ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-11-05

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "ისტორიული რეპრეზენტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები"

16-17 ნოემბერი, 2012, თბილისი

ცნობილია, რომ ისტორიული რეპრეზენტაციის საგანი, ისევე როგორც კვლევის მეთოდები და სტილი, ისტორიოგრაფიული  ნარატივების შინაარსი და სტრუქტურა, სოციალური ფუნქცია იცვლება ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. აღნიშნული ფაქტი სათანადოდ გაცნობიერებულ იქნა მხოლოდ გასულ საუკუნეში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი. ამ დროიდან ისტორიკოსებს აინტერესებთ არა მარტო იმის გარკვევა, თუ რა მოხდა წარსულში, არამედ პასუხიც კითხვებზე, რომლებიც უკავშირდება თავად ისტორიული რეპრეზენტაციის ბუნებას. როგორ აღიწერებოდა წარსული, როგორ აღიწერება ის ახლა, როგორ უნდა აღიწეროს მომავალში?
კონფერენციის მიზანს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს.
    კონფერენციის ორგანიზატორებს შესაძლებელად ესახებათ აღნიშნული მიზნის მიღწევა, თუკი გადაიჭრება შემდეგი ამოცანები:
ა) უნდა ერთმანეთთან შედარდეს სხვადასხვა კონკრეტულ მონაცემზე დაფუძნებული კვლევა; ბ) დამუშავდეს ისტორიული გამოკვლევის ზოგადი პრობლემატიკა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხსენება შეიძლება ეძღვნებოდეს: 1) კონკრეტულ ისტორიულ კვლევას, გარკვეულად განმაზოგადებელი, ისტორიოგრაფიული რეფლექციის შემცველი დასკვნით;  2) ისტორიული რეპრეზენტაციის თეორიულ პრობლემატიკას და თანამედროვე ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციების ანალიზს.
    საერთაშორისო კონფერენცია სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი დაწესებულების მეცნიერთა მონაწილეობით შექმნის იდეების გაცვლისა და თანამშრომლობისათვის სათანადო ატმოსფეროს. აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დიდი ღვაწლი ისტორიოგრაფიაში ხელს შეუწყობს ფართო სამეცნიერო წრეების დაინტერესებას კონფერენციით და ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტას.
კონფერენციის მოსალოდნელი შედეგებია:
    ა) ისტორიული დისციპლინის თეორიული განვითარებისთვის ხელისშეწყობა და კონკრეტულ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების ფართო ისტორიულ კონტექსტში ჩართვა და გააზრება;     ბ) ქართული ისტორიოგრაფიის მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ისტორიკოსთა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართველ და უცხოელ კოლეგათა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბება და გაღრმავება;    გ) ისტორიის დარგში ერთობლივი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და მომზადება; დ) ერთობლივი ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო-გაცვლითი პროგრამების მომზადება.
    კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. მოხსენების რეგლამენტია 15 წუთი.
     კონფერენციის მონაწილენი განთავისუფლებულნი იქნებიან საკონფერენციო გადასახადისაგან და უფასოდ მიიღებენ თეზისების კრებულს.
კონფერენციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2012 წლის  25 სექტემბრამდე გადმოაგზავნოთ თქვენი CV და მოხსენების  თეზისები ერთ გვერდზე ქართულად და ერთ გვერდზე ინგლისურად (ფონტი სილფაინი, ზომა 11, სტრიქონებს შორის ინტერვალი 1) შემდეგ მისამართზე mary.chkhartishvili@gmail.com
პასუხი პროგრამაში მოხსენების ჩართვის შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ სექტემბრის ბოლომდე.   

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

იხილეთ კონფერენციის ვებ-გვერდი.

Print

« იხ. ყველა სიახლე