ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-30

„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“

„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“
წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გამოცემის ავტორია “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.

„წიგნში აღწერილია ქართველი პატრიარქის პირველი ვიზიტი ივერონზე. ბევრი მასალა, რომელიც მოცემულია და აღწერილია ამ წიგნში არის უნიკალური, მათ უმრავლესობას პირველად გაეცნობა ფართო საზოგადოება. სწორედ, ამან გამოიწვია საზოგადოების დიდი ინტერესი ამ გამოცემისადმი,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ

„ათონი - პატრიარქის გაზაფხული“ ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ვიზიტს, რომლის დროსაც მან ასევე მოინახულა დიდი ლავრისა და ქსეროპოტამის მონასტრები. ილია II იყო პირველი ქართველი პატრიარქი, რომელიც ათონის მთას ეწვია და ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი მოილოცა. წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.

„მე-10 საუკუნიდან მოყოლებული არც ერთი ქართველი პატრიარქი არ ყოფილა ჩაბრძანებული ათონის მთაზე. ილია მეორე იყო პირველი უმაღლესი სასულიერო პირი, რომელმაც მოილოცა ივერონის მონასტერი და ივერიის ღვთისმშობლის ხატი. წიგნში მოცემულია მოკლე ინფორმაცია სწორედ ამ ვიზიტის შესახებ და ჩემ მიერ გადაღებული სურათები, რომელიც ასახავს პატრიარქის ვიზიტს ათონის მთაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანია რამდენიმე ფოტო, რომელიც პრაქტიკულად არსად არ გამოქვეყნებულა;  ეს გახლავთ თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი და ექვთიმე მთაწმინდელის სახარება, რომელიც დაცულია ივერონის მონასტერში. ამ მონასტერში ინახება 30 000-მდე ხელნაწერი, უნიკალური ნივთები, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის,“- აღნიშნა წიგნის ავტორმა ზვიად ჭუმბურიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, „წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში არამხოლოდ იმიტომ გაიმართა, რომ ავტორი გახლავთ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, არამედ იმიტომაც, რომ ეს წიგნი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი სტუდენტებისთვის, რამეთუ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უზენაეს ღირებულებათა დამკვიდრებაში და ჩვენი სტუდენტების განათლებაში“

ათონის მთას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილი უკავია. ივერიის ქართველთა მონასტერი მე-10 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით ქართული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი იყო. სწორედ ამ ცენტრმა განსაკუთრებულად დაახლოვა საქართველო ევროპულ ღირებულებებსა და კულტურასთან. აღსანიშნავია, რომ ივერონის მონასტერში უნიკალური საცავი არსებობს, რომელშიც ასობით იშვიათი ხელნაწერი და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები ინახება. გამოცემაში ასევე წარმოდგენილია თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგისა და ექვთიმე მთაწმინდელის ხელნაწერი სახარების ამსახველი ფოტოები. ეს უნიკალური რელიკვიები ნაწილია იმ დიდი ეროვნული განძისა, რომელიც ივერონის საცავშია დაცული.   

წიგნის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულებაა მომავალ თაობებს შემოუნახოს ინფორმაცია ათონის მთაზე პატრიარქის ამ ისტორიული ვიზიტის შესახებ.



Print

« იხ. ყველა სიახლე