ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-15

ზამთრის სკოლა: „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“

ზამთრის სკოლა - „კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებებში“ - გაიმართება 2013 წლის 17–26 თებერვალს. 10 დღის განმავლობაში ჩატარდება ლექციები და გაიმართება დისკუსიები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სკოლას ორგანიზებას უწევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება.

კრიტიკული აზროვნება ერთ-ერთი ახალი მოდულია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც კონცენტრირდება ადამიანების ინდივიდუალური და სოციალური მახასიათებლების განვითარებაზე. კრიტიკული აზროვნება გულისხმობს ადამიანის უნარს, ჩაერთოს რეფლექსურ და დამოუკიდებელ აზროვნებაში. ამ პროექტის მიზანი სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარებაა, რაც გულისხმობს საკითხის კრიტიკული შეფასებისა და მასზე რეფლექსიის სტიმულირებას.

ზამთრის სკოლაში მონაწილეობას 50 სტუდენტი მიიღებს, მათგან 30 იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტებიდან (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), ხოლო 20 – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის III-IV კურსების სტუდენტებს.

სკოლაში პედაგოგებად მოწვეულნი არიან თსუ და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ცნობილი მეცნიერები, აგრეთვე, ორი უცხოელი პროფესორი ფრანკფურტის (გერმანია) და ჰელსინკის (ფინეთი) უნივერსიტეტებიდან.

ზამთრის სკოლის დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს (ესსეს და ტესტის საფუძველზე). სტუდენტების ნაშრომებიდან ამორჩეული 5 საუკეთესო ესსე კი შევა სახელმძღვანელოში „კრიტიკული აზროვნება“.

სტუდენტებისთვის ზამთრის სკოლა უფასოა. ანაზღაურდება ყველა სტუდენტის კვება და ტრანსპორტირება. ვინაიდან ზამთრის სკოლა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება, რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების დაბინავება საოჯახო სასტუმროში (ჰოსტელში) მოხდება და ხარჯს ზამთრის სკოლის პროექტი დაფარავს.
სტუდენტებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ამ მისამართზე.


აპლიკაციას სტუდენტმა უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

1.    პირადობის მოწმობის ასლი
2.    ცნობა უნივერსიტეტში სწავლის შესახებ
3.    ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
4.    ესსე

დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის, ლექციების, სააპლიკაციო პროცესის და მოთხოვნების შესახებ იხ. მიბმულ დოკუმენტში (აღნიშნულ ფაილში შემდეგი დოკუმენტებია: I. ზამთრის სკოლის შესახებ; II. სალექციო თემები ზამთრის სკოლაში; III. ზამთრის სკოლის მონაწილეების შერჩევა).

განაცხადის მიღების პერიოდი დასრულდება 31 იანვარს. 31 იანვრის შემდეგ აპლიკაციაზე წვდომა სტუდენტებს აღარ ექნებათ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე:
tsuwinterschool@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 599 92 19 44.
Print

« იხ. ყველა სიახლე