ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-07

თსუ-ს ფუტსალის გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე!

7 ივლისს, 16.00 საათზე,  ქ. ციურიხში (შვეიცარია) გაიმართება უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომლის ტრანსლაცია განხორციელდება თსუ სააქტო დარბაზში დიდ ეკრანზე. კენჭისყრაზე გაირკვევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფუტსალის პროფესიონალური გუნდის მეტოქეები ევროტურნირზე.

თსუ ფუტსალის პროფესიონალურმა გუნდმა საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგაში მთელი წლის მანძილზე წარმატებით იასპარეზა და დამარცხების გარეშე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის წოდება.

სპორტის ამ სახეობაში თსუ-ს დიდი ტრადიციები აქვს.  წლების მანძილზე გუნდი ასპარეზობდა უმაღლეს ლიგაში. სხვადასხვა წლებში თსუ-ს გუნდი გახდა საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის სამგზის მესამე და ორგზის მეორეადგილოსანი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი. მიმდინარე წელს კი, უნივერსიტეტის გუნდმა გაიმარჯვა - გახდა საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება. ჩემპიონთა ლიგაზე ევროპის საუკეთესო კლუბები იქნებიან წარმოდგენილნი.      

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე   

წარმატებები თსუ-ს  ფუტსალის გუნდს!





Print

« იხ. ყველა სიახლე