ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-08

ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი

2016   წლის  10   ივლისს   საქართველოს   იუსტიციის   უმაღლეს   სკოლაში ოჯახში   ძალადობის   თემაზე იმიტირებული   სასამართლო პროცესის ტურნირის ფინალი გაიმართება.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი. ღონისძიება იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრთან (IRC), ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU)  და საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტთან (GIPA) პარტნიორობით.
ღონისძიების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო აკადემიური დებატის წახალისება საქართველოში და სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება და სტუდენტების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
ტურნირის ფინალში საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტებისგან შემდგარი 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ფინალი საქართველოში საერთაშორისო სამართლის კვირეულის ფარგლებში იმართება.
ფინალის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სხვადასხვა ჯილდოს გადასცემს გაეროს ქალთა ფონდი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის სახელმწიფო ფონდი, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი კი 4 საუკეთესო მონაწილეს ევროკავშირის დაფინანსებულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით დაასაჩუქრებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე