Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

მყინვარები - მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი

მყინვარები დედამიწის გეოგრაფიული გარსის უნიკალური ნაწილია, სადაც მოსული მყარი ატმოსფერული ნალექები დაგროვების შემდეგ ყინულად გარდაიქმნება. ისინი მტკნარი წყლის უდიდეს რეზერვუარებს წარმოადგენენ, საქართველოსთვის კი, გეოგრაფთა შეფასებით, უმნიშვნელოვანეს რესურსს. ბუნებრივია, რომ დღეისთვის, მთელს მსოფლიოში მყინვარების შესწავლის საკითხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, კვლევების სრულფასოვნად ჩასატარებლად კი მყინვარებზე მრავალწლიანი კომპლექსური დაკვირვებებია აუცილებელი.

თსუ მეცნიერთა განცხადებით, კავკასიონზე მყინვარების კვლევის ისტორია მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ბაზაზე დაიწყო და წლების განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება. დღესაც ეს ინსტიტუტი ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით კავკასიონის მყინვარებს იკვლევს.

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში "კავკასიონის მყინვარების გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე და გამყინვარების ევოლუცია გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში" თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ათ წელზე მეტია მიმდინარეობს. კვლევამ განსაკუთრებით ინტენსიური სახე თსუ გეოგრაფთა მიერ საერთაშორისო გრანტის - "კავკასიაში მყინვარების დინამიკა, კლიმატის ცვალებადობა და მდინარეული ჩამონადენის მოდელირება" (INTAS) ინგლისი, (2007-2009 წწ). Mმოპოვების შემდეგ მიიღო. შემდეგ მეცნიერთა მუშაობა უკვე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის - "მყინვარ ზოფხიტოს მასის ბალანსის მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე”, (2009-2011 წწ). ფარგლებში გაგრძელდა.

2012-2013 წლის პერიოდში კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საპრეზიდენტო გრანტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის გამარჯვებულიც და პროექტის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ლევან ტიელიძეა. პროექტის სახელწოდებაა: “მდინარე თერგის აუზის მყინვარების კვლევა თანამედროვე კლიმატის ცვლილების ფონზე, პალეოგლაციოლოგიური და პალეოგეომორფოლოგიური რეკონსტრუქციები გვიან პლეისტოცენსა და ჰოლოცენში”. გლაციო-გეომორფოლოგიური კვლევა მყინვარული აუზების, იქ არსებული მყინვარების რაოდენობის, ფართობის, ექსპოზიციის (დახრილობის), მორფოლოგიური ტიპების მიხედვით შესწავლას ნიშნავს. გარდა ამისა, დაკვირვებებს აუზში არსებულ ყველა გეომორფოლოგიურ (დედამიწის რელიეფსა და მასზე მიმდინარე) პროცესებზე.

"დედამიწის ისტორიაში რამდენიმე გამყინვარებაა ცნობილი, ამათგან ბოლო "მეოთხეულ” პერიოდში იყო. "პლეისტოცენი და ჰოლოცენიც” სწორედ ეს პერიოდია (რამდენიმე ათასი წლის წინანდელი). კლიმატის ცვლილების ტენდენციიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის პროცესში მოპოვებული ინფორმაცია საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე კავკასიის რეგიონისა და მსოფლიოსთვის. Gმით უფრო, რომ ჩვენს მიერ მიღებული ახალი ინფორმაციის ადრე განხორციელებული კვლევების შედეგებთან შედარება და შეჯერება ხდება. მსგავსი კვლევები აუცილებელი იქნება მომავალშიც, რადგან მყინვარები გლობალური დათბობის მიმართ ყველაზე კარგ ბუნებრივ ინდიკატორს წარმოადგენენ.” - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ლევან ტიელიძე.

"კვლევის პროცესში ჩვენ ვაწარმოებთ მდინარეული ჩამონადენის მოდელირებას. ანუ იმის შესწავლას, თუ რა რაოდენობის წყალი ჩამოედინება მყინვარების დნობის შედეგად. საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს დიდი მდინარეები (ენგური, რიონი, ცხენისწყალი, თერგი, კოდორი, ბზიფი, არაგვი, ლიახვი) სწორედ მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მდინარეების დონეების ცვალებადობას დღე-ღამის პერიოდში აბლაციის (დნობის) ინტენსივობა განსაზღვრავს. მყინვარული წყლების დღე–ღამური ცვალებადობის ცოდნა აუცილებელია ალპინიზმის, ტურიზმის, მაღალმთიან ზონაში მეცხოველეობის და სხვა დარგების ფუნქციონირებისთვის. გლაციალური ღვარცოფები კი დასახლებული პუნქტებისთვის ძლიერ საშიშია”. –  აცხადებს პროექტის მონაწილე ნინო ლომიძე.

თსუ გეოგრაფთა განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ჰიდრორესურსები ქვეყნის მიერ ელექტროენერგიის ექსპორტის და, შესაბამისად, შემოსავლების გაზრდის საშუალებას იძლევა. ჰიდროელექტროსადგურების დაპროექტებისას აუცილებელია მყინვარული წყლების ჩამონადენის ხასიათის გათვალისწინება. მდინარეებზე წყალდიდობები უშუალო კავშირშია მყინვარების დნობასთან. დიდ მდინარეებზე (კოდორი, ენგური, რიონი, ცხენისწყალი, თერგი) კასკადოვანი ელექტრო სადგურების მშენებლობა უზრუნველყოფილია ჰიდრო რესურსებით.

გარდა ამისა, თსუ მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ მათი კვლევის შედეგები საქართველოს გლაციალური პარკისთვის ტერიტორიის შერჩევისა და ტურისტულ–რეკრეაციული მიზნებისთვის მეცნიერული დასაბუთების კარგი საფუძველი შეიძლება გახდეს. გლაციალური პარკი არის ტერიტორია, რომლის გარკვეული ნაწილი მუდმივ მყინვარულ საფარს უჭირავს და სადაც ტურიზმის სხვადასხვა სახეობების დაგეგმვა და განხორციელებაა შესაძლებელი, როგორც სამოყვარულო, ალპინისტური, ექსტრემალური, სათხილამურო, ისე სამეცნიერო სახეობების. გლაციალური პარკის Mშექმნის იდეა, თსუ გეოგრაფთა შეფასებით, რეალურია იქიდან გამომდინარეც, რომ მაღალმთიან ზონებში (სვანეთი, ყაზბეგი, რაჭა, აფხაზეთი) ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდ როლს სწორედ მყინვარების ლამაზი პეიზაჟები თამაშობენ.

უკვე განხორციელებული თუ მიმდინარე კვლევების პერიოდში გეოგრაფთა მიერ გამოყენებული იყო ახალი ტექნოლოგიური მეთოდები და შესაბამისი თანამედროვე პროგრამები. გეოინფორმაციულ სისტემებში (GIშ) მეცნიერების მიერ ამ დროისთვის იქმნება მყინვარების აუზის ციფრული მოდელები, რომელზეც დატანილი იქნება როგორც რელიეფის, ასევე აუზის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი და შეიქმნება სრული საინფორმაციო ბაზები. იგეგემება ასევე დისტანციური ზონდირების კვლევის მეთოდების გამოყენება, რისი პრაქტიკაც ამ თემატიკის კვლევებში საქართველოში ჯერ არ არსებობს. ექსპედიციებისას მყინვარებზე დამონტაჟებული CAMPBELL-ის ფირმის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მეშვეობით, ყოველ თხუთმეტ წუთში ფიქსირდებოდა: ჰაერის ტემპერატურა, შეფარდებითი ტენიანობა, წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, მზის რადიაცია და ყინულის მასის მოდნობის სიჩქარე. გლობალური პოზიცირების სისტემა - GPS-ის საშუალებით ხდებოდა კოორდინატების დაფიქსირება და მყინვარების დინამიკის განსაზღვრა და ა.შ.

"ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოები უნიკალურია იმიტომაც, რომ კვლევის შედეგად მონაცემთა სრული ბაზა და საქართველოს გლაციოლოგიური კატალოგი შეიქმნება. გარდა ამისა, შევადგენთ მსხვილ მასშტაბში მდინარეთა აუზების მიხედვით ზოგიერთი მყინვარის დინამიკის რუკებს. აღნიშნული კვლევის მეთოდი, შესაძლოა, მომავალში გამოყენებული იყოს სამოდელო ვარიანტად საქართველოში მყინვარების რაოდენობის დადგენის, მორფოლოგიური ტიპების განსაზღვრის, მყინვარების დინამიკაზე დაკვირვების, გამყინვარების ევოლუციის დადგენის და სხვა გლაციოლოგიური პარამეტრების განსაზღვრის საქმეში. "საქართველოს მყინვარების კატალოგში”, რომელიც ჩვენი ავტორობით მზადდება, მოცემული იქნება საქართველოში არსებული მყინვარების შესახებ სრული და ზუსტი მონაცემები. ახალი კატალოგი და საველე მონაცემები მათ რყევაზე, გადაეგზავნება შვეიცარიაში მდებარე "მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრს" ("World Glacier Monitoring Service”) და დიდ ბრიტანეთში მდებარე "გლაციოლოგიის მსოფლიო ცენტრს" ("World Data Centre for Glaciology"). ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ასევე საინფორმაციო ბიულეტენში”. – აცხადებს ლევან ტიელიძე. მისი თქმით, აღნიშნული კვლევების განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ცნობილ გეოგრაფ-გლაციოლოგს რამინ გობეჯიშვილს, რომლის ხელმძღვანელობით ათეულობით ექსპედიციაა ჩატარებული კავკასიონის და მსოფლიოს სხვადასხვა მყინვარზე.

მყინვარების კვლევაში ლევან ტიელიძესთან ერთად ჩართული არიან ასევე: ნინო ლომიძე - გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ლაშა ასანიძე - გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ლელა გადრანი - გეოგრაფიის მაგისტრი, დოქტორანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; გიორგი ლაცაბიძე - მაგისტრანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი; რომან კუმლაძე - მაგისტრანტი, თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ლაბორანტი. აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერთა დიდი ნაწილი აქტიურად მონაწილობდა ასევე წინა წლებში განხორციელებულ კვლევებში.

კვლევის შესახებ მასალების პრეზენტაცია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გაიმართა.

2011 წელს კვლევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში, ამსტერდამში: “Late pleistocene (Wurmian) Glaciations of the Caucasus. 2011, Quaternary glaciations-extend and chronology. Developments in Quaternary Science, Amsterdam, the Nitherlend".

გამოიცა მონოგრაფია –  "მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე”, სადაც გაშუქებულია კავკასიონის მყინვარების კვლევის ფუნდამენტური შედეგები (http://geography.tsu.ge/index.php?id=337&lang=geo).

თსუ მეცნიერების განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული კვლევები მაქსიმალურად უახლოვდება საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩატარებულ სამუშაოებს. 2008 წელს, როდესაც გროვდებოდა ინფორმაცია მსოფლიოს მთიან ქვეყნებში არსებული მყინვარების მდგომარეობის შესახებ, მსოფლიოს მყინვარების მონიტორინგისა და გლაციოლოგიის ცენტრს, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მყინვარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სწორედ …გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის მიერ გაეგზავნათ. Kკვლევის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას თსუ მკვლევარები სისტემატურად უზიარებენ უცხოელ კოლეგებს.

მყინვარების თემატიკაზე ჩატარებული კვლევებისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის დასტურია სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიება. კერძოდ, 2008 წელს რუს, 2009 წელს კი გერმანელ მეცნიერ-გლაციოლოგებთან ერთობლივად განხორციელებული ექსპედიციები. Aასევე 2011 წელს იტალიელ და კანადელ გლაცილოგებთან და კინოდოკუმენტალისტებთან ერთობლივი ექსპედიცია, რომლის შედეგად გადაღებული დოკუმენტური ფილმი, არხებზე; "Discovery” და "National Geographic” გავა.