Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ეკონომიკური განვითარება - ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის ამაღლების მთავარი ფაქტორი

ტერმინი ”ეკონომიკური განვითარება” ხშირად როგორც ეკონომიკურ ლიტერატურაში, ისე პრაქტიკაში გაიგივებულია ტერმინთან –  ”ეკონომიკური ზრდა”. ეს გამოწვეულია იმით, რომ წარსულში ჩვენთან ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ცვლილებები ძლიერ ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობდა და ამიტომ, ძირითადი აქცენტი ეკონომიკური ზრდის თემატიკაზე იყო გადატანილი. იგივე დამოკიდებულება იყო საზღვარგარეთაც, ვიდრე განვითარებული ქვეყნები პოსტკომუნისტური განვითარების სტადიაში არ შევიდნენ. ჩვენთან ეკონომიკური განვითარების პრობლემების კვლევას დღესაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. ამ ხარვეზის შევსების მცდელობას წარმოადგენს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ რამაზ აბესაძის გამოკვლევები ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე.

კვლევის შედეგებს გაეცნენ არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები (პოლონეთი, ქ. ლუბელსკი (2012, 2011, 2009), ქ. ვროცლავეკი (2010); ლიტვა, ქ. ვილნიუსი (2008); რუსეთი (2009); საქართველო, ქ. თბილისი (2012, 2011, 2010), გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალებში (“The Caucasus Globalization”, Volume 3, Issue 4, 2011; Ж: Общество и экономика, №7. 2011, “The Caucasus Globalization”, Volume 3, Issue 4, 2009; “Central Asia and the Caucasus”. No 6(60), 2009) და სამეცნიერო კრებულებში საზღვარგარეთ (მაგალითად –  Modern Tendencies of Menagement (Papers of science). Vilnius, Kaunas. ISBN 978-9955-423-69-0, 2008). ასევე ამ კვლევების საფუძველზე შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელო (“ეკონომიკური განვითარება”) და პროფესორ რამაზ აბესაძის ინიციატივით და მაკროეკონომიკის კათედრის მხარდაჭერით თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკურ მიმართულებაზე შემოღებული იქნა საგნები “ეკონომიკური განვითარება” და “ეკონომიკური განვითარების თეორია”. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საგანი მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება, მაგრამ უმეტესობა სახელმძღვანელოებისა (მაგალითად, Michael P. Todaro. Economic Development) ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე, რაც, ავტორის აზრით, შეცდომაა, ვინაიდან ეკონომიკურ განვითარებას ადგილი აქვს არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში, არამედ ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემაში. აქ მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მიზნები და ამოცანები განსხვავდება ერთმანეთისაგან.

კვლევებში, უპირველეს ყოვლისა, დაზუსტებულია აღნიშნულ ტერმინთა განმარტებები და ნაჩვენებია დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. ეკონომიკური განვითარება ნიშნავს ეკონომიკის სრულყოფას, მის ახალ თვისებრიობაში გადასვლას. ეკონომიკური ზრდა კი –  ეკონომიკის მხოლოდ მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას. ეკონომიკური განვითარების პროცესები მიმდინარეობენ გარკვეული ეკონომიკური სისტემის შიგნით, მისი შემადგენელი ელემენტებისა (საკუთრების ფორმები, ფიზიკური და ადამიანისეული კაპიტალი, ტექნოლოგია, ინფორმაცია, ინსტიტუციები) და ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილების შედეგად. თუ ეკონომიკური სისტემის ელემენტებს შორის ცვლილებები თანხვდენილია, მაშინ ადგილი აქვს სინერგიულ ეფექტს, რის გამოც ეკონომიკური განვითარების პროცესი ძლიერდება. როდესაც აღნიშნულ ელემენტებს შორის წინააღმდეგობა წარმოიშობა, მაშინ აუცილებელი ხდება ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც ეკონომიკური განვითარების შემდგომი დაჩქარების საშუალებას იძლევა. ამ დროს ასპარეზზე გამოდიან ახალი ძალები, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკური განვითარების პროცესს. როგორც მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილება გვარწმუნებს, სინერგიული ეფექტი მიიღწევა მაშინ, როდესაც ეკონომიკაში დომინირებს კერძო საკუთრება, ადგილი აქვს სამეურნეო თავისუფლებას, კონკურენციას, ჯანსაღ ფინანსებს, ბიუჯეტის დაბალანსებულობას, გადასახადების ოპტიმალურ სიდიდეს და ა.შ. ამ პროცესების ნორმალიზაციაში უდიდესი როლი ეკუთვნის სახელმწიფოს. სწორედ მისმა სწორმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს ზემოთ ხსენებული პირობების დამყარება ეკონომიკაში, მოახდინოს პატერნალიზმის, ეტატიზმისა და კორუფციის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების აღმოფხვრა.

ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს. თუნდაც ის ფაქტი, რომ რაოდენობრივი ცვლილება საბოლოოდ გადადის თვისებრივ ცვლილებაში, მეტყველებს იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა განვითარების ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია. თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარება ქმნის განუსაზღვრელ პირობებს ეკონომიკის არა მხოლოდ თვისებრივი სრულყოფისა, არამედ მისი შემდგომი რაოდენობრივი ზრდისა. მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ეკონომიკური განვითარების გარეშე, მაგალითად მაშინ, როდესაც ადგილი აქვს წარმოების ფაქტორთა ექსტენსიურ ზრდას. ამის კარგი მაგალითია ინდუსტრიალიზაციამდელი ეკონომიკური სისტემების არსებობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრადიციული ეკონომიკა, რომლის მასშტაბების გადიდება ათასწლეულების მანძილზე თითქმის ეკონომიკური განვითარების გარეშე ხდებოდა..

ეკონომიკური განვითარების არსებობაც შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის გარეშე, უფრო მეტიც, ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც კი. ამის მაგალითს წარმოადგენს ეკონომიკური ტრანსფორმაციის (ეკონომიკის თვისებრივი სრულყოფის) პროცესი პოსტკომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში, რომელიც ეკონომიკური დაქვეითების პირობებში მიმდინარეობდა.

ეკონომიკური განვითარება, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებისკენაც კი იყოს მიმართული, თანამედროვე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მასალა და ენერგოტევადობის შემცირების, პროდუქციის სამომხმარებლო თვისებების გაუმჯობესებისა და სხვა თვისებრივი ცვლილებების ხარჯზე, მოსახლეობის კეთილდღეობის (კომფორტის) და ქვეყნის სიძლიერის ზრდის პირობებში. ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, ახალი ტექნოლოგიების შექმნის ბაზაზე. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის არნახული დაჩქარება მაინც სწორედ ეკონომიკური განვითარების შედეგად ხდება. ეკონომიკური ზრდის ტემპებსა და ადამიანთა კეთილდღეობის ამაღლებას გრძელვადიან პერიოდში სწორედ ეკონომიკური განვითარების პროცესები განსაზღვრავენ.

კვლევებში ასევე შემოთავაზებულია ეკონომიკური განვითარების ინდიკატორთა სისტემა. ეკონომიკური განვითარების რაოდენობრივი გაზომვა მეტად რთულია, ვინაიდან თვისებრივი ცვლილებების გამოხატვა ციფრებით ზოგჯერ შეუძლებელიც კია. ამდენად, ეკონომიკურ განვითარებაზე მსჯელობა ერთი რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით წარმოუდგენელია. ამიტომ ავტორი გამოყოფს ეკონომიკური განვითარების ეკონომიკური, სოციალური და თვისებრივი ცვლილებების გამომხატველ მაჩვენებლებს.

კვლევებში განხილულია ეკონომიკური განვითარების ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, ფიზიკური კაპიტალი, მეწარმეობა, მეცნიერება, ტექნოლოგია და ტექნოლოგიური ცოდნა, მაღალი ტექნოლოგიები, გამოგონება, ინოვაცია, განათლება, სტრუქტურული ცვლილებები, უმუშევრობა, სიღარიბე, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის რიცხოვნობა და ცხოვრების დონე, ენერგეტიკა, საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალიზაცია, ეკოლოგია, კორუფცია, თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია.

შევჩერდებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე. კვლევებში დაზუსტებულია ტერმინის – “მაღალი ტექნოლოგიები” განმარტება, რომ მაღალი ტექნოლოგიები წარმოადგენს სულ უფრო ახალ და პროგრესულ ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენება მიმდინარე ეტაპზე აჩქარებს საზოგადოების, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური განვითარების პროცესს. ამასთანავე, მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ავტორს მიაჩნია, რომ დღეისთვის განვითარებულ ქვეყნებში, “ინფორმატიზაციის ეპოქა” მთავრდება და იწყება “მოაზროვნე ტექნოსფეროს” (“Thinking Technosphere”) ეპოქა. თანამედროვე ეტაპზე ტექნოსფეროში მთავარ როლს ასრულებენ ინფორმაციულ-ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მოაზროვნე ტექნოსფეროს დროს მათთან ერთად მთავარი როლი დაეკისრებათ მოაზრონე ტექნოლოგიებს. მოაზროვნე ტექნოსფერო ისარგებლებს გაცილებით დიდი შესაძლებლობებით, ვიდრე ცალკეული ინტელექტუალური თუ მოაზროვნე მანქანა, ვინაიდან იგი იქნება ასეთი მანქანების მოწესრიგებული ერთიანობა საერთო ხელოვნური “გონის” გარშემო. ასეთ პირობებში მნიშვნელოვნად შეიცვლება ადამიანთა მდგომარეობა მათ უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმე ექნებათ მოაზროვნე ხელოვნურ ინტელექტუალურ მანქანებთან, რომელთაც შეეძლებათ საუბარი გარკვეულ თემაზე და გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციიდან გამომდინარე. ძირეულად შეიცვლება წარმოების ორგანიზაციისა და სახელმწიფო მართვის ფორმები და ა.შ.

შემოთავაზებული და დახასიათებულია ადამიანისეული კაპიტალის ძირითადი ელემენტები: ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე; გონებრივი და ფიზიკური უნარი; ჩვევები (პროფესიული და ინსტიტუციური); გამოცდილება (პროფესიული და ცხოვრებისეული); ცოდნა (პროფესიული და ზოგადი); მოტივაცია და სხვა.

ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს უმუშევრობის პრობლემებს. მისი აზრით, უმუშევრობის გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე გამოიხატება შემდეგში: უმუშევრობა (განსაკუთრებით ხანგრძლივვადიანი) ამცირებს საზოგადოების ქვეყნის ადამიანისეული კაპიტალის სიდიდეს; ამცირებს დანაზოგების მოცულობას და შესაბამისად ინვესტიციებს, მათ შორის, ინვესტიციებს ინოვაციებზე. მცირდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან; აძლიერებს რა შემოსავლების უთანაბრობას, გარდა რესურსების გამოუყენებლობით გამოწვეული დანაკარგებისა, იწვევს დამატებით დანაკარგებს (ინვესტიციების შემცირებას), რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და კრიმინოგენური დაძაბულობის ზრდასთან.

უმუშევრობის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ უნდა გაატაროს არა ინფლაციური პროცესების მაპროვოცირებელი პოლიტიკა, არამედ იმ ინოვაციების მასტიმულირებელი პოლიტიკა, რომელიც გაზრდის წარმოების მოცულობას ძველის გაფართოებისა და ახალი ეკონომიკური სფეროების ათვისების მეშვეობით. მას ეკონომიკის ინოვაციური რეგულირება შეიძლება ეწოდოს.

უმუშევრობის პრობლემის განხილვა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია წლების განმავლობაში დამკვიდრებული, უმუშევრობასთან დაკავშირებული განსაზღვრებების ახლებურ გააზრებასა და მათში გარკვეული დაზუსტებების შეტანასთან. მაგალითად, “უმუშევარის” არსებულ განმარტებებში ძირითადი აქცენტი გადაიტანება ადამიანის გადაწყვეტილებაზე –  სურს თუ არა მას მუშაობა. თუ ვიმსჯელებთ საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ, ბუნებრივია, ქვეყნის ყველაზე ძვირფასი რესურსის –  შრომითი რესურსის გამოყენების ხარისხის დადგენისას მილიონობით შრომისუნარიან დაუსაქმებელ ადამიანთა არჩათვლა უმუშევართა რაოდენობაში და მათი ჩრდილში დატოვება სავსებით გაუმართლებელია. იგი ხელოვნურად ამცირებს უმუშევართა რაოდენობას და უმუშევრობის მიმართულებით განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობას. მართალია, კანონმდებლობის მიხედვით, ადამიანს აქვს შრომის თავისუფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურად და გონებრივად ჯანსაღი ადამიანი, რომელსაც მუშაობის სურვილი არ აქვს (გამოწვეულია იგი პიროვნების თუ სახელმწიფოს მიზეზით), არ აზარალებს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ავტორი გვთავაზობს, რომ იმისდა მიხედვით, აქვს თუ არა სურვილი უმუშევარს იმუშაოს, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ აქტიური (რომელიც დაეძებს სამუშაოს) და პასიური (რომელიც არ დაეძებს სამუშაოს) უმუშევარი. ასევე ეკონომიკურ ლიტერატურაში არაერთგვაროვანია გაგება ტერმინისა –  ”სამუშაო ძალა”, იგი პრაქტიკაში თითქმის არ გამოიყენება, ხოლო ზოგს მიაჩნია, რომ ის არის განსაკუთრებული საქონელი, ზოგის აზრით, იგი საზოგადოების ის ნაწილია, რომლებიც მუშაობენ ან ეძებენ სამუშაოს, ე.ი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. ავტორს მიაჩნია, რომ სამუშაო ძალის (გაგებული, როგორც ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ უნართა ერთობლიობა) ჩათვლა საქონლად არასწორია, ვინაიდან საქონელი არის პროდუქტი, რომელსაც აქვს Fფიზიკური სახე, დამზადებულია გასაყიდად და გაყიდვის შემდეგ იგი იცვლის მესაკუთრეს. წარმოების პროცესში ადგილი აქვს არა პიროვნების უნარის გაყიდვას, არამედ მის დაქირავებას, ვინაიდან უნარის მესაკუთრედ კვლავ ეს პიროვნება რჩება და მისი უნარი არათუ მცირდება, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, იზრდება კიდევაც. ადამიანის უნარი რომ გაიყიდოს, მაშინ მისი მესაკუთრე ადამიანიც უნდა გაიყიდოს. ასეთ ურთიერთობებს ადგილი ჰქონდა მონათმფლობელური წყობილების დროს. თანამედროვე პირობებში კი, ცხადია, ასეთი ურთიერთობების წარმოდგენაც კი მიუღებელია. მაშასადამე, მუშაკი კი არ ყიდის თავის უნარს, არამედ იყენებს მას წარმოების პროცესში (შრომობს) მესაკუთრის მიერ მისი დაქირავების დროს, რისთვისაც იღებს გასამრჯელოს. ვინაიდან ადამიანის უნარის გამოსახატავად თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ტერმინი –  “ადამიანისეული კაპიტალი”, ამდენად უფრო გამართლებულია სამუშაო ძალა ვიხმაროთ მხოლოდ მეორე გაგებით, ანუ, როგორც დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა.

უმუშევრობის ბუნებრივი დონე ლიტერატურაში გაიგივებულია სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის დონესთან. ავტორის აზრით, უმუშევრობის ბუნებრივი დონე არის უმუშევრობის ის დონე, როდესაც ეკონომიკა იმყოფება ბუნებრივ მდგომარეობაში და, მისი სახელმწიფო რეგულირების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, უმუშევრობის დონის უფრო ნაკლები მნიშვნელობის მიღწევა შეუძლებელია. მართალია, ბუნებრივი უმუშევრობის მიზეზი სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობაა, მაგრამ ხშირად, შესაძლოა, სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის დონე არ ემთხვეოდეს უმუშევრობის ბუნებრივ დონეს (ანუ უმუშევრობის მაქსიმალურად შესაძლო დაბალ დონეს), ანუ მეტი იყო მასზე. მართალია, რიგ შემთხვევაში ინოვაციები იწვევს უმუშევრობას, მაგრამ ისტორიულ ჭრილში სწორედ ინოვაციების მეშვეობით ხდება უმუშევრობის დონის შემცირება, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდის პირობებშიც კი, ზრდის რა იგი შრომის ზღვრულ პროდუქტს. ინოვაციას თან უნდა მოჰყვეს წარმოების გაფართოება, რაც ისევ ინოვაციების გზით მიიღწევა, იწვევს რა წარმოების ძველი სფეროების გაფართოებას და ახლის ათვისებას, მოთხოვნის გაზრდას და ა. შ.

თანამედროვე ეტაპზე ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი კრიტერიუმი ხდება სიღარიბე. თუ განვითარების ნაყოფით ვერ სარგებლობს მოსახლეობის ღარიბი ფენები, თუ განსხვავება (ანუ უთანაბრობა) მდიდარ და ღარიბ ნაწილს შორის იზრდება, მაშინ, შეიძლება ითქვას, ეკონომიკურ განვითარებას ადგილი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესული ცვლილებები ეკონომიკური სისტემის ელემენტებში შეიძლება ხორციელდებოდეს. მაშასადამე, წარმოებული სიმდიდრის განაწილების პრობლემა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ხდება. იკვლევდა რა ისტორიულ ჭრილში ეკონომიკური ზრდის კანონზომიერებებს განვითარებად ქვეყნებში, სეიმონ კუზნეცი მივიდა დასკვნამდე, რომ თავდაპირველად ეკონომიკური ზრდა მიმდინარეობს შემოსავლების განაწილების გაუარესების პირობებში, ხოლო შემდეგ, გარკვეულ დონეზე, იწყება შემოსავლების გათანაბრება. Aავტორს კი მიაჩნია, რომ, მართალია, ასეთ კანონზომიერებას მართლაც აქვს ადგილი განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ იგი არ შეესაბამება ეკონომიკური განვითარების ინტერესებს. პირიქით, ეკონომიკურ ზრდას გარკვეულ ზღვრამდე ხელს უწყობს შემოსავლების უთანაბრობის (ჯინის კოეფიციენტის) შემცირება. ქვემოთ გრაფიკზე ნაჩვენებია, რომ ჯინის კოეფიციენტის შემცირება ოპტიმალურ K0 მნიშვნელობამდე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ხოლე შემდეგ, ეკონომიკური სტიმულების შემცირების შედეგად –  მის შემცირებას. მაშასადამე, შემოსავლების ოპტიმალური განაწილება, ეკონომიკური განვითარების და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კვლევებში დეტალურადაა ახსნილი ამის მიზეზები.

გლობალიზაციასთან დაკავშირებით ავტორი აღნიშნავს, რომ გლობალიზაცია მოიცავს როგორც ადამიანთა საზოგადოების განვითარების, ისე მისი არსებობის საფრთხის არნახულ შესაძლებლობებს. ამდენად, აუცილებელი ხდება გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვა, ანუ სამართლიანი გლობალიზაციის განხორციელება. ამაში უდიდესი წვლილი ეკუთვნით ლიდერ (დიდ) სახელმწიფოებს. სწორედ მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული გლობალიზაციის ბედი. გასათვალისწინებელია, იგი არის მსოფლიო ბაზრის სუბიექტებსა და სახელმწიფოებს შორის დიდი კონკურენციის, მაგრამ ამავე დროს დიდი ურთიერთდახმარების პროცესი. ამიტომ, საჭიროა არა გლობალიზაციის საერთოდ უარყოფა, არამედ თითოეული სახელმწიფოს მისწრაფება გამარჯვებისათვის ამ დიდ კონკურენციულ ბრძოლაში. რასაკვირველია, არა ძალით, არამედ ცოდნით, მეცნიერების განვითარებით, უმაღლესი ტექნოლოგიების შექმნით, კულტურის სრულყოფით, ინტელექტის ამაღლებით და ა.შ. მართალია, გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოს ზოგიერთი ფუნქცია იზღუდება, მაგრამ იგი იძენს უფრო დიდ, საერთაშორისო ფუნქციას, რომელიც მიმართული უნდა იყოს გლობალიზაციის ნეგატიური ზემოქმედების განეიტრალების, დახმარებების ეფექტიანი გამოყენების, კონკურენტუნარიანობის ამაღლების, საუკეთესო ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებისა და მისი შემდგომი სრულყოფისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შესაძლებელია აღმოჩნდეს ეკონომიკური კოლაფსის საშიშროების წინაშე, რასაც ასევე მოჰყვება მეცნიერების, კულტურის, ტრადიციებისა და ა.შ. დეგრადაცია. გლობალიზაციის შედეგად ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საშუალება ისარგებლოს სხვა ქვეყნის სიკეთით. ამავე დროს შენარჩუნებული იყოს ეროვნული თვითმყოფადობა (ენა, ტრადიციები, სარწმუნოება, ტერიტორია და ა. შ.). ასეთ პირობებში საჭირო აღარ იქნება ომები, სხვისი ტერიტორიების მითვისება. თანდათან უნდა შემცირდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა. საჭიროა ყველამ გაიაზროს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომ ჩვენ ყველა ერთ “ქვეყანაში” –  ვცხოვრობთ და ერთად უნდა მივხედოთ მას. სამართლიანი გლობალური ინტერესები უნდა დადგეს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. მართალია, წარმოიშობა ერთიანი ეკონომიკური სივრცე, ახალი ტრადიციები, შესაძლებელია დაიკარგოს ზოგიერთი ეროვნული ტრადიცია, წესი და ადათი და ა.შ., მაგრამ შენარჩუნებული უნდა იყოს ძირითადი ეროვნული ღირებულებები, რომელიც თითოეულ ქვეყნისათვის ძვირფასია. ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც გამოირიცხება ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება და ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება საერთო თანხმობის შედეგად. სხვა მიმართულება გლობალიზაციისა კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.

მკვლევარს ყურადღების გარეშე არ რჩება ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრობლემები. იგი გამოყოფს საქართველოს პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის 7 ეტაპს (ეკონომიკური დაცემა; სტაბილიზაცია და ეკონომიკური ზრდის დასაწყისი; დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა; ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და სოციალური პირობების გაუარესება. სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის შეძენა; სოციალური პირობების გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება. საქართველოს მიერ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერება; ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და ეკონომიკური ვარდნა; ეკონომიკური დაქვეითების დაძლევა და ზრდის ტენდენციის აღდგენა), რომლის შესაბამისად გამოკვლეულია იმ წარმატებებისა და წარუმატებლობების მიზეზები, რომელთაც ადგილი ჰქონდა რეფორმების განხორციელების დროს და შემოთავაზებულია შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები.