ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
გელათის კატენებიანი ბიბლია
„ქვეყანას აქვს სიმბოლოები – საიდენტიფიკაციიო ნიშნები თავისი თავისა და სხვებისთვის. ამ სიმბოლოებით ზომავს იგი თავის თავს, ამ სიმბოლოებით ეზომება სხვებს. სიმბოლების ბედი ასეთია: ან ისე ვეჩვევით, რომ ვეღარ ვაფასებთ, ანდა, საერთოდაც არ ვიცნობთ, იმიტომ, რომ აღარ გვჭირდება. გელათის აკადემია და “სასწავლებელი ყრმათათვის”, შემდგარი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა, რომლის დაარსებიდან 900 წლისთავი ჩვენი საზოგადოებისათვის ასე შეუმჩნევლად გადის, ხოლო გელათის კატენებიან ბიბლიას (ბიბლიის ტექსტს, რომლის ყოველ მუხლს დართული აქვს სხვადასხვა ავტორისა და სხვადასხვა ხასიათის განმარტებები) – საქართველოს სულიერების, ინტელექტის, განათლების, წიგნის კულტურის სიმბოლოს, დღეს სპეციალისტები თუ იცნობენ. დავიწყებას თავისი მიზეზი აქვს: ჯერ ინტელექტუალური ჩამორჩენა, რომელიც საუკუნეები გრძელდებოდა თამარის შემდეგ, შემდეგ კომუნისტური რეჟიმი, როდესაც ბიბლიას ვერც ახსენებდი, ბოლოს კი – მატერიალური ორიენტირები, რომლისთვისაც, ერთი შეხედვით, ინტელექტუალური და სულიერი სიმაღლეები სრულიად უცხოა და არ არის საჭირო. მოკლედ, გელათის ბიბლიის ორი უზარმაზარი ხელნაწერი (საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის XII ს-ის ავტოგრაფულმა ნუსხა (A-1108) და მისი ასლები (Q-1152)), რომელიც თითქმის საუკუნის წინ იპოვა თედო ჟორდანიამ გელათის მონასტრის ნანგრევებში, ჯერ კიდევ ელის, რომ სათანადოდ შეისწავლიან, შეაფასებენ, დააფასებენ, და, რაც მთავარია, გამოიყენებენ“, – ამბობს თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ანა ხარანაული, რომელიც ნაშრომის „გელათის კატენებიანი ბიბლიის“ ავტორია.
ბიბლიის შესწავლა და გამოსაცემად მომზადება შოთა რუსთაველის ეროვ-ნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა. ამ პროექტს ძირითადად ახორციელებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო კურსის პროფესორები (ა. ხარანაული, დ. მელიქიშვილი, ვ. ჯუღელი), სტუდენტები (თ. ჯიქურაშვილი, ა. მაისურაძე, ლ. აბრალავა) და მაგისტრები (ც. გულედანი, ნ. დუნდუა, ნ. მიროტაძე). როგორც ანა ხარანაული ამბობს, ამგვარი პროექტის დაფინანსებით რუსთაველის ფონდი მეცნიერთა თაობების მემკვიდრეობითობას უწყობს ხელს, ერთობლივ მუშაობას ასწავლის ახალგაზრდებს და ერთი საქმის გარშემო აერთიანებს მათ.
„თავად გელათის ბიბლიაც ამგვარი, კოლექტიური ნაშრომია მომგებლის (დამფინანსებლის), მთარგმნელების, რედაქტორების და გადამწერებისა, რომლებიც ქმნიან სამეცნიერო გამოცემას სქოლიოებისა და პირობითი ნიშნების მთელი სისტემით, წიგნს, რომელშიც თავმოყრილია ძველი აღთქმის სხვადასხვა ტიპის განმარტებები და რომელიც მთელი თავისი სიღრმითა და მრავალფეროვნებით წარმოადგენს ძველი აღთქმის ღვთისმეტყველებას; ქმნიან უაღრესად დახვეწლ მეტა-ენას, რომლითაც შეიძლება რთული საღვთისმეტყველო ნიუანსების გადმოცემა, სახელმძღვანელოს, რომელიც ასწავლის ტექსტის გამოწვლილვით კითხვასა და გაგებას“. – ამბობს ავტორი.
მისი თმით, კატენებიანი ბიბლია ერთ-ერთი ყველაზე რთული შედგენილობის კრებულებია, ისინი VI ს-დან შემოვიდა ჯერ პალესტინაში და მერე კონსტანტინეპოლში და მთელს ბიზანტიაში გავრცელდა. ათონზე და იტალიაში კატენებიანი ბიბლიის ხელნაწერები XVI ს-მდე იწერებოდა. ხელნაწერების სიმრავლე და მათი გავრცელების ფართო არეალი კატენებიანი ბიბლიის დიდ მოთხოვნილებაზე მეტყველებს შუა საუკუნეებში. საქართველოში ბიბლიის კატენური კრებულები, როგორც ჩანს, გვიან ხდება პოპულარული. ყოველ შემთხვევაში, ათონამდელ პერიოდში ბიბლიის ამ ტიპის კომენტარების ქართულად არსებობა ცნობილი არ არის. ეს საქმე ექვთიმე ათონელმა დაიწყო, გააგრძელა ანტიოქის სკოლამ – ეფრემ მცირემ და დაასრულა გელათმა – შექმნა „გელათის ბიბლია“ ძველი აღთქმის რვაწიგნეულისა და წინასწარმეტყველების ტექსტის ახალი, გადამუშავებული თარგმანი და მისი კომენტარები.
„გელათის კატენებიანი ბიბლია“ მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, მწერლობის, ენის, ქართულ-ბიზანტიური კავშირების, თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის, ქრისტიანული ეგზეგეტიკის და საერთოდ, შუა საუკუნეების ქრისტიანული სამყაროს ერთიანი სურათის წარმოასადგენად, კერძოდ: „გელათის კატენებიანი ბიბლია“ კიდევ ერთი რგოლია ქართულ-ბიზანტიური სამწერლობო ურთიერთობების ჯაჭვში. იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მთარგმნელობითი სკოლების პოლიტიკის ერთიან, მიზანმიმართულ ხაზს, რომელიც ბიზანტიური მწერლობის სრულ ათვისებაში მდგომარეობს და, ასევე, ასახავს იმ სააზროვნო ინტერესებსაც, რომელთაც გელათის სკოლა იჩენს კომენტატორული ჟანრის მიმართ.
• „გელათის კატენებიანი ბიბლიის“ კიმენი ქართული ბიბლიის ტექსტის განვითარების ახალი ეტაპია და კრებულის მთლიანობაში შესწავლა ამ ეტაპის სრული დახასიათების საშუალებას მოგვცემს.
• გელათის კატენებიანი ბიბლია პატრისტიკის და, ზოგადად, ბიბლიის ჰერმენევტიკის უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა, რადგანაც ზოგიერთი ავტორის ეგზეგეტიკური თხზულება მხოლოდ კატენებმა შემოგვინახა.
• თარგმანების ენა, მისი დიალექტური, სინტაქსური თუ სტილისტური ნიშნები გელათის ბიბლიას ქართული ენის ისტორიის მნიშვნელოვან დოკუმენტად აქცევს.
სხვადასხვა ეგზეგეტიკური სკოლის ნააზრევის ქართულად გადმოტანა უაღრესად დახვეწილ სპეციალურ (საღვთისმეტყველო) ტერმინოლოგიას მოითხოვდა, ამდენად, კრებული მდიდარ მასალას იძლევა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შესასწავლად.
გელათის ავტოგრაფული ნუსხა (A-1108), რომელიც მისი მწერლის ბევრ შესწორებას შეიცავს, უნიკალური მასალაა შუა საუკუნეების ფილოლოგის მუშაობის პროცესზე დასაკვირვებლად.
ავტოგრაფული ნუსხისა და მისი ასლის (Q-1152) ურთიერთმიმართების შესწავლა წარმოდგენას გვიქმნის შუა საუკუნეების გადამწერების მუშაობის მეთოდსა და სტილზე, იმაზე, თუ რა პრობლემები ჰქონდათ მათ ხელნაწერის და, კერძოდ, ავტოგრაფის გადაწერისას, რა ცვლილებების შეტანის უფლებას აძლევდნენ ისინი თავს და სხვ.
კატენებიანი კრებულების შედგენა მრავალ ტექნიკურ სირთულესთანაა დაკავშირებული. გელათის კატენებიანი ბიბლია ამ თვალსაზრისით მეტად მაღალი დონის ხელნაწერია. მარგინალური ნიშნები თუ კომენტარების ნუმერაციის სტილი, კატენისა და კიმენის განთავსება და მათი ერთმანეთთან მიმართება, ასევე, სხვა მრავალი დეტალი, კოდიკოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოს ხდის ხელნაწერებს და წიგნის კულტურის უმაღლეს დონეზე მეტყველებს.
გელათის კატენებიანი ბიბლიის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია მისი წარმომავლობის დადგენასთან, რაც რამდენიმე თვალსაზრისით არის აუცილებელი:
ა) თარგმანის, და, განსაკუთრებით, ისეთი ულტრაელინოფილური თარგმანის ტექსტის დადგენა, როგორსაც გელათის კატენებიანი ბიბლია შეიცავს, სრულიად შეუძლებელია მისი დედანთან დაწვრილებითი შედარების გარეშე.
ბ) ბიბლიის ტექსტის შედარება დედანთან ქართული ბიბლიის ტექსტის ისტორიის დასადგენად არის მნიშვნელოვანი.
გ) წყაროსთან შედარება მნიშვნელოვანია გელათის მთარგმნელობითი სკოლის თარგმანის ტექნიკაზე დასაკვირვებლად: ერთიდაიმავე მთარგმნელის მიერ, ანდა ერთი სკოლის ფარგლებში შესრულებული სხვადასხვა ავტორისა და სხვადასხვა ტიპის ტექსტის თარგმანები საინტერესო სპექტრს ქმნის ქართული ელინოფილური თარგმანის შესასწავლად.
დ) გელათის კატენებიანი ბიბლია კიდევ ერთი ნიმუშია ქართული წერილობითი ძეგლების იგნორირებისა ბიზანტიური კულტურის კვლევის დროს: ცნობა ბიბლიის კატენებიანი კრებულის ქართული თარგმანის არსებობის შესახებ არ არის კატენებიანი ბიბლიის არცერთ ფუნდამენტურ აღწერილობასა და გამოკვლევაში.
ე) გელათის კატენებიანი ბიბლიის შესწავლა მნიშვნელოვანია თავად ბერძნული კატენებიანი კრებულების კვლევისთვისაც:
• სეპტუაგინტას ტექსტუალური კრიტიკისათვის,
• ცალკეულ ავტორთა კომენტარების ტექსტის დასადგენად,
• ცალკეული კომენტარის ავტორის დასადგენად და
• კრებულის ტექსტის ისტორიის შესასწავლად.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეც-ნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ამოცანა გელათის ბიბლიაში შესული სამი წიგნის – „ლევიტელთას”, „რიცხვთას” და „მეორე სჯულის” წიგნების ტექსტისა და კომენტარების გამოსაცემად მომზადებაა. სამუშაოს დაწყებიდან წელიწადნახევარი გავიდა. უკვე გამოიკვეთა გარკვეული შედეგებიც: მაგალითად, ვიცით, კონკრეტულად რომელი ტექსტუალური ტრადიციისა იყო ქართული თარგმანის ბერძნული დედანი, ვიცით, რა მეთოდით თარგმნიდნენ ტექსტს, რა პრიციპით ხდებოდა კომენტარების შერჩევა და რამდენად ასახავდა ეს არჩევანი მაშინდელი საზოგადოების ინტერესს, დადგენილია კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა მოხდეს ავტოგრაფული ნუსხის გამოცემა და მისი ყველა თავისებურების გამოცემაში წარმოჩენა და ა.შ. იმედია, პროექტის დასრულების შემდეგ ისევ გამოჩნდება დაფინანსება “გელათის ბიბლიის” დარჩენილი ნაწილის (ისუ ნავეს, მსაჯულთა, რუთის, და წინასწარმეტყველთა წიგნების) ტექსტის დასადგგენად და საკვლევად. იმის იმედიც მაქვს, რომ ტექსტსა და გამოკვლევას გამომცემელი გამოუჩნდება. ეს იქნება საუკეთესო აღნიშვნა იმ საიუბლეო 900 წლისა, რომელიც გელათის აკადემიის დაარსებიდან გავიდა.