Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

მოქალაქეობის სტილი საქართველოში

რა არის მოქალაქეობის სტილი, როგორ ყალიბდება და რა ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავს მას საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევა სახელწოდებით „რა განსაზღვრავს მოქალაქეობის სტილს: კულტურა, რელიგია, ნაციონალიზმი“. კვლევის მიზანი იყო მოქალაქეობის ეთნიკური, კულტურული და სამოქალაქო სტილის გამოკვლევა ქართველ ახალგაზრდებში. ამასთან, ქართველ მეცნიერთა ინტერესის საგანი იყო ისიც, თუ როგორ ხდება თითოეული მოქალაქეობის სტილის კონსტრუირება და მანიფესტაცია. კვლევა დაფინანსდა 2011 წელს, კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის მიერ (ASCN) და მისი ხანგრძლივობა იყო 2 წელი. კვლევა ტარდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მკვლევარებს ამ თემით დაინტერესებისკენ მსოფლიოში არსებულმა პრაქტიკამ და დღემდე დებატების საგნად ქცეულმა საკითხებმა უბიძგეს:
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გარკვეული ემოციური დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს დამოკიდებულებები ინდივიდის ყოველდღიური ქცევით ნიმუშებში ჰპოვებს ასახვას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდის თვითდეტერმინაციის პროცესში და სოციალურ იდენტობას განსაზღვრავს. მოქალაქეობრივი სტილიც სოციალური იდენტობაა. ის მოიცავს კრიტერიუმებს, რომლის მიხედვით შეიძლება ინდივიდი მივიჩნიოთ ქვეყნის მოქალაქედ.

მოქალაქეობის სტილი ერთის მხრივ კომპლექსური სოციალური პროცესების ზეგავლენას განიცდის, მათ შორის მასზე ძლიერ გავლენას ახდენს ეროვნული თვითდეტერმინაციაზე, მეორეს მხრივ მოქალაქეობის ტიპი თავადაც ახდენს გავლენას ინდივიდის სოციალურ პერცეფციაზე და აყალიბებს სოციალური ჯგუფის საზღვრებს. ადამიანების განსხვავებულ კრიტერიუმებს ირჩვევენ იმის განსაზღვისათვის, ვინ უნდა გახდეს ქვეყნის მოქალაქე. ამ კრიტერიუმების მიხედვით მკლევრები მოქალაქეობის სამ სტილს განასხვავებენ: ეთნიკურს, კულტურულს და სამოქალაქოს.

ეთნიკური მოქალაქეობრივი სტილი გულისხმობს, რომ გენეალოგიური კავშირების არსებობა აუცილებელია დომინანტური ეთნიკური ჯგუფის წევრობისათვის. ამის საპირისპიროდ, მოქალაქის სახელმწიფოებრივი სტილი გულისხმობს, რომ ქვეყნის მოქალაქე შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც პატივს სცემს და აღიარებს ქვეყნის კანონს და ვინც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბოლო ხანებში მკვლევრებმა გამოთქვეს ეჭვი იმის, თაობაზე, რომ ეთნიკურ-სახელმწიფოებრივი დიქოტომია შესაძლებელია სრულად არ ასახავდეს მოქალაქის იდენტობის სტილის კომპლექსურ ბუნებას. ემპირიული კლევების შედეგებმა დაადასტურა, რომ არსებობს მოქალაქის იდენტობის მესამე სტილი – კულტურაზე ორიენტირებული მოქალაქის იდენტობა – რომელიც მოქალაქის ვალდებულებებში მნიშვნელოვან როლს აკისრებს ქვეყნის ეროვნულ კულტურასთან ადაპტაციას, მის ცოდნას და პატივისცემას. ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ კულტურაზე ორიენტირებული მოქალაქის იდენტობა, ეროვნული კულტურის მიმართ ავლენენ პატივისცემის მაღალ ხარისხს და მისი დაცვის სურვილსაც გამოხატავენ. ეს ინდივიდები სენსიტიურები არიან კულტურასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ და მიაჩნიათ, რომ მათი ცოდნა და პატივისცემა არსებითია იმისათვის, რომ ითვლებოდე ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქედ“, – განმარტავს პროექტის ავტორი და წამყვანი მკვლევარი, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი.

ამ თეორიულ წინაპირობაზე დაყრდნობით მკვლევარებმა მიზნად დაისახეს საქართველოში მოქალაქეობის სამივე ტიპის კვლევა და მიკროდონის ანალიზის განხორციელება. კერძოდ სცადეს გაერკვიათ, თუ როგორია თითოეული სტილის კომპოზიციური მოდალობა და რა ფაქტორები განასხვავებს მათ ერთმანეთისაგან.

კვლევის განხორციელებაში ჩართული იყვნენ ასევე: ხათუნა მარწყვიშვილი, მკვლევარი – ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; ლუიზა არუთინოვი – ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; ნათია მესტვირიშვილი – კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, რეგიონული კვლევების კოორდინატორი.

მეცნიერებმა კვლევის დიზაინში ჩართეს ეროვნული, კულტურული და რელიგიური დამოკიდებულებები, როგორც მოქალაქის სტილის პოტენციური კონტრიბუტორები. კვლევა ჩატარდა საქართველოს შვიდ უნივერსიტეტში: ოთხი უნივერსიტეტი ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი სამი კი – საქართველოს აღმოსავლეთ, შიდა და დასავლეთ საქართველოში. კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 415 მდედრობითი და 270 მამრობითი სქესის 18-დან 24 წლამდე სტუდენტმა.

ავტორი ამბობს, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქის იდენტობის სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული ეროვნულ ჯგუფთან იდენტიფიცირებისხარისხთან, კულტურულ და რელიგიურ განზომილებებთან. კონკრეტულად კი, ნაციონალიზმის პოზიტიური და პატრიოტიზმის ნეგატიური მაჩვენებლები განსაზღვრავს მოქალაქეობის ეთნიკურ სტილს,ამის საპირისპიროდ, სამოქალაქო სტილი დაკავშირებულია პატრიტიზმის დადებითი და ნაციონალიზმის უარყოფითი მაჩვენებლებით. ამასთან, შედეგები მიუთითებს, რომ ნაციონალიზმი და ორთოდოქსულობა ძლიერად და პოზიტიურად კორელირებს ერთმანეთთან. „ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ როგორც ნაციონალიზმი, ასევე ორთოდოქსულობა ეფუძნება რიგიდული კოგნიტური იტერპრეტაციის სტილს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კულტურული მოქალაქეობის სტილი საშუალო მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი უმრავლეს პრედიქტორ ცვლადების, რაც წარმოაჩენს კულტურული მოქალაქეობის სტილის ახალ ფუნქციას: დააბალანსოს ეთნიკური და სამოქალაქო ტიპების ურთიერთშეუთანხმებელი შინაარსი და შეასრულოს გარდამავალი როლი მათი ცვლილების შემთხვევაში“, – ამბობს მკვლევარი.

მაია მესტვირიშილი განსაკუთრებულ აქცენტს შემდეგ ფაქტზე აკეთებს: საქართველოში რელიგიურობა მნიშვნელოვანი ცვლადია ზოგადად ეროვნულ განწყობებს, შეხედულებებსა და იდენტობას შორის კავშირებისათვის. რელიგიურობა არა მხოლოდ პირდაპირი კავშირების საშუალებით გვევლინება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი იდენტობის სიძლიერისათვის ან მოქალაქოების სტილისთვის, არამედ მას აქვს დაფარული, მედიატორის ფუნქცია ეროვნული გრძნობების და მოქალაქეობის სტილის პრეფერენციებისათვის. „რადგან რელიგია პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენს ეროვნულ გრძნობებზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე შეხედულებები ეროვნულ, სამოქალაქო საკითხებზე კვლავ მჭიდროდ აკავშირებს ღმერთის სიყვარულს და ქვეყნის სიყვარულს ერთმანეთთან. რელიგია არა მხოლოდ კულტურის ნაწილია ანდა პიროვნული პრეფერენცია, არამედ იგი ეროვნული და სამოქალაქო შეხედულებების ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტერმინანტია“, – ამბობს იგი.

ავტორი კვლევის შედეგებიდან გამოყოფს დისკრიმინაციული ანალიზის მიგნებებს, რის მიხედვითაც ორგანზომილებიანი მოდელი საუკეთესოდ ასახავს მოქალაქის ეთნიკურ, სამოქალაქო და კულტურ სტილებს შორის განსხვავებას საქართველოში. კერძოდ, ანალიზმა აჩვენა, რომ ეროვნული, კულტურული და რელიგიური დამოკიდებულებები ორ ძირითად ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს, რაც მოქალაქის სტილების ორ ძირითად განმასხვავებელ ფაქტორს ქმნის. პირველი განზომილება აერთიანებს ნაციონალიზმს, ნაციონალურ იდენტობას და ორთოდოქსულობას, ხოლო მეორე მოიცავს პატრიოტიზმს, კოლექტივიზმს და შიდაჯგუფურ განწყობებს.

პირველი განზომილება ეგრეთწოდებული „ორთოდოქსული“ ნაციონალიზმია და ამ განზომილებაში შემავალი ცვლადები როგიდულობას და დოგმატურობას გამოხატავს, სადაც რაციონალიზმი მეტია, ვიდრე სენტიმენტალიზმი; ხოლო მეორე განზომილება ემოციებთანაა დაკავშირებული, აფექტურ კომპონენტს ასახავს და შესაბამისად მას მკვლევარებმა „სენტიმენტალური ნაციონალიზმი“ უწოდეს.

„აღმოჩნდა რომ ეს ორი განზომილება სტატისიკურად სანდო განსხვავებას გვაძლევს მოქალაქის სტილის დიფერენციაციისათვის. მოქალაქის ეთნიკურ სტილს მაღალი მაჩვენებელი აქვს ორთოდოქსულ ნაციონალიზმის განზომილებაზე, მოქალაქეობის კულტურულ სტილს საშუალო, ხოლო სამოქალაქო სტილს – დაბალი. მეორე, სენტიმენტალური ნაციონალიზმის განზომილებაზე მოქალაქეობის სტილები განსხვავებული მიმდევრობით არიან განლაგებულები: მაღალი მაჩვენებელი აქ მოქალაქეობის კულტურ სტილს, საშუალო მაჩვენებლები – სამოქალაქო სტილს, ხოლო დაბალი მაჩვენებლები – ეთნიკურ სტილს“, – აცხადებს კვლევის ავტორი.

საინტერესოა, შედეგების აღწერითი შედეგებიც: გამოკითხულთა 56% მოქალაქის კულტურილ სტილს ირჩევს; 25% – სამოქალაქოს, ხოლო 19% – ეთნიკურს. თუმცა, მკვლევართა თქმით, კვლევა არ არის რეპრეზენტატული, ამიტომ ამ მონაცემთა გენერალიზაცია საქართველოს მოსახლეობაზე არასწორი იქნებოდა.

კვლევის ხელმძღვანელი ამბობს, რომ: მოქალაქეობის სტილის სტრუქტურის და დინამიკის შესწავლა მნიშვნელოვანია ისეთი კომპლექსური საკითხების შესწავლისათვის როგორიცაა ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, მიგრაციული პოლიტიკა, უმცირესობათა უფლებები, და შესაბამისად მას შეაქვს წვლილი ღია/ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში. ამდენად, ჩვენი კვლევა შესაძლოა საინტერესო იყოს საჯარო პოლიტიკის მოხელეებისათვის, პოლიტიკური ფსიქოლოგიის სფეროს წარმომადგენლებისათვის, სოციოლოგებისათვის, რადგან მოქალაქობის ცნება და მასთან დაკავშირებული შეხედულებების შესწავლა აქტუალურია განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნისათვის.

კვლევას აქვს პრაქტიკული ღირებულება, რადგან საჯარო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა უწყობს ხელს მოქალაქეობის ინკლუზიურ ტიპს, რაც დემოკრატიული ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, და რა უშლის ხელს ექსკლუზიური ტიპის ჩამოყალიბებას, რად-გან ეს უკანასკნელი განვითარების და გახსნილი საზოგადეობის ჩამოყალიბების ხელისშემშლელია.

კვლევა წარდგენილი იყო ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე: 2012 წელს ერევანში; 2013 წელს ნიუ-იორკში ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული (APA) აღმოსავლეთ ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კონფერნეციაზე. ლისაბონში განათლების და კვლევის ინტერდისციპლინარული გლობალური ქსელის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე და სხვა.