Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

აღმოსავლეთ საქართველოში ღრმად დაძირული ნალექების ნავთობ-გაზიანობის პერსპექტივების შესახებ

საქართველოში ნავთობის მოპოვების ხანგრძლივი ისტორიისა და ამ თემაზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების მიუხედავად, დღეისათვის არსებული ეკონომიკური შედეგები შთამბეჭდავი ნამდვილად ვერ არის. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამ წიაღისეულის სამრეწველო მოპოვების საქმეში იყო აღმავლობის ეპიზოდებიც. მაგალითად, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოში ნავთობის წლიურმა მოპოვებამ სამ მილიონ ტონას გადააჭარბა. (იხ.: გ.ხმალაძე, ნ.ხმალაძე. საქართველოს ნავთობის მრეწველობა გარდამავალ პერიოდში. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2002. გვ.14).

სპეციალიზირებული კვლევების საფუძველზე საქართველოში მეცნიერები გამოყოფენ ნავთობგაზიან ხუთ და შესაძლო ნავთობგაზიან ორ რაიონს. ოფიციალურად აღრიცხულია ნავთობის თხუთმეტი (უმეტესად მცირედებიტიანი), გაზნავთობის ერთი და გაზის ერთი საბადო. დღეისათვის, თსუ მეცნიერები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ყურადღების გამახვილებას საქართველოში ნავთობის მოპოვების ზრდის ერთ-ერთ შესაძლო რეზერვზე, კერძოდ, ღრმად დაძირულ მეზო-კაინოზოურ ნალექებზე. (ცნობისათვის, კაინოზოური ერა 65 მილიონზე მეტი ხნის წინ დაიწყო).

2013 წლიდან 2016 წლის აპრილამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეც-ნიერო ფონდის დაფინანსებით თსუ-ს ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტში ხორციელდება პროექტი „აღმოსავლეთ საქართველოს ღრმად დაძირული მეზო-კაინოზოური ნალექების ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება“.

პროექტის ინიციატორი და ავტორი თსუ მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ამავე ინსტიტუტის სათბობ-ენერგეტიკული რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნანი ასლანიკაშვილი გახლდათ, რომელიც პროექტის დასრულებამდე გარდაიცვალა.

                              

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მირიან თოფჩიშვილი, მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის სათბობ-ენერგეტიკული რესურსების განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი ვახტანგ იორაშვილი, ამავე ინსტიტუტის ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილების გამგე გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ასლან სულაძე, მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლი ზურაბ კილასონია, მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის მეცნიერ- თანამშრომელი – მაია ჭიჭინაძე.

ასლან სულაძის განმარტებით, „ქანებში გაბნეული ბიოორგანული ნივთიერების ნავთობად გადასაქცევად საჭიროა მისმა შემცველმა ნალექებმა თანამიმდევრულად გაიარონ სედიმენტოგენეზის (დალექვის) შემდეგ – დიაგენეზის (ნალექის დანალექ ქანად გარდაქმნის) და ბოლოს კატაგენეზის (უკვე ჩამოყალიბებული ქანში არსებული ბიოორგანული ნივთიერების მეორადი გარდაქმნები) ხანგრძლივი სტადია.

პროექტის ფარგლებში, გავლილ პერიოდში მოხდა დანალექი და ვულკანურ-დანალექი ქანების თავისებურებების აღწერა, გენური ტიპიზაცია, ქანების ლითოლოგიურ-გეოქიმიური კრიტერიუმების შესწავლა, განხორციელდა პალეოგეოგრაფიული, პალეოვულკანოლო-გიური რეკონსტრუქციები, გამახვილდა ყურადღება სიღრმული პროცესების როლის დადგენაზე ნავთობგაზიანი აუზების ფორმირებისა და ნახშირწყალბადების მობილიზაციის პროცესებში. შესრულდა აუზის თანამედროვე და პალეოგეოთერმული პირობების რეკონსტრუქცია, ჩატარდა ქანებში გაბნეული ჰუმუსური ორგანული ნივთიერების – ვიტრინიტის არეკვლის სიდიდეების გაზომვები და ძირითადად ამის საფუძველზე განხორციელდა ორგანული ნივთიერებებისა და ქანების კატაგენიზის ხარისხის დადგენა. (ჰუმუსი – ნიადაგის მცენარეული და ცხოველური ნარჩენების ბიოქიმიური გარდაქმნების შედეგად წარმოქმნილი ორგანული ნაწილი), გარდა ამისა, კომპლექსური სტადიალური ანალიზით (ქანების მეორადი თვისებების დადგენა) შეფასდა დანალექი და ვულკანოგენურ-დანალექი ქანების გარდაქმნის ხარისხი და ა.შ.“.

მეცნიერთა განმარტებით, ნავთობისა და გაზის ბუდობების განაწილების სტატისტიკის მიხედვით, დიდ სიღრმეებზე (>4,5 კმ) უმეტესწილად გაზის ბუდობებია განთავსებული და მათი რეზერვუარები – შემცველი ქანები (ე.წ. კოლექტორები) მეორადი განმკვრივების ზონებს უკავშირდებიან. ამასთანავე, მათი განაწილება ჭრილში სიღრმეების მიხედვით არათანაბარია. როგორც პროექტის მონაწილე მაია ჭიჭინაძე განმარტავს, „მსგავსი რამ განპირობებულია დიდ სიღრმეებზე არსებული სპეციფიური რეჟიმებით, რომელთა გამოვლენასაც, არსებითი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. აქ, უპირველესად, ყურადღება გასამახვილებელია გაბნეული ორგანული ნივთიერებების ორგანომასალების შემადგენლობისა და ფერის მიხედვით თვით ამ ორგანული ნივთიერებების საწყისი ტიპისა და კატაგენეზის ხარისხის დადგენაზე. აღსანიშნავია, რომ გაბნეულ ორგანულ ნივთიერებებს იქ ნანახი ორგანომასალების შემადგენლობისა და მიკროფოსილიების (სპორების, მტვრიანას, მიკროპლანქტონს) მიხედვით ეცვლება ფერი. გარდა იმისა, რომ ამ მიმართულებით ჩასატარებელი პალინოლოგიური კვლევები კიდევ უფრო გაამდიდრდება ინსტიტუტის მიერ მოპოვებული შედეგები. ამასთანავე, ეს იქნება საქართველოში ნოვატორული მიდგომა და საყურადღებო შედეგები ნავთობგაზიანობის კვლევების სფეროში“.

„აღმოსავლეთ საქართველოს ნავთობგაზიანი რაიონი წარმოადგენს კასპიის ზღვის სამხრეთი ნაწილის (აზერბაიჯანში მდ. მტკვრის ქვედა დინების) მეგადეპრესიის (დიდ სიღრმეზე მდებარე ქვაბული) დასავლეთ დაბოლოებას. ამდენად, აქ ჩატარებული კვლევები საინტერესო იქნება აზერბაიჯანელი სპეციალისტებისთვისაც. დასახელებული დეპრესიის ფარგლებში ღრმად დაძირული მეზო-კაინოზოური ნალექების ნავთობგაზიანობის შეფასებისთვის „საქნავთობის“ მიერ ჩატარებულია ძებნა-ძიებითი სამუშაოები. გაბურღულია საშუალო და ღრმა (3700 მ) ჭაბურღილები. ზოგიერთი მათგანიდან, არსებული მონაცემებით, მოსალოდნელია ნავთობის ამოსაღები რესურსების მნიშვნელოვანი მოცულობები.

„როგორც ადრე ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზი მეტყველებს, ღრმად დაძირული ნალექების ნავთობგაზიანობის პოტენციალის შეფასებისას სრულყოფილად არ იყო გათვალისწინებული ყველა ის ფაქტორი, რომელიც ნალექების ნახშირწყალბადოვანი პოტენციალის ფორმირებისა და საბადოების თავისებურებებს განაპირობებს. აღნიშნული გარემოება კი სირთულეებს წარმოშობს ბუდობების პროგნოზირებისა და საბადოების ათვისება/ექსპლუატაციის პროცესში“, – აცხადებს ასლან სულაძე.

პროექტის ერთ-ერთი სიახლე ნავთობგაზიანობასა და ენდოგენური (შინაგანი წარმოშობის) რეჟიმების, მათ შორის ვულკანიზმის პროცესებს შორის სავარაუდოდ არსებული კანონზომიერებების დადგენაშია. ამ მიზნით დასახულია მეზო-კაინოზოური სედიმენტაციური აუზების ფორმირების პირობების გამოკვლევა, ქანების ლითოლოგიურ-გეოქიმიური მახასიათებლების დადგენა  (შეგახსენებთ, რომ ლითოლოგია, ეს არის მეცნიერება დანალექი ქანებისა და დანალექი საბადოების, აგრეთვე თანამედროვე ნალექების შედგენილობის, აგებულების, გენეზისისა და გავრცელების შესახებ).

როგორც კვლევის მონაწილეები აცხადებენ, სამუშაობის დასრულებამდე შეფასდება სხვადასხვა გეოლოგიური პროცესების მნიშვნელობა ქანების მოცულობით ფილტრაციული თვისებების ფორმირების პროცესში. გარდა ამისა, ქანებში გაბნეული ჰუმუსური ორგანული ნივთიერების – ვიტრინიტის არეკვლის სიდიდის მიკროსკოპული გაზომვები, საფუძველს იძლევა შეფასდეს ორგანული ნივთიერების კატაგენეზისის ხარისხი. კომპლექსური სტადიალური ანალიზისა და ვიტრინიტომეტრიის მონაცემების საფუძველზე ვერტიკალურ ჭრილებში მოხდება კატაგენეზისის ეტაპების და ზონების გამოყოფა. დადგინდება კატაგენეზისის ვერტიკალური გრადიენტი, რომლის ექსტრაპოლაციის გზით ღრმა ჰორიზონტებზე შესაძლებელი გახდება სიღრმეში არსებული თერმობარული რეჟიმების შეფასება. მეტ-ნაკლები სიზუსტით ამ მონაცემების გამოყენება შესაძლებელი იქნება ასევე მომიჯნავე ტერიტორიებზე, სადაც არ არსებობს ბურღვის მონაცემები.

თსუ-ს ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის მეცნიერები აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში მოძიებული მასალის ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე, მოხდება ღრმად დაძირული ნალექების ნახშირწყალბადოვანი პოტენციალის პროგნოზირება. პროექტში დასმული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობაც ექნება, რადგან დაინტერესებულ ნავთობმომპოვებელ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ეკონომიის საშუალებას მისცემს.