Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

"რაც უფრო მეტია კვლევა რელიგიის და სეკულარიზმის საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება"

მეცხრამეტე საუკუნემდე რელიგია სახელმწიფოსგან განუყოფელი იყო. მეცხრამეტე საუკუნის შემდგომი პერიოდიდან მათი გამიჯვნა დაიწყო. მეოცე საუკუნეში, ტექნიკის განვითარებისა და გლობალიზაციის ეპოქაში, ეს ორი სფერო ერთმანეთისგან დასავლეთის ქვეყნებში საერთოდ გაიმიჯნა. თუმცა მაშინ, როდესაც მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და გლობალიზაციას, თითქოს, ხელი რელიგიის ნიველირებისათვის უნდა შეეწყო, პირიქით მოხდა. რაც უფრო მეტია კვლევა რელიგიის და სეკულარიზმის საკითხზე, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ მიმართებით. ასეთი მოსაზრება აქვს თსუ მეცნიერს, რომელიც რელიგიისა და სეკულარიზმის თემაზე ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

"ანთროპოლოგიური მიდგომები რელიგიისა და სეკულარიზმისადმი” (“Anthropological Approaches to Religion and Secularism”) პირველი კვლევაა პოსტ საბჭოთა სივრცეში, რომელიც რელიგიის და სეკულარიზმის საკითხს ანთროპოლოგიური მიდგომით განიხილავს.P იგი 2010 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 1 ივნისამდე მიმდინარეობდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ბაზაზე, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელიც საორგანზაციო-საფინანსო საკითხებს უძღვებოდა.

პროექტის ხელმძღვანელები თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ ქეთევან ხუციშვილთან ერთად იყვნენ: ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის (აშშ) წარმომადგენელი ჯონ შობერლაინი და აარუსის უნივერსიტეტის (დანია) პროფესორი მარია ლოუ. ქართული მხრიდან პროექტში ჩართულები იყვნენ ასევე თსუ პროფესორები: მარინე ჩიტაშვილი, ლია წულაძე, მედეა ბადაშვილი; თსუ დოქტორანტები: თეა ქამუშაძე და ეკტერინე დიასამიძე. საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მეცნიერმა აშშ-ის, უნგრეთის, კანადის, რუსეთის, ჰოლანდიის, უკარაინის, სომხეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, უნივერსიტეტებიდან. პროექტი განხორციელდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის (ბუდაპეშტი) უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (Higher Education Support Program) ფინანსური უზრუნველყოფით.

პროექტი ორნაწილიანია: კვლევითი და სასწავლო. პირველი ნაწილი გულისხმობდა მონაწილეთა მხრიდან კვლევის წარმართვასა და საბოლოოდ ერთიანი კრებულისათვის სამეცნიერო სტატიის მომზადებას, მეორე ნაწილი -მონაწილეთა მხარდაჭერას მათი სალექციო კურსების განვითარებაში.

“აქამდე რელიგია განიხილებოდა ერთი მხრივ, პოზიტიურად, როგორც ერთიანი ნაციონალური კულტურის ნაწილი, ხოლო მეორე მხრივ - როგორც გარკვეული წინაღობა რაციონალობისა და მოდერნიზაციის გზაზე. პროექტის მიზანი იყო ასეთი ცალმხრივობის გადალახვა და ანთროპოლოგიური მიდგომებით რელიგიასა და სეკულარიზმთან დაკავშირებულ მნიშვნელობათა სისტემების, სოციალური პროცესების და გამოცდილების განხილვა. სწორედ ანთროპოლოგიური მიდგომის საფუძველზე მოხდა პოსტ საბჭოთა სივრცის მასალის ანალიზი. სეკულარიზმი რელიგიის და სახელმწიფოს, ყოფის ყველა სფეროს გამიჯვნაა. ანთროპოლოგიური კვლევა კი კონკრეტული კულტურებისა და საზოგადოების ფუნქციონირების განმარტებას, ანალიზს ნიშნავს. ანთროპოლოგი საზოგადოებას და კულტურას ორი მიდგომით იკვლევს: ემიკური (შიგნიდან) და ეტიკური (გარედან). ემიკურია კულტურის განხილვა თავად საზოგადოების ჭრილიდან. ემიკურია კონკრეტულ გარემოში, კონკრეტული ისტორიული გარემოებების, ფაქტორების გათვალისწინებით რაღაცის ახსნა. მაგალითად, ქართული სუფრაზე დისკუსია რომ ავიღოთ. საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ეს ცუდი, დრომოჭმული ტრადიციაა, ეს გარედან ხედვაა. შიგნიდან ხედვა კი ტრადიციის მიმდევარის პოზიციიდან იმის გაანალიზება იქნებოდა, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი, თუ რა არის მიზეზები იმისა, რომ ეს ტრადიცია ამ სახით მივიღეთ და არსებობს. ფაქტია, რომ იგი მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე შემორჩა და, ბევრი სხვა ტრადიციისაგან განსხვავებით, არ გამქრალა.”- აცხადებს ქეთევან ხუციშვილი.

მის მიერ მოტანილი მეორე მაგალითი, უფრე კონკრეტულ საკითხს ეხება. კერძოდ, საქართველოში ამ ცოტა ხნის წინათ ნაჩვენებმა “ბი-ბი-სის” ფილმმა აღდგომის მეორე დღის აღნიშვნის შესახებ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა. თუმცა, ჟურნალისტმა, ფაქტობრივად, ის აღწერა, რაც ხდებოდა, ოღონდ ეს იყო გარედან დანახული რეალობა. რაღაც მომენტები ცუდად ჩანდა, იმიტომ, რომ არ იყო ახსნილი მოვლენის ფუნქციური დატვირთვა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენთვის ეს რელიგიას, სამყაროს აღქმას უკავშირდება, არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ წინარექსრისტიანულ რელიგიას და კულტურის ნაწილია, რომლითაც იმ ქვეყნად წასულების ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ჩართვა ხდება.

როგორც მეცნიერი განმარტავს, პოსტ საბჭოთა სივრცის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, რელიგიისა და სეკულარიზმის ანთროპოლოგიური კვლევა და კრიტიკული ანალიზი თითქმის არ ხორციელდებოდა. ასეთი სიტუაცია კი, როგორც წესი, ქმნის საკითხის ესენციალიზაციისა და შეფასებით ტერმინებში განხილვის საფრთხეს, რაშიც პირველ რიგში არამეცნიერული, ემოციურ განწყობებზე დაფუძნებული ანალიზი იგულისხმება.

“როდესაც არ არის ობიექტურად ფიქსირებული მასალა, რაღაცეების განსჯა ემოციებზე დაფუძნებით ხდება. შეფასება დაახლოებით ასეთია: “კარგია”, “ცუდია”. “ეშმაკეულია”, “ღვთით კურთხეულია”. ესენციალიზაცია ნიშნავს, რომ რაღაც საკითხი მხოლოდ ერთი კონკრეტული კუთხით ფასდება, რაც ძირითად ქვაკუთხედად არის მიჩნეული. ვთქვათ, ასეთი გახლდათ მარქსის თეორია: “რელიგია ოპიუმია ხალხისათვის”. ასეთია, მაგალითად, დღეისათვის ზოგიერთი გეოპოლიტიკოსის მიდგომა: “მართლმადიდებლობა განვითარების გზაზე წინაღობაა”. საჭიროა, კონკრეტულ კონტექსტში გაანალიზდეს ის მხარეები და დეტალები, რაც ამ სისტემების ფუნქციონირებას უწყობს ან უშლის ხელს”. – მიიჩნევს კვლევის ხელმძღვანელი.

მისი შეფასებით, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები ეხება ზოგადი ანთროპოლოგიური მიდგომების სანდოობასა და მნიშვნელობას ჰუმანიტარულ და სოციალურ კვლევებში. რელიგიისა და სეკულარიზმისადმი მონაწილეთათვის ნაცნობი და ახალი მიდგომების სინთეზირებამ ხელი შეუწყო ალტერნატიული მიდგომების განვითარებას მათ სამეცნიერო კვლევებში.

“რწმენა-წარმოდგენათა სისტემები განხილულ იქნა არა მხოლოდ კოსმოლოგიის (სამყაროს ხედვა ამა თუ იმ სისტემაში) მორალური საზღვრებისა და მნიშვნელობათა კოდიფიცირებული სისტემების თვალსაზრისით, არამედ უპირველესად, როგორც პრაქტიკისა და სასიცოცხლო გამოცდილების შინაარსი. კრიტიკულად გაანალიზდა “სხვისი” და “საკუთარი” რწმენათა სისტემების ჰომოგენურობა (ერთიანობა) და უცვლელობა; ასევე ის სპეციფიკური ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს თანამედროვეობის კონტექსტზე. ეს ეხება განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეს, ისეთი წარმოდგენებით როგორიცაა: უნივერსალისტური ღირებულებები, დემისტიფიკაცია და წინააღმდეგობა ცოდნასა და რელიგიას, ეროვნულ იდენტობას შორის და სხვ. საკითხი განსაკუთრებით მწვავეა პოსტ საბჭოთა სივრცეში, სადაც ღირებულებათა ცვლა მოხდა და, გარდამავალ პერიოდში, იდენტობის გარკვევის პროცესში რელიგია მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. თუ გახსოვთ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ, რელიგიურმა ენერგიამ ამოხეთქა. აგრესიული ათეიზმის შემდეგ მოხდა რელიგიისადმი მიბრუნება, რაც დღეისათვის კვლავ მძლავრად არის გამოხატული და შენარჩუნებული”.

პროექტის შედეგად მომზადდა თემატური კურსები და დასკვნები არსებულ კურსებსა და თემატურ ბლოკებზე, რომლებიც მონაწილეთა სასწავლო ცენტრების კურიკულუმებშია ფიქსირებული. საბოლოოდ, შემუშავდა ერთიანი სტრუქტურა კურსისა „რელიგიისა და სეკულარიზმის ანთროპოლოგია“, რომელიც სამუშაო ნიმუშია და მეთოდების აღწერასა და საკითხავი მასალის ვრცელ სიას მოიცავს. პროექტის შედეგად სპეციალურად მომზადებული საკითხავი მასალები უკვე დანერგილია სასწავლო კურსებში. რელიგიისა და სეკულარიზმის პრობლემა თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. იგი აქტუალურია ერთი მხრივ ყოფაში, რადგან სეკულარიზაცია-დესეკულარიზაციის, მოდერნიზაციისა და გლობალიზაცია-ლოკალიზაციის პროცესების ფონზე ხშირია დაპირისპირების კერების გაჩენა რელიგიურ საფუძველზე. მეორე მხრივ, ეს პრობლემა მეცნიერულ ანალიზს საჭიროებს და ამიტომ იქცა სამეცნიერო ინტერესის საგნად.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ პროექტის ფარგლებში დამუშავებული ლოკალური მაგალითების საფუძველზე გამოტანილი დასკვნები, ერთი მხრივ - წვლილს შეიტანს ზოგად თეორიულ ანალიზში და მეორე მხრივ - კონკრეტული კონტექსტების წარმოდგენა-განხილვა ახალ ცოდნას შემოიტანს სამეცნიერო მიმოქცევაში.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პუბლიკაციაზე სამუშაო სათაურით: “Contestations of Religious Space after Communism”. 2014 წლის ბოლოსთვის კრებულის გამოსაქვეყნებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ევრპულ გამომცემლობასთან. გამოცემაში თავმოყრილი იქნება პროექტის მონაწილეთა მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები სამეცნიერო სტატიების სახით.

2010-2013 წლების განმავლობაში კვლევის შესახებ მოხსნებების პრეზენტაცია მხოლოდ ქართველ ავტორთა მიერ 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და შეხვედრაზე მოხდა. მათ შორის, საქართველოს გარდა ჰოლანდიაში, უნგრეთში, გერმანიაში, თურქეთში, რუსეთში და ა.შ.