ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-07

თსუ და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი ერთობლივ სამეცნიერო და სასწავლო პროგრამებს განახორციელებენ

თსუ და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი ერთობლივ სამეცნიერო და სასწავლო პროგრამებს განახორციელებენ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. უნივერსიტეტები ერთობლივ სამეცნიერო და სასწავლო პროგრამებს განახორციელებენ ინჟინერიის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ბიომეცნიერების მიმართულებით. სტუდენტების ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კვლევითი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორი პერიკლეს მიტკასი, თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი, საქართველოს კონსული საბერძნეთის რესპუბლიკაში მუხრან გულაღაშვილი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი დიმიტრის ფოტიადისი  მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, თესალონიკის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტია, რომელიც ახორციელებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროგრამებს, "ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ თანამშრომლობას დაედო საფუძველი დღევანდელი შეხვედრით, ჩვენ შევთანხმდით სტუდენტთა გაცვლაზე და ვფიქრობ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორის პერიკლეს მიტკასის თქმით, მემორანდუმის საფუძველზე, თსუ და თესალონიკის უნივერსიტეტი ერთობლივად იმუშავებენ კვლევის და განათლების მიმართულებით. „მოხარულები ვართ, რომ ვიმუშავებთ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტთან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თესალონიკის   უნივერსიტეტი  უდიდესია  საბერძნეთში, ის  გახლავთ  კვლევითი უნივერსიტეტი სადაც  ყოველწლიურად ასობით სტუდენტს ვიღებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყიდან ერასმუსის პროგრამით, მოხარულები ვიქნებით, თქვენი უნივერსიტეტისდანაც მივიღოთ სტუდენტები, ჩვენი სტუდენტები  კი  თქვენთან გამოვგზავნოთ".







Print

« იხ. ყველა სიახლე