იურიდიული ფაკულტეტი
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი თსუ-ში - ახალი შესაძლებლობები თსუ სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა. ინსტიტუტის მიზანია, ადმინისტრაციული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარება-ხელშეწყობა. ასევე, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსათვის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რეკომენდაციების გაწევა, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ინსტიტუტის დაფუძნება თსუ-სა და ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.
ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მთავრობა (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ) და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი. ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება: სასწავლო პროგრამები; უკვე დასაქმებული პრაქტიკოსების გადამზადების პროგრამა; საზაფხულო სკოლები; სემინარები; კონფერენციები; ტრეინინგები; კვლევებზე დაფუძნებული გადამზადება; რეგიონული, ადგილობრივი და სახელმწიფო მოხელეების ორგანიზაციული განვითარება; კვლევითი გაცვლითი პროგრამები; სამეცნიერო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართლისა და საჯარო მმართველობის წინსვლასა და განვითარებას.
თანამშრომლობის უკვე არსებული გამოცდილება ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმატებული საქმიანობის იმედს იძლევა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ინტერდისციპლინური ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ 2009 წლის დეკემბრიდან ხორციელდება. პროგრამა ემსახურება მომავალი საჯარო მოხელეების მომზადებას, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან საკუთარ მოვალეობებსა და თანამედროვე საჯარო ადმინისტრირების მოთხოვნებს. სასწავლო პროგრამა მოდულარულად 2 წელიწადზე არის გაწერილი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ძირითადი ლექციების “ტანდემ-ფორმატში” განხორციელება, რაც გულისხმობს ევროპელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსების მომზადებასა და ჩატარებას. თსუ პროგრამაზე ლექციებს კითხულობენ ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და პროფესორები, როგორებიც არიან კარლ პეტერ ზომერმანი, ანდრეას კნორი, ჰერმან ჰილი და ულრიხ შტელკენსი, რომელთა პროფესიონალიზმის შესახებ ცნობილია არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გერმანელ პროფესორებს პარტნიორობას უწევდნენ და უწევენ ისეთი ქართველი მეცნიერები თუ პრაქტიკოსი პირები როგორებიც არიან: პაატა ტურავა, დავით ნარმანია, ირაკლი კობახიძე, მაია კოპალეიშვილი, ნანი მაჭარაშვილი და სხვები.
პროგრამა გათვლილია როგორც სტუდენტებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც უკვე მუშაობენ სახელმწიფო დაწესებულებებში და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. პროგრამის პირველი წლის ბოლოს განსაზღვრულია სტუდენტთა ორთვიანი პრაქტიკა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში. ხოლო მეორე წლის ბოლოს სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ასევე ორთვიანი პრაქტიკა გაიარონ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ინსტიტუციაში. პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ გერმანიაში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში პრაქტიკებზე: გერმანიის ფედერალური კონტროლის პალატა ქ. ბონი, ქ. მაინცის იუსტიციის სამინისტრო, ქ. ბერლინი ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბერლინი საქართველოს საკონსულო და ა.შ. უცხოეთის პრაქტიკების შემდეგ, სტუდენტები 2 კვირით მიწვეულნი არიან ქ. შპაიერში, საზაფხულო სკოლაში. პროგრამის სრულ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს „ფოლკსვაგენის ფონდი“ – „Volkswagenstiftung“, აქ იგულისხმება უცხოელი ლექტორების ჩამოსვლისა და ჰონორარების უზრუნველყოფა, ყველა სტუდენტის საზაფხულო სკოლისა თუ უცხოეთის პრაქტიკებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და პროგრამის სხვა საორგანიზაციო საკითხების ფინანსური მხარდაჭერა. გარდა ზემოაღნიშნული სამაგისტრო პროგრამისა, ქ. შპაიერთან თანამშრომლობის საფუძველზე ხდება უკვე პრაქტიკოსი იურისტების თუ საჯარო მოხელეების სტიპენდიების დაფინანსება ქ. შპაიერში სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად. ამ პროექტის ფარგლებში, 2011 წელს ორმა, ხოლო მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამმა პიროვნებამ მოიპოვა სამთვიანი სტიპენდია.