ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-11-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და IPEC შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და IPEC შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან IPEC-ში, ასევე ისარგებლებენ შეღავათებით ცენტრის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელმა, თსუ პროფესორმა ვასილ გონაშვილმა მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ყალიბდება IPEC-სა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. „ეს იქნება სტაჟირება, ტრენინგების პროგრამა ყველა მიმართულებით, რომელიც შეიძლება საინტერესო გახდეს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ნებისმიერი სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. მივესალმებით ასეთ ურთიერთობას მესამე სექტორთან და მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აკადემიურ პროექტებსა და ღონისძიებებს. თანამშრომლობის ეტაპები მოიცავს IPEC-ის მხარდაჭერას უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში.

ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელის ვასილ გონაშვილის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან შეღავათებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. „ჩვენ მათ შევძენთ დამატებით ცოდნას, პრაქტიკული უნარ-ჩვევებს ყველა მიმართულებით, რომელიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი დაწყებული იურიდიული სფეროთი, ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის, ფსიქოლოგიის მიმართულებით და ა.შ. ამაში დაგვეხმარება ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან გამოცდილი გუნდი პროფესორ-მასწავლებლების, პრაქტიკოსი იურისტები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები“.

ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრი უზრუნველყოფს ევროპაში აპრობირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების მომზადებას სხვადასხვა პროფესიულ საკითხებში დისკუსიების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების სახით.

Print

« იხ. ყველა სიახლე