ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-08

საზაფხულო სკოლა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში

11 ივლისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით საზაფხულო სკოლა გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში იწყება. პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. საზაფხულო სკოლა 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

სეზონური სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგის და მომიჯნავე სპეციალობების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტების პროფესიულ ზრდას და კვალიფიკაციის ამაღლებას, ბიოტექნოლოგიური კვლევის სხვადასხვა მიმართულებით ინტენსიური ერთკვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის გზით. სეზონური სკოლა მიზნად ისახავს დაანახოს მომავალ მეცნიერებს ბიოტექნოლოგიის დარგში სამეცნიერო კვლევების პოტენციალი კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის გზაზე ადამიანისა და გარემოს სასიკეთოდ.

საზაფხულო სკოლის მსმენელები არიან თსუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, კერძოდ:  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (საუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი),ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (აწსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ) და  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თესაუ).

გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საზაფხულო სკოლის თანამონაწილეები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის, ალკალას უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და შპს ღვინის ლაბორატორია.

იხ. დანართი.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 307-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე