Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ივანე ჯავახიშვილი 140 - სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში
25/04/2016

 ივანე ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია „ქართველოლოგია: წარსული, აწმყო და მომავალი“ გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „ივანე ჯავახიშვილის იუბილე ყველა უნივერსიტეტელისთვის, მთელი საქართველოსთვის მისალოცი თარიღია. ასეთი ადამიანები განსაკუთრებული მისიითა და ღვაწლით ხშირად არ იბადებიან. ივანე ჯავახიშვილის საქმიანობის გვირგვინი საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსება იყო. სამეცნიერო კონფერენცია საიუბილეო ღონისძიებების ერთ-ერთი რგოლია და, მნიშვნელოვანია, რომ მასზე ძალიან საინტერესო ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა.“
სამეცნიერო კონფერენციაზე შედგა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-10 ტომისა და ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომების მე-3 ტომის პრეზენტაცია.
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო ღონისძიებები უნივერსიტეტში 15 აპრილს დაიწყო. კასპის რ-ნის სოფელ ხოვლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „სურათები ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომიდან“ პრეზენტაცია. 23 და 25 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, თსუ-ში გაიხსნა გამოფენა „ივანე ჯავახიშვილის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა“, გაიმართა ყოველწლიური სამეცნიერო და სტუდენტური ფორუმი, რომლზეც გამოვლინდნენ საუკეთესო მოხსენებების ავტორი პროფესორები და სამივე საფეხურის სტუდენტები. შედგა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის „მათ შექმნეს უნივერსიტეტი - ფილმი I. ივანე ჯავახიშვილის “ ჩვენება, სოფელ ხოვლეში გაიმართა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ღონისძებები.
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეები თსუ-ში 25 აპრილს დასრულდა.