Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტყიბული-შაორის საბადოს ნახშირის ფენებიდან მეთანის მოპოვების პერსპექტივების შეფასება

საქართველოში არსებული ნახშირის საბადოების და მასში საწვავი გაზის მარაგების შესწავლა თსუ  კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია. შესასწავლი საკითხის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური შინაარსის გარდა, წარმოდგენას ისიც ქმნის, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მეთანის თვითაალების შედეგად, ტყიბულის შახტებში მსხვეპლის რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა.  პროექტი, რომლის მიზანიც იყო ტყიბული-შაორის ნახშირის ფენებთან დაკავშირებული საწვავი გაზის სამეცნიერო-სამრეწველო მარაგის გეოლოგიურ-ეკონომიკური შეფასება და მეთანის უტილიზაციის პერსპექტიულობის დასაბუთება, ინსტიტუტში 2010-2012 წლებში განხორციელდა - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნ. დოქტორის, კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ენერგეტიკული რესურსების განყოფილების გამგის ნანული ასლანიკაშილის ინფორმაციით, მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტყიბული-შაორის საბადოს შესახებ არსებული მასალის რევიზია და სისტემატიზაცია; კვლევები ჩატარებულია ძირითადად შემდეგი მიმართულებებით: საბადოს გეოლოგიურ-ტექტონიკური აგებულების და ნახშირის ფენების თავისებურებების შესწავლა; ნახშირების ტიპების ნივთიერ-პეტროგრაფიული შედგენილობის მიკროსკოპული შესწავლა; მეტამორფიზმის მარკების დადგენა-დაზუსტება და სხვა; ფიზიკურ-მექანიკური თვისებების შესწავლა და განზოგადება; შახტების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მათი რესტრუქტურიზაციის ოპტიმალური სქემების შემუშავება; ნახშირის ფენების მეთანშემცველობის ფაქტორების შეფასება; საბადოზე დარჩენილი მეთანის მოპოვების ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა-შეფასება; ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო, მაღალეკონომიური და მრავალმიზნობრივი დანიშნულების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შეფასება ტყიბული-შაორის ნახშირების ბაზაზე; ტყიბულის ნახშირზე მომუშავე ეკოლოგიურად სუფთა თბოელექტროსადგურის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლა და ექსპერიმენტული მონაცემების ექსტრაპოლაცია ბუნებრივ პირობებზე.

ამ სამუშაოებს ახორციელებდნენ მეცნიერები: თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ენერგეტიკული რესურსების განყოფილების წამყვანი მეცნიერ-მუშაკი ვახტანგ იორაშვილი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ჯიშკარიანი; გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინფორმატიკისა და ახალი ტექნოლოგიების განყოფილების გამგე ასლან სულაძე.

პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა რეკომენდაციების შემუშავება ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოს კომპლექსური ექსპლუატაციის შესახებ. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული ტყიბული-შაორის ნახშირების ბაზაზე ეკოლოგიურად სუფთა, უნარჩენო, მაღალეკონომიური და მრავალმიზნობრივი დანიშნულების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შეფასების მიმართულებით, რასაც გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული პროცესების ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები უდევს საფუძვლად.

მეცნიერთა რეკომენდაციები გულისხმობს ფენებში დაგროვილი მეთანის სადეგაზაციო ჭაბურღილების საშუალებით მოპოვებას.

“ამ მიზნით, მეცნიერთა მიერ შაორის მოედნის ჭაბურღილების ჭრილების დეტალური შესწავლისა და ტექტონიკური თავისებურებების და რღვევითი დისლოკაციების გათვალისწინების საფუძველზე, გამოყოფილია სადეგაზაციო უბანი, საიდანაც შესაძლებელია სადეგაზაციო ჭაბურღილების დაპროექტება და მეთანის მოპოვება“, _ ამბობს ნანული ასლანიკაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება შახტების ეკონომიკური ეფექტი, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შახტებში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება.

მეცნიერის თქმით: „ამ მხრივ, მიუხედავად როგორც ჩვენი, ასევე საინჟინრო დარგის წამყვანი სპეციალისტების მრავალწლიანი მცდელობისა, ვერ მოხდა დადებითი გადაწყვეტილების მიღება, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. ამიტომ, შესაბამის სტრუქტურებს დაბეჯითებით მოვუწოდებთ, დაინტერესდნენ ამ პრობლემით. მით უმეტეს, რომ წამყვან ნახშირმომპოვებელ ქვეყნებში უმკაცრესი ზომებია მიღებული ხანგრძლივად კონსერვაციაში არსებული შახტების რესტრუქტურიზაციის დროს მათი წინმსწრები დეგაზაციის აუცილებლობლობის თაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები გაზიარებულია საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიის მიერ და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გათვალისწინებული იქნება ჭაბურღილების დაპროექტება საბადოს ტერიტორიაზე“.

მიღებული შედეგების საფუძველზე მეცნიერებს შესაძლებლად მიაჩნიათ ტყიბული-შაორის ნახშირის საბადოს კომპლექსური ექსპლუატაცია, რაც საქართველოში ნახშირის მოპოვების მომგებიან დარგად გარდაქმნის წინაპირობად შეიძლება იქცეს.

მეცნიერი ასე აღწერს მიღებულ შედეგს: „ჩვენი გათვლების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ უშუალოდ ნახშირის ფენებში განთავსებული საწვავი გაზის რაოდენობა, ნახშირების მარაგის გათვალისწინებით, შეადგენს “6.3-7.0 მლრდ. მ3-ს, ამასთან, ღრმა ჰორიზონტებზე გაზიანობის ფაქტორის ზრდის გათვალისწინებით, გაზის მარაგები პროდუქტიულ წყებაში რეალურად შესაძლებელია გაიზარდოს და შეადგინოს” 10.0 მლრდ. მ3”.

როგორც კვლევების შედეგად დადგინდა, გამოყოფილი გაზის მოცულობა რამოდენიმე ასეული მ3 შეადგენს; ამასთან, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი იფანტება. მკვლევართა შეფასებით, რეალურად სამრეწველო გაზის სახით შემორჩენილია ფენებში სორბირებული გაზი, კოლექტორებში და სათანადო სტრუქტურებში განთავსებული თავისუფალი გაზი 60.0 მლნ. მ3-ს ოდენობით.

მათი გათვლებით, სადეგაზაციო უბნის სივრცეში განთავსებულია გაზის საკმაოდ დიდი რაოდენობა - 1,4 კმ2-ზე 490 მლნ. მ3.

ამ შედეგების საფუძველზე კი მეცნიერთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ შემდგომი სამუშაოების პერსპექტივები დაკავშირებულია დეგაზაციის პრობლემის სპეციალური გეოლოგიური და სამთო ტექნიკური საკითხების დამატებით შესწავლასთან. ამ მიზნით, საჭიროა: შაორის ნახშირიანი მოედნისა და მიმდებარე უბნების სადეგაზაციო ზონებად დაყოფა და მარაგების შეფასება ცალკეულ უბნებზე; მიზანშეწონილია თავისუფალი გაზის მარაგების სივრცობრივი განაწილების დაზუსტება და ამ მიზნით, საბადოს ჩრდილოეთით, საწალიკეს და ლაბეჩინის სტრუქტურების ფარგლებში ერთი პარამეტრული ჭაბურღილის გაყვანა. ამასთან დაკავშირებით მიზანშეწონილია გეოფიზიკური სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, აღნიშნული ფართის სეისმური პროფილების აგება; სადეგაზაციო ჭაბურღილების ოპტიმალური პროექტირებისათვის საჭიროა ნახშირის ფენებისა და შემცველი ქანების პეტროფიზიკური პარამეტრების და გაზის კომპონენტური და იზოტოპური შედგენილობის დაზუსტება-შესწავლა.

კვლევების შედეგები ეტაპობრივად განიხილებოდა სათანადო დარგის სპეციალისტებთან ერთად. აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა პუბლიკაციები, როგორც ადგილობრივ პრესაში (ჟურნალი “საქართველოს ნავთობი და გაზი”), ასევე რუსეთის პერიოდულ გამოცემაში (სამთო ჟურნალი). მოხსენება წარდგენილი იყო ასევე საერთაშოისო კონფერენციაზე ნავთობისა და გაზის ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი).