ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-08-26

მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში

29 აგვისტოს 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში.

ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" უკვე მეშვიდედ ტარდება, მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. კონფერენცია ყოველ მეორე წელს ტარდება. 2010 წლიდან სკოლა-სემინარს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი შემოუერთდა.

2014 წელს საიუბილეო ღონისძიება “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიმართა, სადაც შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიღწევები. 2015 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას. მიმდინარე ღონისძიებაზე ასევე დაგეგმილია პირველი, ე.წ. სმარტ ლაბის (SMART|EDM_Lab) დაფუძნების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.

პროგრამის დეტალები იხილეთ ბმულზე

"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" 2 სექტემბერს დასრულდება.



Print

« იხ. ყველა სიახლე