Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

იურიდიული ფაკულტეტი

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი

2012 იანვარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტების, დოქტორანტების და პროფესორების ინიციატივით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოებაში, დაფუძნდა სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანება დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი. დღეისათვის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი ყველაზე დიდი და ავტორიტეტული ახალგაზრდული კვლევითი გაერთიანებაა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. მისი შექმნის მიზანი კი სამართლის მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაა.

“ნებისმიერ სახელმწიფოში სამართალს და სამართლის მეცნიერებას გამორჩეული ადგილი უკავია. სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია მაღალი სამართლებრივი კულტურა და სამეცნიერო ტრადიციები, გამუდმებით ექცევა სხვათა გავლენის ქვეშ. საბჭოთა წარსულმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქართული სამართლის განვითარებას და მნიშვნელოვნად დახია უკან. სამართლის მიმართულებათაგან მხოლოდ რამდენიმე იყო ნებადართული და, ისიც, სერიოზული ცენზურის ქვეშ არსებობდა, სხვა დარგები კი უბრალოდ იკრძალებოდა. მრავალი ევროპულად მოაზროვნე მეცნიერი შეეწირა საბჭოთა ოკუპაციასა და რეპრესიებს. დღესდღეობით სამართლებრივ ინსტიტუტთა უმრავლესობის თაობაზე ქართულ ენაზე არ არსებობს სამეცნიერო ნაშრომი, ძალზედ ღარიბია ჩვენი სამეცნიერო ლიტერატურა ამ კუთხით. ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართულ კანონმდებლობაზე, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და აუცილებელია მის განვითარებაზე ზრუნვა. დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის შექმნის მიზანი სწორედ ამ სამეცნიერო დანაკლისის აღმოფხვრა, კანონმდებლობის განვითარება და სამართლის მეცნიერების პოპულარიზაცია გახლდათ. ინსტიტუტში ყველა თაობის მეცნიერები არიან წარმოდგენილნი, თუმცა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდებზე მოდის. ნებისმიერი დარგის განვითარება ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის გარეშე, წარმოუდგენელია. აუცილებელია სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა იკვლიონ და წერონ, ამაზე მახსენდება პროფესორ პაატა ტურავას მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ვხელმძღვანელობ უკვე ბევრი წელია: სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა უნდა წერონ რაც შეიძლება მეტი, თუნდაც არ იყოს პირველ ჯერზე ხარისხიანი, ამით აუცილებლად წაიწევენ წინ და განვითარდებიან, სწორედ სტუდენტებს გააჩნიათ ნოვაციების მოფიქრების უფრო მეტი შესაძლებლობა, რადგან მათი გონება ნაკლებადაა გადატვირთული ყოველდღიურობის პრობლემებით,” - ასე განმარტავს ინსტიტუტის დაარსების მიზანს თავად დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი გეგენავა.

როგორც დირექტორი აღნიშნავს, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი საქმიანობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო და შედარებითი სამართლის კუთხით. სამეცნიერო კვლევას ახალგაზრდა მკვლევარები, პრაქტიკოსი იურისტები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ახორციელებენ სამართლის შემდეგ სფეროებში: ადმინისტრაციული სამართალი; კერძო სამართალი; საკონსტიტუციო სამართალი; საერთაშორისო სამართალი; სისხლის სამართალი; სამართლის ისტორია; სამართლის ფილოსოფია და შედარებითი სამართალი.

ინსტიტუტის საქმიანობისა და განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ინსტიტუტის დირექტორი დიმიტრი გეგენავა. ინსტიტუტის სტრუქტურა აერთიანებს სამეცნიერო განყოფილებას, გამომცემლობას, ბიბლიოთეკას, სასწავლო ცენტრს, საორგანიზაციო და პროექტების მართვის სამსახურებს. ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებას ხელმძღვანელობს სერგი ჯორბენაძე. ინსტიტუტში 55-მდე თანამშრომელი, 15-მდე მოწვეული მკვლევარი და 45 სტაჟიორია, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა აკადემიური ხარისხის მქონე პროფესორებს, ლექტორებს, დოქტორანტებს, პრაქტიკოს იურისტებს, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებს.

ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილების შემადგენლობაში შედის კერძო, ადმინისტრაციული, საკონსტიტუციო, საერთაშორისო, სისხლის სამართლისა და სამართლის მეთოდების მიმართულებები, ინტერდისციპლინური კვლევების, მედიასამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ცენტრები.

როგორც დიმიტრი გეგენავა აცხადებს, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი გამოსცემს სამართლებრივ გამოცემებს, როგორც პერიოდიკას, ისე სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიებს. 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის იანვრამდე გამოცემულია 13 გამოცემა: სამართლის ჟურნალი „სარჩევი“ (სამი ტომი); ”სტუდენტური თვითმმართველობების სამართლებრივი მიმოხილვა” ავტორი დიმიტრი გეგენავა; ”მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამა” ავტ. ლევან გვრიტიშვილი; თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი (წიგნი I) ”საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი სისტემური პრობლემები” ავტ. დიმიტრი გეგენავა, ”მითითებისა და აღნიშვნის სტანდარტი სამართალში” ავტორები^ დიმიტრი გეგენავა, გიორგი ბურჯანაძე; ”სამართლის ისტორიის ტერმინთა ლექსიკონი” ავტ. მარიამ ხოფერია; ”კაზუსები საკონსტიტუციო სამართალში” ავტ. დიმიტრი გეგენავა, ზურაბ მაჭარაძე; ” გუდვილი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი და მისი ადგილი კონკურენტულ ურთიერთობებში” ავტ. გვანცა გუგეშაშვილი; სურგულაძისა და ნანეიშვილის პოლემიკა (რარიტეტული გამოცემების სერია) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლის კონსტიტუცია (პირველი ეროვნული კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში, მოხსენებების კრებული).

ამასთან, ინსტიტუტი გამოსცემს სამ პერიოდულ გამოცემას. 2010 წლიდან გამოდის სამართლის ჟურნალი „სარჩევი“. იგი სამართლის ინსტიტუტისა და ”ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ ერთობლივი გამოცემაა, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის. 2012 წლიდან კი ჟურნალი „სარჩევი“ საერთაშორისო-რეფერირებადი ჟურნალის სტატუსით გამოიცემა.

”პრობლემები მართლაც ბევრია, თუმცა ინსტიტუტი პრაქტიკული და სამეცნიერო პროექტების სიმრავლით ცდილობს აითვისოს სრულიად დაუმუშავებელი სფეროები. მრავალი საინტერესო ღონისძიება ხორციელდება, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინსტიტუტის ბრენდ-პროექტებად იქცა: აკადემიური სამართლებრივი წერის სასერთიფიკატო პროგრამა და სემინარების კაზუსის ამოხსნის მეთოდიკაში. ქართულ ენაზე პირველად გამოიცა სამეცნიერო შრომები ჩვენს სინამდვილეში სრულიად დაუმუშავებელ, აუთვისებელ საკითხებზე,” - აღნიშნავს დიმიტრი გეგენავა. 

2013 წლის ზაფხულში დავით ბატონიშვილის ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს ახალი ჟურნალების „კერძო სამართლის მიმოხილვა“ და „თანამედროვე სამართლის მიმოხილვა“ გამოცემა. 2013-2014 წლების პრიორიტეტი კი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნაა როგორც სამართალში, ისე ინტერდისციპლინური სფეროებში. გეგენავას განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზსა და კვლევას. კერძოდ, 2013 წელს დაგეგმილია 20-ზე მეტი გამოცემის მომზადება. მათ შორის: თანამედროვე სამართლის მიმოხილვა; კერძო სამართლის მიმოხილვა, თანამედროვე საკონსტიტუციო სამართალი, წიგნი II; გუსტავ რადბრუხი, თარგმანები; ალექსანდრე ვაჩეიშვილი, KELSEN-ის მოძღვრება სამართალსა და სახელმწიფოზე (რარიტეტული გამოცემების სერია); გიორგი გვაზავა, ძირითადი პრინციპები კონსტიტუციური უფლებისა (რარიტეტული გამოცემების სერია); გიორგი ნანეიშვილი, შრომები (რარიტეტული გამოცემების სერია); სერგი ჯაფარიძე, სავაჭრო სამართალი (რარიტეტული გამოცემების სერია).

გარდა ამისა, ინსტიტუტი მუშაობს რარიტეტული გამოცემების გაციფრებასა და ხელახლა დაბეჭდვაზე. რარიტეტული გამოცემების სერიის ფარგლებში უკვე დაიბეჭდა „სურგულაძისა და ნანეიშვილის პოლემიკა“, მზადდება ალექსანდრე ვაჩეიშვილის „KELSEN-ის მოძღვრება სამართალსა და სახელმწიფოზე“, ასევე, გიორგი გვაზავას, გიორგი ნანეიშვილის, სერგი ჯაფარიძისა და სხვ. ნაშრომები.

გარდა წმინდა სამეცნიერო მუშაობისა, სამართლის ინსტიტუტი პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევა. ინსტიტუტის სასწავლო ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა პრაქტიკულ პროექტს, მათ შორის: სამართლის სკოლებს, სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და საჯარო ლექციებს.
დავით ბატონიშვილის ინსტიტუტის დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინსტიტუტი თანამშრომლობს როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და კვლევით დაწესებულებებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კერძოდ, ინსტიტუტის წევრები ” ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო”-სთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე და გამოცემებზე ერთობლივად მუშაობენ.