ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-14

ბაკურიანის ზამთრის სკოლა თემაზე "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები"

ბაკურიანის ზამთრის სკოლა თემაზე "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები"
18-24 თებერვალი, 2014 წელი





    2014 წლის 18-24 თებერვალს ბაკურიანში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა (საქართველო) და მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის (გერმანია) ორგანიზებით გაიმართება ზამთრის სკოლა თემაზე: "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები". პროექტის ავტორები და ხელმძღვანელები არიან პროფ. დარეჯან თვალთვაძე და პროფ. მანანა თანდაშვილი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
   ბაკურიანის ზამთრის სკოლა საშუალებას მისცემს თსუ-სა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, გაეცნონ ქართული ენის კორპუსის შექმნის მეთოდოლოგიურ პრინციპებს, კორპუსზე ორიენტირებული კვლევების თეორიულ საფუძვლებს და აითვისონ დიგიტალური კვლევის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ბაკურიანის ზამთრის სკოლა ასევე მიზნად ისახავს ქართველოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონული სასწავლო გარემოს შესაქმნელად ონლაინ სწავლების ინოვაციური სისტემის OLAT-ის ( OLAT Online Learning And Training) შესაძლებლობების გაცნობას და სწავლების ახალი ფორმატის eLecture-ს (ელექტრონული ლექციები) დანერგვას.
   ბაკურიანის ზამთრის სკოლის პროგრამის ფარგლებში სალექციო კურსებს წაიკითხავენ პროფესორები მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტიდან (გერმანია): პროფ. იოსტ გიპერტი, პროფ. მანანა თანდაშვილი, დოქტ. ზაქარია ფურცხვანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო): ასოც. პროფ. თინათინ მარგალიტაძე, ასოც. პროფ. ნინო შარაშენიძე, ასოც. პროფ. ლელა ციხელაშვილი. აგრეთვე ფილოლოგიის დოქტორები: მარინე ბერიძე და ქეთევან გოჩიტაშვილი.
  ბაკურიანის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესის სასწავლო დაწესებულებების ჰუმანიტარული მამართულების სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ბაკალავრიატის პროგრამით გათვალისწინებული მინიმუმ ოთხი სემესტრის პროგრამა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე ჰუმანიტარული მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს. ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ბაკურიანის ზამთრის სკოლისათვის შეირჩევა 34 სტუდენტი (მათგან 17 – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და 17 – საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან). რეგისტრაციის ვადები: 2014 წლის 15 იანვარი – 3 თებერვალი.
      ბაკურიანის ზამთრის სკოლის მონაწილეთათვის სრულად დაფინანსდება სასტუმროს, კვებისა და ტრანსპორტირების (თბილისი-ბაკურიანი-თბილისი) ხარჯები.

ბაკურიანის ზამთრის სკოლის საორგანიზაციო ჯგუფი

საკონტაქტო პირი:
ეკა კვირკველია (ტელ.: 593660770, ელფოსტა: digital.humanities@tsu.ge)





Print

« იხ. ყველა სიახლე