ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-30

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2015 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (3 ნოემბერს, 18:00 საათზე) გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს.

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად გრანტების გაცემის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4 - 10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე