Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ № 7

უნივერსიტეტში სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ რიგით მეშვიდე, 2015 წლის შემაჯამებელი ნომერი გამოვიდა. ჟურნალი, უკვე ტრადიციულად, გთავაზობთ წლის განმავლობაში თსუ-ში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ნაწილის შესახებ ინფორმაციას.

ამჯერად გამოცემა გრაკლიანის აღმოჩენით იხსნება. გრაკლიანის გორაზე, არქეოლოგიური გათხრების დროს მიგნებული უძველესი წარწერა, შესაძლოა, ახალი ერის დასაწყისი გახდეს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის.

ამას გარდა, ჟურნალში იხილავთ მასალებს თსუ-ს როლსა და ადგილზე საერთაშორისო რანჟირების სისტემებში; მასალას კვლევაზე „ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის“ შესახებ; ინფორმაციას ანთიმოზ ივერიელის ადგილზე ქართულ-ევროპული დიალოგში; გაიგებთ მეტს გელათის კატენებიანი ბიბლიის შესახებ; ფსიქოლოგიები მოგვიყვებიან პოსტტრავმული ზრდისა და ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ინდიკატორების ცხოვრებისეულ ისტორიებს, ასევე აგვიხსნიან როგორ განისაზღვრება მოქალაქეობის სტილი საქართველოში.

ჟურნალში ნახავთ მასალას, თუ როგორ მოიპოვება და მუშავდება მასალები ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიისათვის; რა კვლევები მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე თსუ-ში; როგორ წარმოუდგენიათ უნივერსიტეტის მეცნიერებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია. გაეცნობით პრობაციის სამართლის ახალი სახელმძღვანელოს დეტალებს; სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციებს საქართველოში.

თსუ მკვლევრების დახმარებით აღმოაჩენთ, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გეოლოგიური პრობლემები აქვს; არსებობს ეკოლოგიური პრობლემებიც, რომელიც შეიძლება ენერგიის ალტერნატიულ წყაროდ იქცეს; გაიგებთ აღმოსავლეთ საქართველოში ღრმად დაძირული ნალექების ნავთობ-გაზიანობის პერსპექტივების შესახებ; ქართველი მეცნიერების კვლევებზე  ფრინველთა და ცხოველთა ბალანსირებული კვების გასაუმჯობესებლად.

ჟურნალი ასევე გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის მრავალწლიანი ურთიერთობების ტრადიციას და გამოცდილებას;

დეტალებს შავი ზღვის რეგიონული მოკლევადიანი პროგნოზის შექმნის შესახებ, რომელშიც თსუ მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა;

სამედიცინო ფაკულტეტი წარმოგიდნებთ მასალას საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების გავრცელების შესახებ და პრევენციის თანამედროვე მიდგომების თაობაზე, ასევე კვლევას მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე.

თსუ ეკონომისტები ისაუბრებენ კონკურენტუნარიანობის ზრდის სტრატეგიაზე საქართველოში; მიმოიხილავენ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ტენდენციებს და დივერსიფიკაციის შესაძლებლობებს საქართველოში; უცხოური ბრენდებისადმი ქართველი მომხმარებლების ლოიალურობის აღქმის სპეციფიკას.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალი 2012 წლიდან გამოდის. ის დღეს ორ დამოუკიდებელ - ინგლისურ და ქართულ გამოცემებად იბეჭდება.