ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-07

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ წინაშესარჩევი ტური

ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი (გერმანია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამისთვის „დიგიტალური ჰუმანიტარია“ დოქტორანტობის კანდიდატების შესარჩევად და მოსამზადებლად.

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი ფინანსდება გერმანული სამეცნიერო ფონდის ფოლკსვაგენ შტიფტუნგის (Volkswagenstiftung) მიერ და ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიაში კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას „დიგიტალური ჰუმანიტარიის“ სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში დამთავრებული აქვს სამაგისტრო პროგრამა (ან დაამთავრებს 2017 წლის 1-ელ  სექტემბრამდე) შემდეგი მიმართულებით:  ფილოლოგია (ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდენობა, თარგმანმცოდენობა, ლექსიკოგრაფია...), ისტორია (სიძველეთმცოდენობა, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევები), საზოგადოებათმცოდნეობა (სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, პოლიტოლოგია) ფოკუსით კავკასიის რეგიონზე.

საბუთების შემოტანა შეუძლიათ იმ დოქტორანტებსაც, რომელთაც ჯერ კიდევ არა აქვთ დასრულებული დისერტაციაზე მუშაობა და სურთ დიგიტალური ჰუმანიტარიის კონტექსტში განახორციელონ კვლევა.

კონკურსის პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):
1.ბიოგრაფია (CV)
2.მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (ან მაგისტრატურაში/დოქტორანტურაში  სწავლის დამადასტურებელი ცნობა).
3.სადოქტორო ნაშრომის სავარაუდო სათაური და საკვლევი თემის მოკლე აღწერილობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს საკვლევი თემის დიგიტალური მეთოდებით დამუშავების უპირატესობა (2 გვერდი).
4.სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობის წერილი ან სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის დახასიათება.
5.დიგიტალურ ჰუმანიტარიაში (ან სპეციალობისათვის რელევანტურ თემასთან მიმართებაში) სეზონურ სკოლებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).  
6.ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვაში). კონკურსანტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ ინგლისური ენის სერტიფიკატის წარმოდგენას, ჩატარდება ტესტირება ენის ცოდნის დონის დასადგენად.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციის პირველ საფეხურს გაივლიან პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ვორკშოფებზე, რომლებიც გაიმართება  თსუ-სა და ბსუ-ში (ქართულ ენაზე). პირველ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები კვალიფიკაციის მეორე ეტაპს გაივლიან ფრანკფურტის  გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში (ინგლისურ ენაზე).

კონკურსის პირველი ტურისათვის შეირჩევა 25 კანდიდატი.

კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 იანვარი. გთხოვთ საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: dunduanatia@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ  ნათია დუნდუას. ტელეფონი:+995555483993; +4917683465319
ელ ფოსტა: dunduanatia@gmail.com

საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის პროფესორ მანანა თანდაშვილთან (ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია) გაიმართება 20 დეკემბერს, 13 საათზე , თსუ-ს  107-ე  (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორიაში.



Print

« იხ. ყველა სიახლე