ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-05-11

ევროპის დღეები 2018

ევროპის დღეები 2018
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები ქლერ მუდი, მიჰაილ გალერი და რომან სტრასერი შეხვდნენ.

შეხვედრაში მონაწილეობდა თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე. მისი თქმით, - „სტუდენტების მხრიდან საინტერესო კითხვები დაისვა და აქტუალური საკითხები წამოიჭრა. სტუდენტების კითხვებზე პასუხები სტუმრების მხრიდან იყო ამომწურავი. ასეთი შეხვედრები  ევროკავშირისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.

შეხვედრაზე სტუმრებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესზე და იმ მიდგომებსა და მოსაზრებებზე, რომელებიც ევროკავშირში არსებობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. 

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გავსაუბრებოდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ ვართ საქართველოში. თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, გაგვეგო სტუდენტების მოლოდინები, თუ რას ელიან ისინი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებისგან. ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა და სტუდენტებიც კმაყოფილები დარჩნენ ჩვენთან საუბრით,“ -  აღნიშნა ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრმა ქლერ მუდიმ.

თსუ საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტის, ვაჟა დათუაშვილის თქმით, სტუდენტებმა დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს. „დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, როგორც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ისე უნივერსიტეტის ჭრილში. სტუმრად გვყავდნენ მნიშვნელოვანი სტუმრები ევროპარლამენტიდან. სტუდენტებმა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმ მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი პასუხები მივიღეთ სტუმრებისგან და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ხშირად იქნება მსგავსი დისკუსიები“.

ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭო ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს. ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანია იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.     



Print

« იხ. ყველა სიახლე