივიზიონთან თანამშრომლობით და ამავე ასოციაციის რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ექიმი-სტომატოლოგები პირის ღრუს მთელი ორგანიზმის სარკედ მიიჩნევენ, რადგან მისი მდგომარეობა ერთდროულად ასახავს და განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. კარიესი მულტიფაქტორული დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას იწვევს, რის შედეგადაც კარიესული ღრუ წარმოიქმნება. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.

“მსგავსი სახის მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევა საქართველოში თითქმის 30 წელია არ ჩატარებულა. იგი საქართველოს მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობის მხრივ არსებულ სურათს იძლევა და პრევენციულ სტომატოლოგიაში საწყის ეტაპს წარმოადგენს. მისი შედეგების გათვალისწინებით შეიძლება შეირჩეს პროგრამები, რომლებიც შეამცირებენ სტომატოლოგიური დაავადებების გავრცელებას საქართველოს ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში.” – აღნიშნავს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მანანა კალანდაძე.

მისი განმარტებით, კარიესი ყველაზე ჩვეული არაგადამდები (NCD – Non Communicable Disease) და ქრონიკული დაავადებაა მოზრდილებში, ასევე ყველაზე ჩვეული დაავადება ბავშვებში.

“კბილის ზედაპირზე ნახშირწყლების აკუმულაციის შედეგად ბაქტერიები გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც კბილის მაგარი ქსოვილების (დენტინი და მინანქარი) დემინერალიზაციას იწვევენ, რის შედეგადაც ღრუ წარმოიქმნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით თავისი მაღალი გავრცელების, გართულებების და ეკონომიკური ზარალის გამო იგი სოციალურ დაავადებათა სიაშია შეტანილი (The Oral Health Atlas). კარიესის გავრცელების განსაზღვრა ხდება კბა - კარიესის ინტენსიურობის ინდექსის დადგენით. აღნიშნული მაჩვენებელი კ-კარიესული, ბ-დაბჟენილი და ა-ამოღებული კბილების ჯამით განისაზღვრება. ბავშვებში კი მხოლოდ კარიესული და დაბჟენლი კბილების რაოდენობით, რადგან შესაძლოა კბილები მათ ფიზიოლოგიური ცვლის გამო აკლდეთ”. –  აცხადებს მანანა კალანდაძე.

კვლევის განმავლობაში მკვლევართა მიერ სულ 1052 ბავშვის (540 ქალი და 512 ვაჟი) მდგომარეობა შეფასდა. ბავშვები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყვნენ: პირველი კლასი (5-6 წელი) – 404 ბავშვი; მეშვიდე კლასი (12 წელი) – 335 ბავშვი; მეათე კლასი (15 წელი) – 314 ბავშვი. სამივე ჯგუფში შეფასდა კარიესის გავრცელება. პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობა კი მხოლოდ მეათეკლასელებში დადგინდა.

“როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, საქართველოს სკოლის ასაკის მოსახლეობაში კარიესის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი არის 1.81. (კბა ინდექსი) ეს არ არის ცუდი მაჩვენებლი, რადგან მსოფლიოს საშუალო მაჩენებლია 2.0. (The Oral Health Atlas) პრევენციული პროგრამების შემუშავება კი, თავის მხრივ, უფრო შეამცირებს კარიესის გავრცელებას. რაც შეეხება პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის შეფასებას, შესწავლილ ბავშვებში ასეთი მონაცემები დაფიქსირდა: საერთო რაოდენობაში კბილის ნადების ინდექსის საშუალო მაჩვენებლია 0.54; საინტერესოა, რომ გოგონებში ვაჟებზე უფრო დაბალი კბილის ნადების, კბილის ქვის და კბილის ჯიბეების სიღრმის მაჩენებლი დაფიქსირდა. ქვის არსებობა დაფიქსირდა გასინჯულ ბავშვთა 27%-ში, სისხლდენა 26%-ში” - აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიამ მარგველაშვილი.

კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლებით (WHO Oral Health Surveys Basic Methods 4th Edition) ჩატარდა. ისრაელის წარმომადგენელ მეცნიერთა მიერ კვლევის მონაწილეთათვის ბავშვთა პირის ღრუების დათვალიერებისა და მაჩვენებლების ჯანმო-ს სტანდარტების შესაბამისად დასაფიქსირებლად სპეციალური "ვორქშოფი" გაიმართა. ყოველივე ეს, მეცნიერთა განმარტებით, არა მხოლოდ პრევენციული პროგრამების შემუშავების, არამედ მიღებული მონაცემების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევის შედეგებთან შედარების საშუალებას იძლევა, “რის შედეგადაც საქართველო უკვე მსოფლიოს პირის ღრუს რუკის ნაწილი გახდება”.

"მიმდინარეობს მუშაობა „პირის ღრუს მსოფლიო ატლასის“ მეორე გამოცემაზე (The Oral Health Atlas). ჩვენ ვთანამშრომლობთ რედაქტორთან და ამჯერად გამოცემაში შევა ჩვენი კვლევის შედეგებიც, ანუ საქართველოზეც იქნება ობიექტური მონაცემები" - აღნიშნავს მარიამ მარგველაშვილი.

ზოგადად კვლევის მონაწილეთა მიერ გამოტანილი Dდასკვნები კი ასეთია: პაროდონტიტის ქსოვილის დაავადებებისგან განსხვავებით, საქართველოს სკოლის ასაკის ბავშვებში კარიესის გავრცელება მაღალი არაა. Aამასთან, პაროდონტიტის სტატისტიკური მაჩვენებელი გოგონებში უფრო დაბალია ვიდრე ვაჟებში. სამომავლოდ მიზანშეწონილია სხვა კვლევების განხორციელება, რომელთა საფუძველზე, რეგიონებს შორის დაავადებათა გავრცელების სხვაობის დადგენა, მათი გავრცელების დამოუკიდებელ ფაქტორებთან (დიეტა, ფტორი, პირის ღრუს ჰიგიენა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი) კავშირის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი. საჭიროა პრევენციული პროგრამების შემუშავება საქართველოს სკოლის ასაკის ბავშვებში კარიესის და პაროდონტის ქსოვილთა დაავადების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. ამ პროგრამებში პირის ღრუს ჰიგიენის და სწორი კვების აუცილებლობის საკითხზე საგანმანათლებლო გაკვეთილების ჩატარება იგულისხმება, როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ფისურების ჰერმეტიზაციის განხორციელება. ეს პროფილაქტიკური ღონისძიება კბილების ფისურების (ბუნებრივი ღარების) ბჟენით ან ჰერმეტიზატორით დახურვას გულისხმობს რაც ახლადამოჭრილ კბილს დაზიანებისგან იცავს. პრევენციის პროგრამაა ასევე წყლის ფტორირება, ან ფტორირებული საკვების (რძე, მარილი), გამოყენება იმ რეგიონებში სადაც ფტორის ნაკლებობაა.

კვლევაში ჩართული იყვნენ ექიმი - სტომატოლოგები: ვლადიმერ მარგველაშვილი - პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მანანა კალანდაძე - ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი; მარიამ მარგველაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი; ნინო ცინცაძე - ტოსკანის სტომატოლოგიური სკოლის ფიქსირებული პროთეზირების და სტომატოლოგიური მასალების დეპარტამენტი; რუსუდან ივანიშვილი-თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი, დოქტორანტი; თამუნა ლომიძე - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი; პრაქტიკოსი ექიმი სტიმატოლოგები: თეა მიროტაძე, ია ჩიღვინაძე, გიორგი აფხაძე; ისრაელის უნივერსიტეტი სტომატოლოგიური ფაკულტეტის წარმოამდგენლები მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორი ლეონ ბილდერი და ჰაროლდ სგან-კოჰენი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, თელ-ავივის უნივერსიტეტის რამბანის კამპუსის პერიოდონტოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ლირან ლევინ და პროფესორი ელი მახტეი.

მკვლევართა ჯგუფი მომავალში მსგავსი კვლევის ზრდასრულ მოსახლეობაში განხორციელებას გეგმავს, რომელშიც, ბუნებრივია, ამ კვლევის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული.

 

პუბლიკაციები

1. Periodontal Status among adolescence in Georgia. A pathfinder study Liran Levin, Vladimer Margvelashvili, Leon Bilder, Manana Kalandadze, Nino Tsintsadze, Eli E. Machtei submitted to IDJ – International Dental Journal.

კვლევის შედეგები წარდგენილი იყო ისეთ საერთაშორისო კონფერენციებზე როგორიც არის: Bilder L, Machtei E, Margvelashvili M, Ivanishvili R, Levin L. Traumatic Dental Injuries among Children in Georgia: A Pathfinder Study. PER/IADR Congress, Helsinki, Finland, September 2012.

Margvelashvili V, Kalandadze M, Bilder L, Scan-Cohen HD, Levin L, Gordon M. Dental Caries Experience among Schoolchildren in Georgia. A Pathfinder Study. PER/IADR Congress, Helsinki, Finland, September 2012.

Levin L, Margvelashvili V, Kalandadze M, Tsintsadze N, Machtei E. Periodontal Status among Adolescence in Georgia. A Pathfinder Study. PER/IADR Congress, Helsinki, Finland, September 2012.

Margvelashvili M, Margvelashvili V, Levin L, Machtei E, Sgan-Cohen H. Dental Caries Experience and Periodontal Status among Schoolchildren in Georgia. 5th International Annual Conference of Georgian Stomatological Association and FDI - World Dental Federation CE Program “Dental Tbilisoba”, Tbilisi, Georgia, November 2012.

მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო სტომატოლოგიური კონფერენცია „დენტალ თბილისობა“, ნოემბერი, 2012.

სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ყოველწლიური კონგრესის სამეცნიერო კომიტეტის შეკრება (FDI – World Dental Federation). აგვისტო 2013 წ. სტამბული.