Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის მრავალწლიანი ურთიერთობები გრძელდება

ცოტამ თუ იცის, რომ პირველ ქართულ უნივერსიტეტს დაარსებიდან, 1918 წლიდან, კავშირები ჰქონდა იმდროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. უკვე ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსებით ძმები, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, სასწავლებლად გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) გაემგზავრნენ, სადაც უკვე მსოფლიოში გამორჩეული მათემატიკისა და ფიზიკის ინსტიტუტები ფუნქციონირებდა. ივანე ნიკურაძე მალევე გახდა თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, პროფესორ ლუდვიგ პრანდტლის გამორჩეული სტუდენტი და წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “დაკვირვებები ტურბულენტურ დინებაში სიჩქარის განაწილებაზე”. მან ხელძღვანელთან ერთად მონაწილეობა მიიღო კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის ინსტიტუტის დაარსებაში, მოგვიანებით კი ამ ინსტიტუტის განყოფილების უფროსი გახდა. ქართველი მეცნიერი ივანე ნიკურაძე ამ ქალაქში პირველი სტუდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩამოსული, რომელმაც საკუთარი შრომისმოყვარეობით საფუძველი ჩაუყარა ამ ორი უნივერსიტეტის ურთიერთობების წარმატებულ დასაწყისს. უმცროსი ძმა, ალექსანდრე მყარი სხეულების ფიზიკის ერთ-ერთი სახელგანთქმული პროფესორი გახლდათ ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის საუკუნოვანმა ურთიერთობამ აქტიური ფორმა მიიღო. ამ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სტუდენტს შეუძლია დააგროვოს ორივე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებისთვის საჭირო კრედიტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაციის დაცვის შემდეგ, თსუ დოქტორის ხარისხთან ერთად მიენიჭოს გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხიც.

ამჟამად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 7 კურსდამთავრებული გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს. მათ შორის იყო მაია სვანაძე, რომელმაც გოტინგენის უნივერსიტეტში 2010 წელს დაიწყო სწავლა, როგორც დოქტორანტმა. იგი მონაწილეობდა გოტინგენის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პროექტში „მათემატიკური სტრუქტურები თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში“ და პარალელურად, მუშაობდა სადისერტაციო თემაზე „ბლანტი დრეკადობის თეორიის არაკლასიკური ამოცანები“.

დრეკადობის თეორიის განვითარების სამ საუკუნოვან პერიოდში უდიდესია ქართველი მეცნიერების წვლილი. საერთაშორისო დონეზე კარგადაა ცნობილი ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუასა და ვიქტორ კუპრაძის მიერ დრეკადობის თეორიაში შექმნილი ქართული მათემატიკური სკოლის მიღწევები და კვლევის მეთოდები. ამ სკოლის სამეცნიერო შედეგებმა უდიდესი წვლილი შეიტანა კლასიკური დრეკადობის თეორიის განვითარებაში და განაზოგადა სასაზღვრო ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდი (პოტენციალთა მეთოდი). ამ მეთოდით შესაძლებელი გახდა როგორც დრეკადობის კლასიკური თეორიის, ასევე თანამედროვე მათემატიკური თეორიების კვლევა მიკროსტრუქტურის მქონე დრეკადი მასალებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად 100 წლის წინ, 1915 წელს, გამოქვეყნდა ქართველი მათემატიკოსის მიერ პირველი სტატია დრეკადობის თეორიაში ნიკო მუსხელიშვილის ავტორობით.

     

საინჟინრო საქმეში, ტექნოლოგიაში, გეოფიზიკაში, მედიცინასა და ბიოლოგიაში ბლანტი დრეკადი მასალების ფართო გამოყენებამ აუცილებელი გახადა ასეთი მასალების მათემატიკური მოდელების აგება და მათი ინტენსიური კვლევა. ბოლო ათწლეულში ამ მიმართულებით აიგო რამდენიმე საინტერესო მოდელი სხვადასხვა ველების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ქართველმა დოქტორანტმა მიზნად დაისახა ამ მოდელების ამოცანების გამოკვლევა ქართული მათემატიკური სკოლის მიერ განვითარებული კვლევის მეთოდით. გამოიკვლია ბლანტი დრეკადობისა და თერმოდრეკადობის წრფივი თეორიების სივრცითი სასაზღვრო ამოცანები კელვინ-ფოიგტის მასალებისათვის სიცარიელით. კერძოდ, ამ თეორიებში დაადგინა ზომერფელდ-კუპრაძის ტიპის გამოსხივების პირობები, მიიღო გრინის ფორმულების ანალოგები და რეგულარული (კლასიკური) ამონახსნების სომილიანას ტიპის ინტეგრალური წარმოდგენის ფორმულები. დაამტკიცა აღნიშნული სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. დაადგინა კელვინ-ფოიგტის ბლანტ მასალებში გავრცელებული ბრტყელი ჰარმონიული ტალღების ძირითადი თვისებები.

მიღებული შედეგები გამოქვეყნდა მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე უცხოურ ჟურნალებში. კერძოდ, Journal of Elasticity, Mechanics Research Communications, Journal of Thermal Stresses და სხვა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გოტინგენის უნივერსიტეტს შორის არსებული ამ თანამშრომლობით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თსუ-ს კიდევ 6 მკვლევარი სარგებლობს. გოტინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებსაც კავშირი აქვთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ისინი ხვდებიან ქართველ სტუდენტებს, კითხულობენ მათთვის საინტერესო საჯარო ლექციებს და დაინტერესების შემთხვევაში, საერთაშორისო პროგრამების ხელშეწყობით, ნიჭიერ სტუდენტს სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევენ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სტუდენტს შეუძლია დააგროვოს ორივე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებისთვის საჭირო კრედიტები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისერტაციის დაცვის შემდეგ, თსუ დოქტორის ხარისხთან ერთად მიენიჭოს გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხიც.

დრეკადობის თეორიის განვითარების სამსაუკუნოვან პერიოდში უდიდესია ქართველი მეცნიერების წვლილი. საერთაშორისო დონეზე კარგადაა ცნობილი ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუასა და ვიქტორ კუპრაძის მიერ დრეკადობის თეორიაში შექმნილი ქართული მათემატიკური სკოლის მიღწევები და კვლევის მეთოდები. ამ სკოლის სამეცნიერო შედეგებმა უდიდესი წვლილი შეიტანა კლასიკური დრეკადობის თეორიის განვითარებაში და განაზოგადა სასაზღვრო ინტეგრალურ განტოლებათა მეთოდი (პოტენციალთა მეთოდი). ამ მეთოდით შესაძლებელი გახდა როგორც დრეკადობის კლასიკური თეორიის, ასევე თანამედროვე მათემატიკური თეორიების კვლევა მიკროსტრუქტურის მქონე დრეკადი მასალებისათვის.